ეკონომიკა

მთავრობამ თხილის საწარმო ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადასცა

29 აგვისტო, 2015 • 1278
მთავრობამ თხილის საწარმო ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადასცა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიხსნა და მეიჯარეს სიმბოლურ ფასად, წელიწადში 1 ლარად გადაეცა.

 

კოოპერატივი “დარჩელის თხილი” 542 ფერმერს აერთიანებს.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საწარმოში მათ დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება შეუძლიათ, ხოლო იჯარის დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, კოოპერატივი უფლებამოსილია საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაცემა.

 

საწარმო 29 აგვისტოს სოფლის მეურნებობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ “მეწარმისთვის, გლეხისთვის თუ ფერმერისთვის  წარმატებული, თანამედროვე, განვითრებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის უალტერნატივოა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანება”.

 

“კოოპერაციის განხორციელებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ფერმერებს/გლეხებს, მეწარმეებს მინიმალური დანახარჯით მიიღონ მაქსიმალური შედეგი – დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, შეუმცირდეთ დანახარჯები, გაეზარდოთ მოსავლიანობის მაჩვენებელი. სახელმწიფო პროგრამები მიმართულია ქვეყანაში  კოოპერაციის წახალისებისთვის.  დარჩელის თხილის საწარმო, რომლის აშენებაც თვენახევარში გახდა შესაძლებელი, სწორედ  ამის ნათელი მაგალიათია“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

 

საწარმოს გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის დადგენილებით ა.წ. 10 ივნისიდან დაიწყო „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურენეობის სამინისტრო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.

 

თხილი საქართველოს საექსპორტო საქონელს შორის  მეოთხე ადგილზეა. 2014 წელს ექსპორტზე 183 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, წელს კი [იანვარ-ივნისში] საქართველოდან უკვე 74 მილიონი აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული.

თხილი
თხილი

მასალების გადაბეჭდვის წესი