სამინისტროს ინფორმაციით, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გუშინ, 20 აგვისტოს გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი თბილისში, ჭონქაძის 21-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3841 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 5549,03 კვ.მ შენიბა- ნაგებობების პრივატიზების მიზნით.
ეკონომიკის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელსაყრელია როგორც დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაყიდვების სამსახურის უფროსმა სოფიო ჭელიძემ განაცხადა, რომ ამ ქონებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
ელექტრონული აუქციონი 18 სექტემბერს, 17:00 საათზე დასრულდება.
ჭონქაძის 21–ში მდებარე შენობა
შენობაში, რომელიც ჭონქაძის 21–ში მდებარეობს, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეული იყო განთავსებული. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ თოიძის ლიცეუმსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელშეკრულება 2007 წელს დაიდო, რის შემდეგაც ლიცეუმს შენობით სარგებლობის უფლება მიენიჭა.
2011 წლის ამონაწერში კი შენობით მოსარგებლედ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია ფიქსირდება, 2014 წლიდან კი მესაკუთრე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.