ეკონომიკა

რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი

3 ივნისი, 2015 • • 3085
რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი

კომპანია “აგრო ექსპორტ ჯორჯიამ”, რომელიც ზუგდიდში ოპერირებს და თხილის შესყიდვას და გადამუშავებას ახდენს, ევროკავშირის ბაზარზე 1%-ით გაზარდა ექსპორტის მოცულობა:

 

“ევროპასთან ასოცირება იმას ნიშნავს, რომ განბაჟება ნულოვანი გახდა. მაგალითად, თურქეთი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას 1 კილოგრამ თხილზე ბაჟს 3,15 დოლარს იხდის. 2015 წელს თხილი ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა  და გერმანიაში გავიტანეთ. 1 კგ თხილი 15 აშშ დოლარი ღირდა. სულ  1 500 ტონის გატანა შევძელით,”  – განაცხადა კომპანიის მფლობელმა ამბაკო ქუხილავამ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 45 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კაკალი გავიდა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 35 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

 

კაკლის შემდეგ პროდუქტების ხუთეული, რომლებიც ევროკავშირში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა საქართველოდან, ასე გამოიყურება: მადნები და კონცენტრატები სპილენძის (დაახლოებით 41 მლნ აშშ დოლარი), სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი (დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარი), ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან (დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარი) და ფეროშენადნობები (დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარი).

 

2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 600 ათასი აშშ დოლარითაა შემცირებული ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-მარტში ევროკავშირში საქართველოდან დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელი აქვს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს.

 

თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, “სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული ნაყოფის და მცენარის სხვა ნაწილების” ექსპორტი, ასევე, 189 ათასიდან 734 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა ბოსტნეულის (სხვა, ახალი ან შეყინული) ექსპორტი, მათ შორისაა მწვანილი.

 

“ჰერბია” მწვანილს აწარმოებს. კომპანია  GLOBAL GAP-ის  სერთიფიკატს (რომელიც ევროკავშირის ბაზარზეა აღიარებული) 2008 წლიდან ფლობს, თუმცა პროდუქცია უკრაინაში და რუსეთში გაჰქონდა.

 

“2015 წლის ზამთარში პროდუქცია ექსპორტზე გავიტანეთ ბულგარეთში, გერმანიასა და პოლონეთში. ბარიერი არ გვქონია. ბიზნეს-პარტნიორები თვითონ მოვძებნეთ. ფასს და მოცულობას არ გავასაჯაროებ. ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებამ ევროპის ბაზარზე გასვლის მეტი შანსი მოგვცა,” – განაცხადა “ჰერბიას” დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

“მცენარეული სურსათის, მინერალური წყლების, ღვინის ექსპორტი ევროკავშირში ადრეც ხორციელდებოდა. გაცილებით მარტივია ევროკავშირის მიდგომები ამ პროდუქტების მიმართ და სიმძლავრეებიც იზრდება. ცხოველური წარმოშობის სურსათის (ხორცპროდუქტები, თევზი, ფრინველის ხორცი, რძის ნაწარმი, თაფლი) პროდუქტების მიმართ ევროკავშირის მოთხოვნები და ბაზრის სტანდარტი არის ძალიან მაღალი,” – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

როდის გაიხსნება საქართველოდან ცხოველური საკვების ექსპორტისთვის ევროკავშირის ბაზარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ აკონკრეტებს. ევროკომისიამ საქართველოდან თაფლის და შავი ზღვის ქაფშიას ექსპორტზე საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა პროდუქციის  გატანისთვის საჭირო  პროცედურები ამ დრომდე არ დასრულებულა.  

 

“ბიზნესი გვიკავშირდება,  ქვეყნიდან განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქციის გატანა სურთ. ევროკავშირიდან ამას ოფიციალური აღიარება სჭირდება. გვაქვს მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, როგორ უნდა მოხდეს კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის სფეროში კონტროლის სისტემის დაახლოება ევროპულ მოთხოვნებთან, რომ როგორც ცხოველურ, ისე არაცხოველურ პროდუქტებს გაეხსნათ გზა,”-  ამბობს სოხაძე.  

 

კომპანიას “ზღვის პროდუქტები”, რომელიც ფოთში მდებარეობს და თევზის ფქვილს აწარმოებს, ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექპორტი სურს. საწარმოს მფლობელი დავით კვანტალიანი ამბობს, რომ შესაბამისი ნებართვა ჯერ ვერ მიიღო:   

 

“10 წელია  გაგვაქვს თურქეთში თევზის ფქვილი, რომელიც თევზის საკვების დასამზადებლად გამოიყენება. იმ საქონლის ექსპორტი, რასაც სჭირდება ვეტერინარული სერტიფიკატი, ევროკავშირის ქვეყნებში ვერ ხორციელდება. სურსათის უვნებლობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ მიმართულებით, ევროკაშირთან საკანონმდებლო და ტექნიკური დაახლოება შემოდგომაზე დასრულდება.”

 

საკუთარი პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე უჭირთ სამკერვალო კომპანიებსაც. მაგალითად, კომპანია “ბათუმი ტექსი” ევროკავშირის ბაზარზე ტექსტილის ნაწარმის ექსპორტს ვერ ახორცილებს:

 

“თურქეთში გაგვაქვს ნაწარმი. გვქონდა საამქრო, რომელიც სპეციალიზირებული იყო მამაკაცის პერანგებზე. ქსოვილი იყო ჩინური. წარმოშობად ითვლებოდა საქართველო, მაგრამ ევროსერტიფიკატი ვერ ავიღეთ, რადგან მოთხოვნა იყო, რომ ნაწარმი ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით შეგვეკერა,”- უთხრა “ნეტგაზეთს” კომპანიის ლოჯისტიკის მენეჯერმა.

 

ახლა “ბათუმი ტექსი” თურქული კომპანია “ნოუ პროფაილის”  შეკვეთით  ბრიტანული “მარკ სპენსერის” შეკვეთას ასრულებს. პროდუქცია გადის თურქეთში და შემდეგ ლონდონში იყიდება.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე 169,909.9 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა. 2014 წლის პირველ კვერტალში ეს მაჩვენებელი 140,340.4 მლნ აშშ დოლარი იყო. ექსპორტი თითქმის 30 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, თუმცა გატანილი პროდუქციის ნუსხა წინა წლებთან შედარებით არ შეცვლილა.

საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მიხედვით 2015 წლის პირველ კვარტალში ბულგარეთი (51 მლნ აშშ დოლარი) ლიდერობს. მეორე ადგილზეა იტალია (24 მლნ აშშ დოლარი), მესამეზე ნიდერლანდები (18,7 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ გერმანია (18,5 მლნ აშშ დოლარი), მეხუთეზე კი ბელგია (9მლნ აშშ დოლარი).

 

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 30%-ია, დსთ-ს ქვეყნებში 36%, ხოლო 34% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.   

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა ხელი. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება(DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. DCFTA–ის ფარგლებში რეგულირდება საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი