“ბიუ–ბიუს” მწარმოებლის, კომპანის “ჩირინას” ადვოკატის, გიორგი გეწაძის თქმით, ნედლი ქათამი (გაუყინავი ქათამი), ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის 303/ნ ბრძანებით, უნდა იყოს შენახული 2–დან 6 გრადუსამდე და მისი შენახვიდს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
“ღამის 3 საათზე ფერმებში შედიან ჩვენი თანამშრომლები და გამოყავთ ქათმები, 5 საათზე იწყება მათი დაკვლა და დილის 8 საათზე უკვე გადის მაღაზიაში. ისე ხდება დაკვლა, რომ ყოველდღე იყოს ახალი ხორცი და შესრულდეს კანონი ნედლი ქათმის რეალიზაციის შესახებ,”– ამბობს შპს “ჩირინას“ დირექტორი რევაზ ვაშაკიძე,
კომპანიის ადვოკატის თქმით, ქათმის ყოველდღიურად დაკვლა და ყოველდღიურად ქსელის ნედლი ქათმით მოამარაგება წარმოების, ენორგომატარებლების და ადამიანურ რესურსების თვალსაზრისით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ის ამბობს, რომ კონკურენტი საწარმო Beypiliç ასე არ იქცევა და მის მიერ გამოშვებული ნედლი ქათამი წარმოებიდან საბოლოო ვადამდე 48 საათს აღემატება. ადვოკატი აცხადებს, რომ პროდუქტზე არის მხოლოდ გადაფუთვის თარიღი და საბოლოო ვადა არის მითითებული, რომელთა შუალედიც 4–5 დღეს შეადგენს.
გარდა ამისა, გიორგი გეწაძის თქმით, დარღვეულია პროდუქტის ეტიკეტირების წესი და წარმოების ვადა არ არის მითითებული.
სურათის ეროვნული სააგენტოს მოადგილის ცნობით, 2014 წელს ამ კომპანიიდან 109 ტონა პროდუქტი არის შემოსული.
“ბიუ–ბიუს” ადვოკატის მტკიცებით, თურქი მწარმოებელი შესაბამისობაში არ მოდის ქართულ კანონმდებლობასთან, რაც მას ქართულ მწარმოებლებთან არათანაბარ პირობებში აყენებს. გიორგი გეწაძის თქმით, Beypiliç–ს საწარმო საქართველოს საზღვრისგან შორს, სტამბულის მახლობლად მდებარეობს, რაც ართულებს იმას, რომ პროდუქცია საქართველოს მარკეტებში წარმოებიდან 28 საათის ფარგლებში განთავსდეს.
“თვითმფრინავითაც რომ გადმოზიდონ ეს პროდუქცია, საქართველოში განბაჟება, სუპერმარკეტებში შეტანა, მისი რეალიზაცია შეუძლებელია,”– ამბობს ის.
“თუ ასე გაგრძელდა და არაკონკურენტუნარიანი გარემო შენარჩუნდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თურქი მწარმოებლები გაზრდიან შემოტანას, იმიტომ, რომ როცა უნდათ, მაშინ აწარმოებენ, რამდენ ვადასაც უნდათ, იმას უთითებენ და ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მე რომ ვიყო მწარმოებელი, მე შემოვიტანდი რაც შეიძლება მეტ პროდუქციას,“– განაცხადა გეწაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.
მომართვა არათანაბარი კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილეს, სადაც მონაწილეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც იღებდნენ. სააგენტოს უფროსის მოადგილის, თენგიზ კალანდაძის თქმით, ვადას როგორც საქართველოში, ასევე მთელი ევროპის მასშტაბით თავის პროდუქციაზე თვითონ მწარმოებელი ადგენს.
“ამ ტექნოლოგიურ პროცესს, მეცნიერულ კვლევას, ლაბორატორიულ კვლევებს და ასე შემდეგ ის უთანხმებს შემდეგ სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს, დასტურის შმეთხვევაში დამტკიცდება მათი სტანდარტული დოკუმენტაცია და ტექნიკური რეგლამენტი, სახელმწიფო ამას აღიარებს და შეუძლია უკვე იხელმძღვანელოს მეწარმემ თავის მიერ დადგენილი ვადებით,”– განაცხადა მან.
იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს შესაბამისი პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, თენგიზ კალანდაძის თქმით, მხოლოდ მაშინ არის სურსათის ეროვნული სააგენტოს სამოქმედო დოკუმენტი მინისტრის ბრძანება, როემლიც 48–საათიან ვადას ითვალისწინებს.
“ქართველ მწარმოებლებს შეუძლიათ გაიარონ ეს პროცედურა, რასაც ქვია ლაბორატორიული კვლევები და ტექნოლოგიური განახლების კუთხით გაახანგრძლივონ თავიანთი პროდუქციის ვადა,”– განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ.
კალანდაძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე მეწარმეს ერთი და იმავე პროდუქციის შემთვევაში სხვადასხვა ვადები შეიძლება ქონდეთ დადგენილი და ეს მათ ინტერესებზე არის დამოკიდებული.
“ბიუ–ბიუს” წარმომადგენელის მტკიცებით კი, მინისტრის ბრძანება არავითარ გამონაკლისს არ უშვებს, ამიტომაც თუ პროდუქციის ვადა ცდება 48 საათს, მაშინ ის უნდა განადგურდეს:
“მინისტრის ბრაძანებით არის განსაზღვრული, რომ ამ პროდუქტს აქვს 48 საათი ვადა და გაგრძელების შესაძლებლობას მინისტრის ბრძანება არ უშვებს,”– განაცხადა გიორგი გეწაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის გამარტებით კი, მათი ინსპექტორები ნამყოფი არიან თურქეთის ამ საწარმოში და შესწავლილი აქვთ დოკუმენტაცია. მისი თქმით, პროდუქციის ვადა შეთანხმებულია თურქეთის სახელმწიფო მაკონტროლებელ სამსახურთან, რაც ადასტურებს, რომ საწარმოში პროცედურები სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ადგილობრივი კომპანიები კანონის დაცვას ითხოვდნენ:
“ჩვენი შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ კანონის დაცვა მოხდეს მაქსიმალურად და არ იყოს დაშვებული ბაზარზე ისეთი პროდუქცია, რომელიც ექნება ნაკლები ნდობის ხარისხი და რომელიც გაუწევს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ადგილობრივ წარმოებას,”– განაცხადა ტყემელაძემ.
ტყემალაძის თქმით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხის შესასწავლის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართონ. მისი თქმით, გასარკვევია, თუ რამდენად იცავს კანონს სურსათის ეროვნული სააგენტო. ტყემალაძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სასურველია სამინისტრომ საკანონმდებლო წინადადებები წარმოადგინოს, ხოლო თუ კანონის აღსრულებაშია რაიმე დარღვევა, მაშინ მათი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევიან.