ევროკავშირის სტანდარტთან მიახლოება

 

ევროკავშირი საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს 4,5 მლნ ევროს 2-წლიან გრანტს გამოუყოფს. გრანტი მიზნად ისახავს საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან დაახლოებული ეფექტური სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის (SPS) მართვის სისტემის ჩამოყალიბებას.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების  (DCFTA) [რომელიც ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების] ფარგლებში,   სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან მიახლოების ვალდებულება აქვს აღებული.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ საქართველომ ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ევროკავშირთან მიახლოების პროცესი უკვე  დაიწყო.

 

მაგალითად, თუკი აქამდე კარტოფილის ხარისხი ადგილობრივ ბაზარზე გაურკვეველი იყო,  ახლა ის საზღვრების გარდა შიდა ბაზარზეც კონტროლდება.

კარტოფილი არის ერთ–ერთი  პროდუქტი, რომელზეც ფიტოსანიტარული კონტროლი  გამკაცრდა.

 

თუმცა ასოცირების ხელშეკრულებამდე საქართველოს მთავრობამ საკარანტინო მავნებლებისაგან საზღვრის დაცვის ვალდებულება ჯერ კიდევ 2007 წელს აიღო. ქვეყანა  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციას მიუერთდა, რითაც აიღო ვალდებულება, რომ  არ გაავრცელოს საკარანტინო დაავადება. კონვენცია ეხება მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს.

საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს   (სსუს) ინფორმაციით,  2014 წელის 6 თვეში იმპორტირებულია და უკან დაბრუნებულია 924,565 ტონა დაავადებული კარტოფილი  სომხეთში. 2013 წელს თურქეთში 250 820 კგ, ხოლო სომხეთში 1 546 415  ტონა  კარტოფილი დაბრუნდა. მათი ინფორმაციით, იმპორტირებულ კარტოფილში აღმოჩნდა განსაკუთრებით საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები: სოკოვანი დაავადება – კარტოფილის  კიბო Synchitrium endobioticum და ბაქტერიული დაავადება – Ralstonia solanacearum–ი.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2014 წელს ბოსტნეულზე კონტროლი როგორც საზღვარზე, ისე შიდა ბაზარზე უფრო მკაცრად ხდება: :   

 

“ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყანა ემზადება ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გასატანად. ევროკავშირს საკმაოდ რთული მოთხოვნა აქვს კარტოფილთან დაკავშრებით. კარტოფილი საკმაოდ სენსიტიურია, რადგან დიდია ალბათობა, რომ პროდუქტში ბაქტერიები და  საკარანტინო ნემატოდები [მრგვალი ჭიები —უმდაბლესი ჭიების  კლასი]  აღმოჩნდეს. თუ ფერმერები საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე კატოფილის გატანას გადაწყვეტენ, პროცესი ნიადაგიდან დახლამდე უნდა შემოწმდეს.  ”  – ამბობს ზურაბ ლიპარტია.

ადგილობრივი კარტოფილი მაღაზიის დახლებზე
ადგილობრივი კარტოფილი მაღაზიის დახლებზე

 

სურსათის უვნებლობა და მომხმარებელი

 

კარტოფილის ადგილობრივი წარმოება ნიადაგიდან დახლამდე ჯერ არ მოწმდება. ეს პროცესი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის სრულად ამოქმედების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყება.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ სააგენტოს უხარისხო პროდუქტისგან შიდა ბაზრის დაცვაში ევროკავშირი  ეხმარება.

“ევროკავშირის  დაფინანსებით რეგიონებში  საინფორმაციო პუნქტები შეიქმნა, სადაც ფერმერებს ნიადაგის დიაგნოსტიკა და  მიღებული პროდუქტის ხარისხის შემოწმება შეეძლებათ.“

 

სააგენტოში განმარტავენ, რომ ადგილობრივი მომხმარებელი უხარისხო პროდუქტების შესყიდისგან საკოლმეურნეო ბაზრებში, ჰიპერმრკეტებში და საუბნო მაღაზიებშიც დაცულია:  

 

“კარტოფილის შემთხვევაში შემოწმება ხდება სარეალიზაციო ობიექტებში, მაღაზიებში, ბაზრებში, ბაზრობებზე, საწყობებში. გარევაჭრობა ფიტოსანიტარულ კონტროლს არ ექვემდებარება, რადგან სამართალდარღვევაა და იმ ადგილებში, სადაც ვაჭრობა აკრძალულია, სახელმწიფო კონტროლი არ ხდება.”

 

გელა გოგიტიძე  თბილისში ხილ–ბოსტნეულით 10 წელია ვაჭრობს. ინდმეწარმე ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა 2014 წელს მხოლოდ ერთხელ შეამოწმა:

 

“ობიექტი ნახეს, ბოსტნეული ლაბორატორიში წაიღეს. ვიცოდი, რომ პრობლემა არ მექნებოდა, რადგან ხილ–ბოსტნეულს საკოლმეურნეო ბაზარში ვყიდულობ. იქ კი აქვთ შესაბამისი საბუთი, რომ ბოსტნეული უსაფრთხოა და ლაბორატორიული შემოწმება გავლილი აქვს.”

 

სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ კანონმდებლობა უწყებას ავალდებულებს, რომ ხილ–ბოსტნეულის მაღაზია წელიწადში გეგმიურად ერთხელ შეამოწმოს, ხოლო არაგეგმიურ შემოწმებებზე ლიმიტი უვადოა.

 

“შემოწმების შედეგად გაიცემა რეკომენდაციები შეუსაბამობებზე.  თუ კრიტიკულია შეუსაბამობა და სურსათი ვერ ჩაითვლება უვნებლად, საწარმოს უჩერდება საწარმოო პროცესი და ჯარიმდება 1000 ლარით. ამ ვითარების გამოსწორების შემდეგ ისევ მოწმდება და მხოლოდ ამის მერე ეძლევა მუშაობის უფლება. “

 

სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, რომ თუ ხილ–ბოსტნეულის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ არის სხვა შენიშვნები,  ბიზნესოპერატორს  რეკომენდაცია ეძლევა:

 

“შესაძლებელია, თითოეულ რეკომენდაციას განსხვავებული ვადა დაუწესდეს შესასრულებლად მეწარმესთან შეთანხმებით. მაგალითად, თუ 10 რეკომენდაცია მიეცა და ათივეზე განსხვავებული ვადები აქვს, 10-ჯერ შემოწმდება მომავალში”

 

რაც შეეხება სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს, მაღაზიების ქსელში  ხდება დოკუმენტური შემოწმება, ასევე, სურსათის ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევის შემთხვევაში ხდება მავნებელი, ვადაგასული სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება, ასევე მოქმედებს ადმინისტრაციული ჯარიმები.

 

პროდუქტის საბაჟო კონტროლზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურია პასუხისმგებელი.

 

სურსთის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყების თანამშრომლები მიდიან საბაჟოზე და სურსათის ნიმუში შერჩევის წესით სპეციალურ ლაბორატორიაში მიაქვთ, სადაც პროდუქტის ხარისხი მოწმდება. თუ ხარისხი დამაკმაყოფილებელია, პროდუქტის იმპორტი ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი მფლობელს უბრუნდება.     

ქართული კარტოფილის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შანსი

 

ევროკავშირი საქართველოს  სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში კარტოფილზე ქვოტას არ უწესებს. თუმცა ადგილობრივი ფერმერები პროდუქტს ევროკავშირის ბაზარზე ჯერ ვერ გაიტანენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ ადგილობრივ  ფერმერებს ევროკავშირის სტანდარტებზე გასასვლელად წლები დასჭირდებათ:  

 

“ვისაც მოჰყავს კარტოფილი, მან უნდა აწარმოოს ჩანაწერები, რა შხამქიმიკატები გამოიყენა  ვეგეტაციის პერიოდში. უნდა იყოს შესწავლილი ის ტერიტორია, სადაც ითესება კარტოფილი. ასევე უნდა იყოს შესწავლილი, რამდენად არის გავრცელებული საკარანტინო დაავადებები ან მავნებლები. ევროკავშირის ბაზარზე მოქმედებს ზომის სტანდარტი. ერთი ზომის უნდა იყოს კარტოფილი, რომელსაც ამ ბაზარზე გავიტანთ. ”

 

ევროპის ბაზარზე შესვლის სირთულის მიუხედავად, სამცხე–ჯავახეთში ფერმერებმა ევროპული ტექნოლოგიების დანერგვაც დაიწყეს და კარტოფილის მოყვანის ახალი მეთოდიც შეიმუშავეს.  

 

ფერმერი ანზორ გოგოლაძე ამბობს, რომ მას სტიმული ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ და რუსეთის ბაზრის გახსნამ მისცა:

 

„დავნერგე ირიგაციის  წვეთოვანი სისტემა, რომელსაც ევროპაში იყენებენ.  წყლის მარაგი ნაკლები მჭირდება და მოსავალი მეტია. კარტოფილის მორწყვა მიწიდან წვეთოვანი სისტემით ხდება. ასეთი სისტემის დანერგვა 1 ჰექტარზე  3–4 ათასი ლარი  ღირს. მიღებული 1 კილოგრამი კარტოფილის თვითღირებულება კი 35–40 თეთრია. ფერმერი გვალვისგან დაცულია და მოსავალი 7–10 ჰეტარზე  22–25 ტონას აღწევს. ჩვეულებრივი მეთოდით 10–11 ტონა კარტოფილის მიღებაა შესაძლებელი. “

 

ევროკავშირის ბაზარზე კარტოფილის  ძირითადი მომწოდებელი ესპანეთი, იტალია და ჰოლანდიაა. 1 კილოგრამი კარტოფილის  ფასი 2014 წლის საბაზრო მონაცენებით ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალი პოლონეთშია და 0,58 ევროს შეადგენს. ყველაზე ძვირი კი ბელგიაშია – 2,20 ევრო.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ როცა ადგილობრივი კარტოფილი ევროპულ სტანდარტს დააკმაყოფილებს, ამ ბაზარზე გასვლის შანსი “საადრეო კარტოფილს” ექნება: :

 

“საადრეო კარტოფილი ჩვენთან ივნისის პირველ დეკადაში მოდის. დაახლოებით 50–60 ათასი ტონა გადიოდა რუსეთში. ახლაც დაახლოებით 100 ტონა არის გასული ბელორუსიაში და რუსეთში. ევროკავშირის ბაზარზეც “საადრეო კარტოფილის” ნიშის ათვისება შესაძლებელია, რადგან ამ ბაზრის ძირითად ექსპორტირ ქვეყნებში პროდუქტი ცოტა გვიან მწიფდება. ახალი კარტოფილის  ევროკავშირის ბაზარზე გატანისას  გასათვალისწინებელია  შეფუთვა, სტანდარტები, ხარისხი ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.”  

 

კარტოფილის ადგილობრივი ბაზარი

 

ადგილობრივ ბაზარზე 2014 წლის ივნისის მონაცემებით 1 კილოგრამი კარტოფილის საბითუმო  ფასი 45–50 თეთრია, საცალო ქსელში კი, 0,60 –1 ლარი.

 

2013 წლის შემოდგომაზე და ზამთრის სეზონზე ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის ფასმა მკვეთრი ზრდა განიცადა და 1,60–2 ლარი შეადგინა.

 

ფერმერები ამბობენ, რომ კარტოფილის  მაღალი ფასი ქვეყნიდან პროდუქტის ჭარბ ექსპორტს უკავშირდება.

 

სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ბოლნისის რაიონში თეიმურაზ ბაკურიძის შეფასებით, ადგილობრივი კარტოფილზე ფასის აწევა აზერბაიჯანში პროდუქტის ჭარბმა ექსპორტმა და ფიტოსანიტარული კონტროლის გამკაცრებამ განაპირობა:

 

„აზერბაიჯანში კარტოფილის კრიზისი იყო. დაბალი მოსავალი მოვიდა. ბაქომ  ვერ შემოიტანა ეს პროდუქტი უკრაინიდან და საქართველოში დაიწყო კარტოფილის შესყიდვა. ბოლნისში კარტოფილის ასაღებმა ფასმა 1, –1,2 ლარი შეადგინა.“

 

საქართველოდან 2013 წელს კარტოფილის ჭარბ ექსპორტს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს:  საქართველოდან კარტოფილის ექსპორტმა 9 980 490 ტონა შეადგინა, აქედან  აზერბაიჯანში – 8 259 100 ტონა გავიდა. 2014 წელს კი საქართველოდან აზერბაიჯანში კარტოფილის ექსპორტმა 758,1 ტონა შეადგინა.

 

ქვეყანაში ადგილობრივმა წარმოებამ 2013 წელს 296 600 ტონა შეადგინა, იმპორტმა კი – 16 630 080 ტონა.

 

საქართველოში კარტოფილის იმპორტში  ლიდერი სომხეთია –13 205 600 ტონა; მეორე ადგილზეა ეგვიპტე- 1 673 600 ტონა; მესამეზე კი ნიდერლანდები -925 300 ტონა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ კარტოფილის ჭარბი ექსპორტი საქართველოდან რეექსპორტის ხარჯზე დაფიქსირდა.

 

“მოთხოვნა ადგილობრივ კარტოფილზე საკმაოდ მაღალი იყო. ასევე გამკაცრდა ფიტოსნიტარული კონტროლი და მოხდა  924 565 ტონა კარტოფილის ამოღება. ფასის წრმოქმნაზე ამ ფაქტმაც იმოქმედა. რადგან ადგილობრივი წარმოება ბაზრის მოთხოვანს ვერ აკმაყოფილებს”.  

 

2013 წელს კარტოფილზე დაფიქსირებულმა მაღალმა ფასმა ფერმერები წაახალისა და 2014 წელს საადრეო კარტოფილი ბოლნისში 2 ათას ჰექტარზე დათესეს:

 

„ბოლნისში საადრეო კარტოფილის ასაღები ფასი დღეს  45–50 თეთრია. პროდუქტი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. გადამყიდველები აზერბაიჯანიდან ჯერ არ გამოჩენილან. ალბათ ბაქომ კარტოფილის დეფიციტი დაძლია “ – ამბობს თეიმურაზ ბაკურიძე.

 

ფერმერმა ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურიდან ბესო მიქელაძემ კარტოფილზე ფასის ზრდის მიუხედავად ნათესების რაოდენობა მცირედით გაზარდა:

 

„ ბოლნისში კარტოფილის ნათესები მცირედით გაიზარდა.  ჯერ ნდობა არ გვაქვს ფერმერებს. დიდ ფართობზე რომ დავთესო და ვეღარ გავყიდო? მთავრობა გვპირდებოდა, რომ გაიტანდა რუსეთში, მაგრამ ლარსი  ჩაიკეტა. ამან გააჩერა ექსპორტი და იმიტომ არის საადრეო კარტოფილის  ფასი  45 თეთრი.“

 

სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გოგოლაძე ამბობს, რომ 2014 წელს კარტოფილის ნათესებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 7 100 ჰექტარ შეადგინა:

 

„გასულ წელს მაღალი ფასი ჰქონდა კარტოფილს. გადამყიდველები ჩამოდიოდნენ და პროდუქტი კარგ ფასში მიჰქონდათ. ვნახოთ, 2014 წელს რა მოსავალი იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ახალქალაქში ფერმერებმა 400 ტონამდე სათესლე კარტოფილი იყიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეებს სტიმული მიეცათ.“  

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *