სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა, 2014 წლის 16 მაისს ნაწილობრივ ამოქმედდება, ხოლო სრულად 2015 წლის 1 იანვარს შევა ძალაში.
“ეს ვადა იქნა აღებულია სწორედ იმიტომ, რომ ამ პერიოდში მომზადდეს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელიც მიახლოებული იქნება ევროპის კანონმდებლობასთან. ახალი კოდექსის მიზანია, საწარმოო პროცესი “ფერმიდან ჩანგლამდე” სრულფასოვნად გაკონტროლდეს. ეს იქნება უვნებელი პროდუქტის მიღების წინაპირობა, რის შედეგადაც მიღებული სარგებელი ადგილობრივი ბაზრის დაცვა და ევროკავშირის სავაჭრო სივრცის ათვისება იქნება” – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაკა შუბლაძე.
რომელ სეგმენტებს დაარეგულირებს სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალ კოდექსში განხორციელებული ის ცვლილებები, რომლებიც 2014 წლის 16 მაისს ამოქმედდება?
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, პირველ რიგში, მაღალი რისკის საწარმოებს და ხორცპროდუქტების სეგმენტს შეეხება.

„ყველზე მაღალი რისკის შემცველ საწარმოებად ითვლება სასაკლაოები. ამიტომ, როცა კოდექსით მცირე ბიზნესის სტატუსს განვსაზღვრავდით, სიფრთხილე გამოვიჩინეთ. ძველი კოდექსით მცირე საწარმოდ ითვლებდა ობიექტი, რომლის ბრუნვაც 500 ათას ლარს შეადგენდა. ახლა ეს კრიტერიუმი 200 ათას ლარამდე დავწიეთ. რადგან 500 ათასი ლარის ბრუნვა ჰქონდა ზოგჯერ ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალი რისკის მატარებელნი არიან. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო სასაკლაო, რომელიც არის მაღალი რისკის შემცველი და აქ მკაცრად უნდა იქნეს დაცული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“ – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაკა შუბლაძე.
ახალი კოდექსის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი ექნებათ იმ ბიზნეს–ოპერატორებს, რომელთა ბრუნვაც 200 ათასი ლარამდეა. შესაბამისად, შემცირდება ასეთი საწარმოების რაოდენობა, რომელზეც ფიტო–სანიტარიის გამარტივებული მოთხოვნები გავრცელდება. კოდექსში სანქციის კუთხით არაფერი შეცვლილა. მცირე ბიზნესზე ფინანსური სანქციები 400–500 ლარია, ხოლო მსხვილ ბიზნესზე -1000 ლარი.
ახალი კოდექსით, სასაკლაოების გარდა, მკაცრდება ცოცხალი პირუტყვის ექსპორტზე და ხორცპროდუქტებზე კონტროლიც.
2014 წლის 16 მაისიდან ხორცის რეალიზაცია “ფორმა 2”– ის გარეშე ჯარიმას ექვემდებარება. ჯარიმის რაოდენობა 1 000 ლარია. პირუტყვის ხორცი საცალო ქსელში და შემდეგ მომხმარებელთან „ფორმა 2“–ის გარეშე არ უნდა მოხვდეს. პირუტყვს გავლილი უნდა ჰქონდეს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება.
„შემოწმება უნდა მოხდეს აუცილებლად სასაკლაოზე, სახელმწიფო ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. “ფორმა 2 “ დამადასტურებელია იმისა, რომ სასაკლაოზე მოხდა ეს პროცესი ვეტერინარი ექიმის დაკვირვების ქვეშ და მიღებული ხორცი არის უვნებელი. თუ ხორცს არ ახლავს “ფორმა 2 “, ეს ნიშნავს, რომ ის სასაკლაოს გვერდის ავლით არის შესული საცალო ქსელში და გარანტია, რომ უვნებელია, არ არსებობს. იმის კვლევა, საბოლოო პროდუქტი არის თუ არა უვნებელი, რთულია. ამიტომ ამ მიმართულებით კოდექსი გამკაცრდა“ – ამბობს მაკა შუბლაძე.
ახალი ნორმებია შემოტანილი კოდექსში ექსპორტთან მიმართებაში:
ცოცხალი ცხოველების ექსპორტის დროს გაიცემა ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელსაც საერთაშორისო მოთხოვნებით დაცული ფორმა და შინაარსი აქვს. აღნიშნული სერტიფიკატი ექსპორტიორებისათვის 16 მაისიდან სავალდებულოა.
„როცა სერტიფიკატი ნებაყოფლობითი იყო, საქართველოდან რამდენჯერმე უხარისხო პროდუქცია გავიდა და ქვეყნის იმიჯი შეილახა. სერტიფიკატი არის გარანტი იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ამ ბაზარზე უპრობლემოდ გავა. საქართველოდან ძირითადად ცხვარი გადის. ჩვენ არ აქვს იმ რაოდენობის ხორცი, რომ ექსპორტზე გავიტანოთ „– ამბობს მაკა შუბლაძე.
რაც შეეხება ხორცპროდუქტების და ცხოველების იმპორტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ქვეყნის საზღვრი ამ კუთხით კარგად არის დაცული და დაავადებების გავრცელების საფრთხე არ არსებობს:
“როცა ხორციელდება არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან იმპორტი ცოცხალი ცხოველის თუ ცხოველური წარმოშობის სურსათის, მასზე რეგულაცია მკაცრია. სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიდის ამ პროდუქტის დამზადების ადგილას და იქ ამოწმებს საწარმოო პროცესს. ჩამოაქვს ფოტო და დოკუმენტური მასალა, შეფასების აქტი, რომელსაც შემდეგ სურსათის უვნებლობის სააგენტო კომისიურად განიხილავს. სააგანტო წყვეტს, შესაძლოა თუ არა ამ საწარმოდან და ამ ქვეყნის ტერიტორიიდან შემოწმებული პროდუქტის იმპორტის განხორციელება. ამ კუთხით დაცულია ჩვენი ქვეყანა და მომხმარებელი.”
სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ კოდექსში შესული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ბიზნეს–ოპერატორის სტატუსს უკავშირდება.
„ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან სახელმწიფოს კონტროლი გავრცელდება არ მარტო სურსათში დასაქმებული ბიზნეს–ოპერატორების საქმიანობაზე, არამედ, როგორც ვეტერინარიაში, ასევე მცენარეთა დაცვის სფეროში“
ბიზნეს–ოპერატორი მოქმედი კოდექსით არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც მოღვაწეობს და საქმიანობს სურსათის უვნებლობის სფეროში. ახალი კოდექსით კი, ბიზნეს–ოპერატორი იქნება ის პირი, რომელიც არა მხოლოდ სურსათის საკვების სფეროში საქმიანობს, არამედ მისი საქმიანობა დაკავშირებულია ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროსთან.
ასევე, კოდექსში შემოვიდა პასუხისმგებლობის ზომა ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისთვის, რომელიც 2014 წლის 16 მაისიდან ამოქმედდება.
აქამდე ასეთ დარღვევას არ ითვალისწინებდა კოდექსი და როცა უფლებამოსილი პირების მიერ აღმოჩენილი იყო ვადაგასული პროდუქცია, ხდებოდა მისი ამოღება ქსელიდან და განადგურება.
ახლა სავაჭრო ქსელში ვადაგასული პროდუქტის არსებობა სამართალდარღვევად ითვლება და ბიზნეს–ოპერატორისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს.
ჯარიმები განსხვავებული მოცულობისაა (100 ლარიდან 500 ლარამდე) სხვადასხვა ბიზნეს–ოპერატორისთვის.
„ჩვენ შევეცადეთ, რომ მცირე ბიზნესისთვის არ მიგვეყენებინა დარტყმა, მაგრამ იმისთვის, რომ მომხმარებლი დაგვეცვა ვადაგასული პროდუქტისაგან, ფინანსური სანქციები აუცილებელი იყო“, – აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში.
კოდექსში დარჩა მუხლი, სადაც არის საუბარი, რომ საქართველოს ტერიტორიზე იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების სურსათის თუ არასასურსათო პროდუქტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო საზღვარზე -ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
„იმისთვის, რომ სრულფასოვანი სახელმწიფო კონტროლი განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია მომზადებული. კერძოდ, რა სიხშირით და მექანიზმებით უნდა მოხდეს ამა თუ იმ ქვეყნიდან შემოსული პროდუქციის შემოწმება. ეს პროექტები ჯერ განხილვის დონეზეა. დღეს ევროპიდან შემოსული პროდუქციის შემოწმების სიხშირე ნაკლებია, ვიდრე კონტროლი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქციაზე. ის, თუ რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი ან მცენარე იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი საქართველოში იმპორტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ნუსხები მზადდება, რაც მიახლოებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, – აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს საკუთარი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული, ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობა, შეინარჩუნოს ვეტერინარული კეთილსაიმედოობა, დაიცვას ქვეყნის ტერიტორია მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისგან. მიაღწიოს ევროპული რეგულირების ექვივალენტურ დონეს, რაც საშუალებას მისცემს ქართულ წარმოებას, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციით ევროკავშირთან ივაჭროს გამარტივებული წესით.







