ეკონომიკა

წყლის მონოპოლიის საფრთხე

1 მაისი, 2014 • • 2235
წყლის მონოპოლიის საფრთხე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით წყალმომარაგება ცენტრალური ხელისუფლების ხელში გადადის. მთავრობამ აჭარაში რამდენიმემილიონიანი პროექტების განხორციელება ეჭვქვეშ უკვე დააყენა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აჭარის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მომსახურება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უნდა განახორციელოს. ინიციატივა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია კი ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მთავრობის განკარგულების შესრულებით ეს სახელმწიფო კომპანია ერთგვარ მონოპოლისტად გადაიქცევა.

 

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის კოტე კანდელაკის თქმით: „სამინისტროს ინიციატივა რას ეფუძნება არ ვიცით და არც განკარგულებიდან ჩანს. რაც შეეხება წყალმომარაგებას, ეს აქამდე არ იყო მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. სახელმწიფო კომპანია („საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“) ოპერირებდა ყველგან, სადაც სხვა ლიცენზიანტი კომპანიები არ იყვნენ შესული. თვითმმართველობის ახალ კოდექსში ჩაიწერა, რომ წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა, გარდამავალ დებულებებში არის ჩანაწერი, რომლითაც ამ სახელმწიფო კომპანიას უპირატესობა შეუნარჩუნეს – სადაც ოპერირებს, იქ დარჩება არჩევნების შემდეგაც, ხოლო მუნიციპალიტეტები იძულებული გახადეს წყალმომარაგება სხვა ადგილებშიც ამ კომპანიის მეშვეობით განახორციელონ“.

 

ახალი კოდექსით არჩევნების შემდეგ წყალმომარაგება იქნება ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და სასმელი წყლის მიწოდებას გააგრძელებენ შესაბამისი კომპანიები: „ბათუმის წყალი“, „ქობულეთის წყალკანალი“, „ქობულეთის სოფლის წყალი“, „ხელვაჩაურის წყალკანალი“, „ქედის წყალკანალი“, „შუახევის წყალკანალი“ და „ხულოს წყალკანალი“.

 

ეს შვიდივე კომპანია არის მუნიციპალური საწარმო და ამავე დროს არიან წყალმომარაგების ლიცენზიანტები. აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის წყალმომარაგების უფლების ჩამორთმევა 30 მაისამდე (საქართველოს მთავრობას 2014 წლის
30 მაისამდე უნდა წარედგინოს ინფორმაცია თავისივე განკარგულების შესრულების შესახებ), ერთადერთ მიზანს ემსახურება – როგორმე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ შემოვიდეს აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებამდე, ვინაიდან არჩევნების შემდეგ ის ამას ვეღარ მოახერხებს.

 

„ასე ნაჩქარევად ამისი გაკეთება არის სწორედ ის, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ არჩევნების შემდეგ უკვე კანონიერად გააგრძელოს ოპერირება აჭარაში. სხვა შემთხვევაში ვერ შემოვიდოდა, ამიტომ სამართლებრივ ჩარჩოში აქცევენ. ეს უკვე თვითმმართველობის უფლების შელახვაა. აჭარაში სახელმწიფოს, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას მიაქვს უკან ის, რაც მუნიციპალიტეტის იყო. გამოდის, რომ ცალი ხელით უწერ კანონში და აძლევ, მეორე ხელით ართმევ. გაუგებარი გადაწყვეტილებაა“, – ამბობს კოტე კანდელაკი.

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის განცხადებით, მთავრობის განკარგულება არ არის იმპერატიული, რომ აუცილებლად შესრულდეს: „წერია, რომ „მუნიციპალიტეტმა ხელი შეუწყოს“, რაც ნიშნავს, რომ განხილვის სტადიაშია. მას დადასტურება უნდა საკრებულოებისგან. მაგრამ ბათუმის წყალს გამართული ინფრასტრუქტურა აქვს და მოსახლეობას არ აქვს პრობლემები ამ მხრივ. ზოგადი მიმართულება მთავრობისა, რომ სახელმწიფომ აიღოს, ასე ვთქვათ, მეურვეობაში ეს საქმე, ცუდი ტენდენცია არ არის და შესაძლოა უფრო უკეთესი მენეჯმენტი განახორციელოს, მაგრამ დეტალებში, თუ რა გზით და რატომ კეთდება – ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი იქნება, სერვისის მიწოდება გაიაფდება და მოსახლეობის კეთილდღეობაზე არის ზრუნვა თუ სხვა – ეს დეტალები არ ვიცი“.

 

მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ რაც ადგილზე კეთდება, იქმნება ქონება და გამართულად მეურვეობს ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრმა, ზედა დონის ხელისუფლებამ არ უნდა წაიღოს: „თუ ქვედა დონის ხელისუფლება ვერ ახერხებს და ითხოვს ჩარევას, ამ შემთხვევაში უნდა ჩავერიოთ… სხვა მუნიციპალიტეტისთვის შესაძლოა გამართლებული აღმოჩნდეს მთავრობის განკარგულება, მაგრამ ბათუმისთვის შეიძლება წამგებიანი იყოს. ის საკითხები, რასაც ადგილზე ვწყვეტთ, ჯობია გადაწყდეს ადგილზე. ახლა ბათუმის საკრებულოზეა დამოკიდებული. არ ვიცი მერიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”.

 

მთავრობამ თავისი განკარგულება ბათუმის საკრებულოსთვის მოულოდნელად, 14 აპრილს გამოსცა. მანამდე, სადღაც ორი თვის წინ, საკრებულომ ქვეყნის მთავრობას წერილობითაც მიმართა, არ გადაეცათ წყალმომარაგება სხვაზე და ეს საკითხი დროებით გადადებულიყო. მიზეზად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ ბათუმში დაფინანსებული და დასაფინანსებელი პროექტები დასახელდა. “ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავრობისგან საკრებულომ მიიღო დაპირება, რომ მართვის უფლებას არ გადასცემდნენ.

 

„ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, იმ ორი ფურცლის (განკარგულების) უკან რა იმალება. სიღრმისეულად უნდა შევისწავლო. მქონდა ამ კომპანიის ხელმძღვანელთან საუბარი, ის ჩამოვა ძალიან მალე ბათუმში და ადგილზეც გვექნება საქმიანი საუბარი. არ მინდა წინსწრებით რაღაც დამახინჯებული განმარტებები გავაკეთო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა.

 

კონკრეტული საკითხების დიალოგის გზით გარკვევაზე საუბრობს ბათუმის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ფატლაძე: „განკარგულებით მხოლოდ სამინისტროს ინიციატივაა მოწონებული. ჩვენ ბევრი რამ გასარკვევი გვექნება: მხოლოდ მმართველობა გადაიცემა, თუ ქონებაც? თუ ყველაფრის ერთად, მაშინ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენ გვაქვს გერმანულ ბანკთან, ვის დაეკისრება? მესამე ფაზა როგორ განვითარდება? მნიშვნელოვანია მომსახურების შემდგომი ხარისხი, ტარიფები ხომ არ გაიზრდება? უნდა გვქონდეს გარანტია იმისა, რომ არ გაიყიდება. ბევრი საკითხია, იქნება ალბათ შეხვედრები და დარეგულირდება. შეიძლება სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ამ მომსახურებას თუ განახორციელებს ერთიანად, ასე უკეთესია. ჩვენც სახელმწიფო პოზიციებიდან უნდა გამოვიდეთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კი ვინც არ უნდა მოქმედებდეს, საკრებულოს ყოველთვის აქვს უფლება გააკონტროლოს“.

 

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს. იგივე გვითხრეს სამინისტროში.

 

დეტალებზე არ საუბრობს ყოფილი მინისტრი და ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ დავით ნარმანია: „ტელეფონით ამ საკითხის კომენტირება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ბანკის წარმომადგენლები სპეციალურად ამ საკითხზე არ ჩამოსულან, თუმცა ერთ-ერთი შეხვედრის დროს იყო ამ საკითხზეც საუბარი. განცხადებას სამინისტრო გააკეთებს“.

 

„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მერობის კანდიდატი და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ერმაკოვი კი „ბათუმელებთან“ ამბობს: „განკარგულებაში არის მითითება, რომ დონორებს ეცნობოს ამის შესახებ. როგორც მე ვიცი, შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს მართვის საკითხებსა და ქონების გადაცემასთან დაკავშირებით. მე დონორებსაც შევხვდი, ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. მუშა ჯგუფში გაერთიანებული იქნებიან როგორც დონორები, ასევე ჩვენი მხრიდან ის კომპეტენტური წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ და მივალთ ერთიან გადაწყვეტილებამდე, რომელიც საჭიროა ქალაქისთვის. მიმდინარე პროექტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ქონებას რაც შეეხება, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. სახელმწიფო იღებს მართვის ვალდებულებებს, თუმცა ამ პროცესების განვითარებას სჭირდება ისევ საკრებულოს გადაწყვეტილება“.

 

მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება არ არის წყალმომარაგება, მაგრამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა.

 

წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მთლიანი ინფრასტრუქტურა კი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ბათუმის ჩათვლით, წარმოადგენს თვითმმართველობის ქონებას. ასევე მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

 

მთავრობის გადაწყვეტილებამ წყალმომარაგების ერთი კომპანიისთვის გადაცემაზე აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოებიც შეაფერხა.

 

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) აჭარის სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 25 მილიონი ევროს ახალი შეღავათიანი სესხის გამოყოფას იმ შემთხვევაში აპირებდა, თუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილობრივი მონაწილეობით შეიქმნებოდა გაერთიანებული კომპანია, პირობითად – „აჭარის წყალი“, რომელშიც აჭარის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ბათუმის წყალმომარაგების კომპანიებიც გაერთიანდებოდნენ. სწორედ ამ პროექტით უნდა დაწყებულიყო აჭარის სოფლებში წყალმომარაგების მოწესრიგება. ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელი იყო და არ გადაწყდა არც მაშინ, როცა სახელმწიფომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ჩამოაყალიბა. ბოლო 10 წელია აჭარის მუნიციპალიტეტებსა (ქობულეთის გარდა) და სოფლებში წყალმომარაგება ცუდ მდგომარეობაშია. მაღალმთიანეთში ეს სფერო დოტაციაზეა და მოსახლეობას სასმელი წყლის გადასახადი არ აქვს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რეგიონში ახალი წყალმომარაგების კომპანიის შექმნაზე მუშაობა შეჩერებულია და მისი განახლება-არგანახლება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

 

გერმანიის საკრედიტო ბანკის დაფინანსებით უშუალოდ ბათუმში წყლისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ამჟამად პროექტის მესამე ფაზის სამუშაოები უნდა შესრულდეს. ტენდერის პირველი ეტაპი სრულდება, უნდა გამოვლინდნენ კომპანიები, რომლებიც შემდეგ ეტაპზე გადავლენ.

 

მესამე ფაზის სამუშაოებში 44 მილიონი ევრო იხარჯება. აქედან 20 მილიონი ევრო გერმანული ბანკისგან შეღავათიანი სესხია, 19 მილიონი ევრო გრანტი (აქედან 4 მილიონი ევრო ევროპის კავშირისგან), ხოლო 5 მილიონი ევრო ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. სამუშაოები უნდა დაიწყოს თამარის, ბარცხანის, ასევე გოროდოკის, ბონისა და ჭაობის დასახლებებში (პირველ და მეორე ფაზაზე უშუალოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 9,5 მილიონი ევროა დახარჯული).

 

გერმანულ ბანკსა და ბათუმის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმით სესხსა და გრანტს ბათუმის მერია ტენდერების საშუალებით ხარჯავს. ბანკის ერთ-ერთი პირობაც თანხის გამოყოფის დროს იყო ის, რომ რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა მუნიციპალური, ანუ ქალაქის საკუთრება ყოფილიყო, ხოლო შეღავათიანი სესხი უნდა დაეფარა ბათუმის მერიას.

 

გერმანული ბანკის შეღავათიანი სესხი მთლიანობაში 82 მილიონი ლარი იქნება, რომლის დაფარვა მიმდინარე წელს დაიწყო და ეტაპობრივად დაახლოებით 30 წელში უნდა დასრულდეს. ფაქტობრივად, დღეს თითოეულ ბათუმელს, მიუხედავად ასაკისა, გერმანული ბანკისადმი 482 ევროზე მეტი ვალი აქვს. ისევ ქალაქი, ანუ ბათუმელები გადაიხდიან ამ ვალს თუ სხვები, ჯერ გაურკვეველია.

 

ბათუმის საკრებულოში აცხადებენ, რომ შპს „ბათუმის წყალი“ ხარჯავს იმდენს, რამდენიც აქვს. მაგრამ უნდა დახარჯოს მეტი, რომ მეურნეობა ჰქონდეს მაქსიმალურად გამართული. თუმცა, კომპანიამ ასეთი ხარჯი თუ გასწია, მაშინ გახდება წამგებიანი.

 

„ბათუმის წყალს“ ამ ეტაპზე 38 ათასი აბონენტი ჰყავს. აქედან 20 ათასი გამრიცხველიანებულია. კომპანიის შემოსავალი საშუალოდ 600 ათასი ლარია თვეში. ამასთან, თვეში 90 ათასი ლარის ღირებულების წყალი იხარჯება მარტო ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე და ახალ ბულვარში „მოცეკვავე“ შადრევნებისთვის. ამ თანხას კი დღემდე არავინ იხდის.

 

კომპანიაში დაახლოებით 390 ადამიანია დასაქმებული, საშუალო ხელფასით 500-700 ლარამდე თითოეულს. კომპანიის საწესდებო კაპიტალში ამ დროისთვის 29 მილიონამდე ლარის ქონება ირიცხება. ეს უმნიშვნელო ნაწილია იმ ქონებისა, რაც კომპანიის ბალანსზე გადასაცემად მზადდება (მათ შორის „ძველი ბათუმის“ ინფრასტრუქტურა, რომლის რეაბილიტაციაში 35 მილიონი ევრო დაიხარჯა).

 

“ამოცანა უნდა იყოს, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ უკეთესი სერვისი. გაუმჯობესდეს და გაიაფდეს. რაც შეეხება ქონებას, შესაძლოა სერიოზული პრობლემა წარმოიშვას, იმიტომ, რომ ეს ქონება დაგროვილია ათეული წლების განმავლობაში ქალაქის მიერ და მის ბალანსზეა. ახლა ეს ქონება გადასცე სხვას – არ ვიცი… ქონების გამიჯვნის საკითხი მთავრობის განკარგულებაში არ ჩანს”, – ამბობს მურმან დუმბაძე.

 

„ბათუმის წყალი“ მომხმარებელს გადასახადს ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფებით ახდევინებს: 51 თეთრი 1კბ/მ-ზე გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის, ხოლო ვინც სულადობით იხდის – თვეში 1,85 ლარი ერთ სულზე. კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 4 ლარია.

 

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ კი ზღვრულ ტარიფს სემეკი უდგენს. ამ კომპანიის ტარიფების მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 50 თეთრამდე გამრიცხველიანებული მომხმარებლისთვის, 2,4 ლარამდე სულადობით ერთ სულზე და 4,3 ლარი – კომერციული მომხმარებლებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი