ეკონომიკა

გენმოდიფიცირებული სურსათის კვლევა 30 ნიმუშით

15 მარტი, 2014 •
გენმოდიფიცირებული სურსათის კვლევა 30 ნიმუშით

 

საკმარისია თუ არა ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოსავლენად მთელი წლის მანძილზე 30 ნიმუშის გამოკვლევა მაშინ, როცა ქვეყანაში იმპორტირებულ ათასობით დასახელების პროდუქტს ადგილზე წარმოებულიც ემატება?

 

 

 

„ჯერჯერობით ესაა, რაზედაც ტენდერი გამოცხადდა. თუ აუცილებლობა იქნება და თანხაც გამოიძებნება ბიუჯეტში, ალბათ, დამატებითი ტენდერიც გამოცხადდება“, – აღნიშნეს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების სამმართველოში.

 

 

 

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია კი, რომელიც სატენდერო პირობებს აკმაყოფილებს, ქვეყანაში ერთადერთია („Quality Lab“ – სადაც ერთი ნიმუშის გმო-გამოკვლევა 450 ლარიდან 650 ლარამდე ღირს). ბუნებრივია, ლაბორატორიას იმის უფლებაც აქვს, საერთოდ არ მიიღოს ტენდერში მონაწილეობა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ტენდერის დასრულებამდე „ხანგრძლივი დროა და შესაძლოა სხვა ლაბორატორიამაც გაიაროს აკრედიტაცია და მიიღოს მონაწილეობა“.

 

 

 

ვიდრე ტენდერი დასრულდება და სახელმწიფო სურსათს გააკონტროლებს,  არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში პროდუქციის გმო-შემოწმება უკვე დაიწყო.

 

 

პროექტის დირექტორის, ლია თოდუას თქმით, ვინაიდან გამოკვლევა ძვირი ჯდება, გადაწყვიტეს შეემოწმებინათ არა თავად საბოლოო სასურსათო პროდუქტები, არამედ ის შუალედური პროდუქტი/მასალა, რომელიც სურსათის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება და რომლის გმო-დაბინძურების ალბათობა მაღალია.

 

 

„ასეთი პროდუქტია სოია და მისგან დამზადებული მასალა: სოიას ფქვილი, აგრეთვე მისი ცილოვანი პროდუქტები: ე.წ. სოიას ტექსტურატი, სოიას კონცენტრატი და სოიას იზოლატი. ამავე დროს, სოიას ცილოვანი პროდუქტები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სურსათის წარმოებაში, მათ შორის ხორცპროდუქტებში, ნახევარფაბრიკატებში, კეტჩუპებში, მაიონეზში, მშრალ სუპებში, აგრეთვე სამარხვო პროდუქტებში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი გმო-ანალიზები სწორედ სოიას ცილოვანი პროდუქტებისთვის ჩაგვეტარებინა“, -აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოიას სამივე ნიმუში (ინდოეთში წარმოებული სოიას ტექსტურატი, სოიას იზოლატი ჩინეთიდან (რომლის შეფუთვაზე სხვათა შორის მითითებულია, რომ გმო-ს არ შეიცავს) და სოიას კონცენტრატი აშშ-დან) გენმოდიფიცირებულია. ზემოაღნიშნულმა ლაბორატორიამ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის სპეციალური ფასდაკლებით გმო-ს ანლიზი 450 ლარად ჩაატარა.

 

 

იმ კომპანიამ კი, რომლის საბითუმო მაღაზიაშიც იქნა შეძენილი გამოკვლეული სოია, არასამთავრობო ორგანიზაციას მიაწოდა სხვადასხვა ლაბორატორიის მიერ გამოგზავნილი დასკვნები, რომლებშიც მითითებულია, რომ სოია (ჩინური და რუსული წარმოების) არ შეიცავს გმო-ს (რუსული წარმოების სოია საქართველოში გმო-ზე ჯერ გამოკვლეული არ არის).

ლია თოდუა: „იგივე ნიმუშები (დამატებით რუსული წარმოებისაც) გადავაგზავნეთ გერმანიაში რაოდენობრივი ანალიზისთვის და პასუხები იქნება მომავალ კვირაში. ისეთი პასუხის მიღება (ანუ, კი და არა), როგორიც საქართველოში მივიღეთ, გერმანიაში ღირს 140 ევრო. რაოდენობრივის განსაზღვრა კი 180 ევრომდე. თანაც მხოლოდ ორ გენს მოძებნიან. დამატებით, თითო ახალი გენის დაძებნისთვის კი 40 ევროს დამატებაა საჭირო. ყველაფრის გაგება ერთ ნიმუშში ძალიან ძვირი ჯდება საქართველოშიც და გერმანიაშიც, თუმცა, იქ გაცილებით იაფია. გერმანიაში გაუკვირდათ ინდური წარმოშობის პროდუქტის გენმოდიფიცირება, ვინაიდან ინდოეთი ოფიციალურად არ აწარმოებს ასეთ პროდუქციას. ამიტომ ინტერესით ველოდებით პასუხს“.

 

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობაში ხაზგასმულია, რომ „ლაბორატორიული კვლევისთვის წარდგენილი ნიმუშების ტესტირება (გამოცდა) უნდა ჩატარდეს საქართველოში მოქმედი ნორმატიული ბაზის შესაბამისად“. ამასთან, „ასევე შესაძლებელია კვლევები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.

მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, მომხმარებლის ერთ-ერთი ძირითადი უფლება – იცოდეს რას და როგორი შემცველობის სურსათს მოიხმარს, ფაქტობრივად, დღემდე დაუცველი რჩება. ამასთან, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის საშიშროებაც მეცნიერულად არ არის დადასტურებული.

 

 

ლია თოდუა: „სიმართლე გითხრათ, რამდენად უფრო პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ეს გენმოდიფიკაცია იმ ფონზე, როცა ჩვენთან საკმაოდ მაღალია ელემენტარული მოწამვლების რიცხვი, ვერ გეტყვით. ვინაიდან სახელმწიფო ფული იხარჯება, ვფიქრობ, სჯობს უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება განსაკუთრებით ბავშვთა კვებას, ზოგადად სურსათის უვნებლობას – პესტიციდებს, მძიმე მეტალებს, მიკრობიოლოგიას და სხვა, ანუ ისეთ რაღაცებს, რომელთა მიმართაც დამტკიცებულია, რომ სურსათში მათი ამა თუ იმ დოზით არსებობა მავნეა ორგანიზმისთვის“.

 

 

გენმოდიფიცირებული ან ასეთი ინგრედიენტების შემცველი სურსათის სპეციალური ეტიკეტირება (სურსათზე აღნიშვნა –  „გმო“, ან ის, რომ „გენეტიკურად მოდიფიცირებულია“) კანონით 2014 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა.

 

 

თუ ეტიკეტი არ შეესაბამება პროდუქტის შემადგენლობას, პასუხისმგებლობა იწყება გამყიდველით, შემდეგ მას შეუძლია პასუხისმგებლობა დააკისროს მომწოდებელს ან მწარმოებელს და ა.შ. ლია თოდუას თქმით, ახლა სწორედ პასუხისმგებლობის საკითხის გარკვევაა მნიშვნელოვანი.

 

 

ქართული (ასევე ევროპული) კანონმდებლობით თუ პროდუქტში გმო-ს შემცველობა 0,9 პროცენტზე ნაკლებია, მაშინ ეტიკეტზე სპეციალური წარწერა აუცილებელი არ არის.

 

სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევაზე 2012 წლის მაისიდან ჯარიმები გაუქმებული იყო. 2014 წლის 1 იანვრიდან კი ეს ჯარიმები ამოქმედდა. ჯარიმა მეწარმისთვის პირველ ჯერზე შეადგენს 400 ლარს (ანუ იმაზე ნაკლებს, რაც ამ პროდუქტის გმო-შემოწმებას სჭირდება), ხოლო – 1200 ლარს განმეორების შემთხვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი