ეკონომიკა

აგროდაზღვევის განვითარების პერსპექტივა საქართველოში

20 დეკემბერი, 2013 •
აგროდაზღვევის განვითარების პერსპექტივა საქართველოში

ესპანელი ექსპერტის შეფასებით, საქართველოს კერძო სადაზღვევო სისტემის მონაწილეობა აგროსექტორის დაზღვევაში მცირეა:

 

„საქართველოში არის  კერძო სადაზღვევო სისტემა, რომელიც აგრორისკებს სუბსიდირების გარეშე აზღვევს. ქვეყანაში დაზღვევის კულტურის დეფიციტია. ასევე, კანონმდებლობის და  კონტროლის მექანიზმის დეფიციტი.“

 

ელიზა სანჩეზ ელიზიოს შეფასებით, ქვეყანაში უნდა უნდა გაიზარდოს აგროდაზღვევის ბაზრის ზომა. გაიზარდოს რისკ–ფაქტორების არეალი და  უნდა მოხდეს ახალი ტერიტორიების დაფარვა:”გაიზარდოს სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი აგროდაზღვევაზე და ჰქონდეს ვალდებულება დააზღვიოს ფერმერების რისკი და მოახდინოს  სადაზღვევო კომპანიების სუბსიდირება.“

 

ესპანელი ექსპერტის ინფორმაციით, აგროსადაზღვევო პრემიების პორტფელის მოცულობით მსოფლიოში ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია. წარმოდგენილი სტატისტიკით აგროდაზღვევაში აშშ  11  650 მლნ აშშ დოლარის პრემიას გასცემს. მეორე ადგილზეა იაპონია 3  900 მლნ  აშშ დოალრით, მესამეზე კი ესპანეთი- 920 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ ბრაზილია- 640 მლნ აშშ დოლარით, მექსიკა -500 მლნ აშშ დოალრით, არგენტინა -280 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი- 245 მლნ აშშ დოლარით.  

 

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე  „აგროდაზღვევის“ პროდუქტი მხოლოდ ორ კომპანიას „ჯი პი აი ჰოლდინგს“ და „ალდაგი ბი სი აი“–ის გამოაქვს. 

 

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობოს, რომ აგროდაზღვევის კუთხით კომპანიები ბოლო ორი წლის განმავლობაში გააქტიურდნენ:

 

„ფერმერებთან დადებულია სულ 2 ათასი კონტრაქტი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ძალიან ცოტა, რადგან ფერმერი გვყავს დაახლოებით 500 ათასი. შესაბამისად, ციფრები, რომელიც მოგახსენეთ, ასახავს იმას, რომ ძალიან პატარა პორტფელია დაზღვეული.“

 

ხეჩინაშვილის განცხადებით,  ამ წლებში აგროდაზღვევის პაკეტებიდან სადაზღვევო კომპანიებს მოგება არ მიუღიათ:“მოხდა კახეთის მოვლენები 2011 წელს, ატამთან დაკავშირებული პრობლემები და სადაზღვევო კომპანიებმა 5-ჯერ მეტი გადაიხადეს, ვიდრე მიიღეს. 2013 წელს დაახლოებით 100 სადაზღვვეო ხელშეკრულება გაფორმდა აჭარაში ციტრუსის მწარმოებლებთან. კლიმატური მიზეზების გამო  მოსავალი განადგურდა და სადაზღვევო კომპანიებმა უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე მიიღეს.“

 

სადაზღვევო კომპანიები აგროდაზღვევის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. დევი  ხეჩინაშვილის ინფორმაციით, კომპანიების პორტფელში აგროდაზღვევის მოცულობა 1%–ზე ნაკლებია.   

 

ესპანელი ექსპერტის რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა 2014 წელს  აგროდაზღვევის სექტორში სუბსიდირებას არ გეგმავს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი აცხადებს, რომ ჯერ სოფლის მეურნეობის სფერო უნდა განვითარდეს:

 

„აგროდაზღვევა განვითარდება მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობა გამოცოცხლდება და წამოდგება ფეხზე. 2013 წელს ჩვენ დავიწყეთ ორი დიდი პროექტი მცირემიწიანი ფერმერებისთვვის და მეორე შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც საშუალო და მსხვილ ფერმერებზე იყო გათვლილი. 2013 წელს ჩვენ შევქმენით ის საინფორმაციო ბაზა, რომლის მიხედვითაც ვიცით, ვინ რა  იყიდა, რამდენი საწარმოა და სესხი როგორ დაფარა. უკვე არსებობს წინა პირობა იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყონ მუშაობა. მომავალში უკვე არ გამოვრიცხავ, რომ სუბსიდირებით ჩაერთოს სახელმწიფო დაზღვევის სექტორში. მე არ ვსაუბრობ 2014 წელზე. მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ თვითონ ეს სექტორი აქტიურია. ისევე, როგორც დავინახეთ, რომ საბანკო სექტორმა იაქტიურა და  შევედით სუბსიდირებით საბანკო დაფინანსებაში.“

 

დავით გალეგაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ  სუბსიდირება ესპანეთში დიდ როლს ასრულებს აგროსექტორის და აგროდაზღვევის განვითარებაში:

„ნელ-ნელა გამოვალთ პირდაპირი სუბსიდირებიდან, რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავაფიანნსებთ მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობის შემთხვევაში ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის აგროდაზღვევა, ფინანსების ხელმისაწვდომობა და ლიზინგი.“

 

USAID –ის  ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩაჩხიანი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორი დაინტერესებულია აგროდაზღვევის პროდუქტების განვითარებით:

 

„დრომ მოიტანა, პროდუქტები უნდა განვითარდეს. ეს არის რისკების მართვის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია მცირე ფერმერებისთვის. კერძო სექტორი ამაში არის ჩართული. მთავარია სუბსიდირება. ჩვენი პროექტი ახდენს სუბსიდირებას პრემიალური გადასახადის. ჩვენ ამ საპილოტე მეთოდით გვინდა დავანახოთ ყველა მხარეს, ამ სუბსიდირების გარეშე შეუძლებელია აგროდაზღვევის განვითარება. მთავრობის როლი ამ სეგმენტში  მნიშვნელოვანია.“  

 

ფერმერ გელა ხანიშვილის შეფასებით, საქართველოში  დაზღვევა არის არაქმედითუნარიანი და ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც ბიზნესს და სახელმწიფოს სჭირდება.  ესპანეთის წარმატების საფუძველი არის სახემწიფოს თანამონაწილეობა პრემიაში ან ინსტუტიცონალური თვალსაზრისით.

მეორე თემა, ეს არის ტრენინგის და ფერმერების ინფორმირებულობის თემა. აგროდაზღვევის კულტურა უნდა დაინერგოს. სადაზღვევი კომპანიებმა კი პროდუქტები უნდა დახვეწონ“. 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი