ეკონომიკა

გზა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობამდე

6 დეკემბერი, 2013 •
გზა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობამდე

“ჩვენ აღებული გვაქვს 7-დან 10 წლამდე პერიოდი, როდესაც საქართველოს ნებისმიერმა საწარმომ საკუთარი წარმოების ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირება უნდა მოახდინოს. ჩვენ თუ ეს თამასა დღეს არ ავწიეთ, დავრჩებით იმ დონეზე, რომელზეც ვართ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

29 ნოემბერს ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა. დაგეგმილია, რომ ხელმოწერა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება, თუმცა მანამდე საქართველოს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოუწევს.

 

“საქართველო იღებს სერიოზულ ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისაგან და ეს დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება, რათა მოხდეს კანონმდებლობის სრულყოფა და ბიზნესების წახალისება,“ – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის დელაგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი.

 

ევროკავშირის გრძელვადიანი ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში მატი ლამპი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ დაახლოებით 400–მდე ნორმატიული აქტი უნდა მიიღოს:

 

„ფიტოსანიტარული უსაფრთხოება – ეს არის მთავარი მოთხოვნა. ჰიგიენა, ცხოველების ჯანმრთელობის კონტროლი, პესტიციდები და ნარჩები. ერთდროულად ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. დაახლოებით 400 ნორმატიული აქტია მოსამზადებელი. მხოლოდ ვეტერინარიის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში 205 ცვლილებაა შესატანი. ყველაფერი საკანონმდებლო დოკუმენტაციით უნდა დავიწყოთ.“

 

ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებთან საკანონმდებლო დაახლოების ძირითადი პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი  ხუან-ხოსე ეჩანოვე ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტომ უნდა აკონტროლოს სიტუაცია მწარმოებლიდან მომხმარებლამდე, ხოლო შემოსავლების სამსახურმა – ექსპორტ–იმპორტი და საზღვრები:

 

„ENPARD-ის პროექტის ფარგლებში 5 წელიწადში 40 მილიონი ევრო დაიხარჯება. საქართველოში უნდა გაიზარდოს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოება და უნდა შემცირდეს სიღარიბე. გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და მოხდეს მცირე ფერმერებს შორის ურთიერთობის გაძლიერება. 2014 წელს ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერა.“

 

საქართველო–ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელის კოტე ზალდასტანიშვილის შეფასებით, პარაფირებული ასოცირების ხელშეკრულება რთული დოკუმენტია და ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გასვლა მარტივად არ მოხდება:

 

„დიდი ძალისხმევა მართებს ხელისუფლებას და ბიზნესს. მეწარმეებს და ფერმერებს მიეცემათ ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა. თუმცა მეწარმეებს რეფორმების გატარება დასჭირდებათ წარმოებაში. მათმა პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები, რაც დამატებით ხარჯებს მოიცავს. ეს შეთანხმება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მარტივად დამკვიდრდება. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია. პროდუქტი კარგი ხარისხით და ფასით უნდა შევიდეს ბაზარზე.“

 

“შესამუშავებელია მარკეტინგული სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ მეწარმეებმა, გარკვეული საკანონმდებლო ბაზის შექმნის შემდეგ საჭიროა მაკონტროლებელი სისტემის გაძლიერება. როდესაც ევროკავშირი შეისწავლის ჩვენს კანონმდებლობას, ამის შემდეგ მოხდება საწარმოების  აღიარება”, – აცხადებს სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე.

 

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 2006 წელს GSP+ ის სავაჭრო რეჟიმის შეღავათები მიიღო. GSP+ ის ფარგლებში ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტირებული 7 200 დასახელების პროდუქტი იმპორტის გადასახადისგან თავისუფალია.


მარნეულის საკონსერვო კომპანია 2013 წლის დასაწყისიდან შევიდა ინგლისის ბაზარზე და GSP+ის შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობს:


“ჩვენი პროდუქცია შემოწმდა ამ ქვეყნის ლაბორატორიაში. შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ პროდუქტების წარმოშობის შესახებ ექსპორტიორ კომპანიას და ევროკავშირის ბაზარზე ქართული აჯიკის, ტყემლის და მურაბების გატანა არ გაგვიჭირდა”, – ამბობს ირინა გაფრინდაშვილი, კომპანიის გენერალური დირექტორი.


მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირება საწარმოს დამატებით სტიმულს მისცემს:


“ქართულ წარმოებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნება. ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ექსპორტს 2014 წლიდან ვგეგმავთ. ჩვენს საწარმოს გადაიარაღება არ სჭირდება. ვცდილობთ, წარმადობა ადგილობრივ ბაზარზე გავზარდოთ”.

 

ევროკავშირის ბაზარზე შესვლას გეგმავს “კახეთის ტრადიციული მეღვინეობაც”. კომპანიას ამ ეტაპზე პროდუქცია უკრაინაში და ყაზახეთში გააქვს.

 

“გვაქვს მოლაპარაკებები ევროკავშირის ბაზარზე მოქმედ დისტრიბუტორ კომპანიებთან. იგეგმება შეხვედრაც. როცა საწარმოს ნახავენ, მაშინ გაირკვევა, დაგვჭირდება თუ არა გადაიარაღება. ეს საკმაო მიმზიდველი ბაზარია და თუ საჭირო გახდა, კომპანია დამატებით ინვესტიციებს გაიღებს,” – ამბობს “კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” მარკეტინგის მენეჯერი ილია ფერაძე.  

 

GSP+ ის შეღავათების ფონზე საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე წყალი, ღვინო და თხილი გადის. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამოთქვამენ იმედს, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ ამ ბაზარზე ქართული თაფლი და კალმახი შევა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2306 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012  წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით ნაკლებია.

 

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტზე 459 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ექსპორტი 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 52 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტმა 1 846 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა.


“თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ შესაძლოა ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებიდან ექსპორტის გაორმაგება გამოიწვიოს და 70 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს,” – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა.


ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყანაში 6 ქვეყანაა ჩართული, მათგან ასოცირების ხელშეკრულება სამ ქვეყანას – უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აქვს პარაფირებული. ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი