მეორე ხარისხის კილოგრამი ატმის ფასი ბაზარზე 5-10 თეთრია. „მუშას დღიურად ატმის კრეფაში 20-25 ლარს ვუხდით. კილოგრამი ატამი რომ დაკრიფო და ტრანსპორტირება მოახდინო, 15 თეთრი ჯდება“, – ამბობენ ფერმერები.
ჩუმლაყელი ფერმერი ატმის რეალიზაციის გართულებას პროდუქტის დაბალ ხარისხს და ბაზარზე არსებულ ჭარბ მიწოდებას უკავშირებს. „ატმის ნერგების დიდი რაოდენობა გაშენდა. თუ გურჯაანის რაიონში მოდიოდა ასი ტონა ატამი, ახლა მოსავლის მოცულობა სამჯერ მეტია. რაც სოფელ ჩუმლაყში ატამი მოდის, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს“, – ამბობს გიორგი ქეტისაშვილი.
გორელი ფერმერები, რომლებიც შემოდგომაზე ვაშლის ჭარბ მოსავალს ელოდებიან, შიშობენ, რომ კახელი გლეხების ბედს გაიზიარებენ, რომლებსაც ატმის მოსავალი დაულპა.
„ბაზარი პატარაა და ხილის რეალიზაცია რთულია. დაბალი ხარისხის ვაშლის ფასი სეზონზე 5-10 თეთრია“, – ამბობს ნუკრი მარკოზაშვილი, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანიდან. მისი თქმით, ძველი ნერგები უხარისხო პროდუქტს იძლევა და ამიტომაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო სოფელ ხელთუბანში, 3 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღის განახლება: „ამოვძირკვე ძველი და ჩავყარე ახალი ხეხილი. ნარგავები სიმაღლეში 3 მეტრი იზრდება და პატარა ფართობს იკავებს. ამას ჰქვია ინტენსიური მებაღეობა, რომელიც ევროპიდან შემოვიდა და ამერიკაში გავრცელდა“.
ფერმერი ამბობს, წელს 8 ტონა მოსავალს მიიღებს: „ახალი ტექნოლოგიებით მიღებული მოსავალი ხარისხიანია და უფრო ძვირად გავყიდი. მაგალითად, ზაფხულის მწვანე ვაშლი, 1 კილოგრამი 2-2,5 ლარად გავყიდე“.
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დავით თამარაშვილი ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საკმაოდ ძვირია: „1 ჰექტარზე ახალი ტექნოლოგიის დანერგვა და ვაშლის ბაღის გაშენება 12-15 ათასი ევრო ჯდება. ეს არის პალნეტური ბაღი, სადაც მავთულები ებმება და აგროტექნიკით დამუშავება მოსახერხებელია. თუ ფერმერი ამ ტექნოლოგიას დანერგავს, მეორე წელს ნერგი ნიშანს გაძლევს და მესამე წელს მოსავალს“.
სიძვირის გამო ბევრი ფერმერი ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას ვერ ახერხებს.
„მეორადი ატამი ტონობით გადაიყარა“, – ამბობს ჩუმლაყელი ფერმერი. მისივე თქმით, ბევრი ფერმერი გაკოტრებისგან იმან გაადრჩინა, რომ ატმის აზერბაიჯანში ექსპორტი მოახერხა: `მაგრამ ამ კუთხითაც პრობლემებია: აზერბაიჯანში 1 კილოგრამი ატმის განბაჟება 50 ცენტი ღირდა და წელს 1 დოლარამდე გაიზარდა. კარგი იქნება, თუ აზერბაიჯანული მხარე საბაჟო ტარიფს დაწევს“, – ამბობს გიორგი ქეტისაშვილი.
„ხილის ექსპორტი იმის გამოა რთული, რომ მალფუჭებადია“, – აცხადებს ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დავით თამარაშვილი. სამაცივრე მეურნეობებს კი, სადაც შესაძლებელია ხილის შენახვა, ფერმერების უმრავლესობა სიძვირის გამო ვერ იყენებს.
„სამაცივრე მეურნეობებს მხოლოდ ის ფერმერები მიმართავენ, ვისაც ჭარბი მოსავალი აქვთ და ქირის გადახდა შეუძლიათ. საკნების გაქირავების ფასი კვადრატულ მეტრზე 25 დოლარია“, – ამბობს სამაცივრე მეურნეობა „ქართული ხილის და ბოსტნეულის“ დირექტორი კობა კილაძე.
ფერმერები დარწმუნებულნი არიან, რომ გამოსავალი ადგილზე საკონსერვო ქარხნების გახსნაშია. ამ პოზიციას იზიარებს დავით თამარაშვილიც: „გამოსავალს პრეგიონებში საკონსერვო საწარმოების ამოქმედებაში ვხედავ. ასეთი საწარმოები უნდა გაიხსნას გურჯაანში, თელავში საგარეჯოში. ადგილობრივი ნედლეული თუ არ გადამუშავდა, გლეხს და ფერმერს ყოველთვის გაუჭირდება“.
საკონსერვო საწარმო „კულა“ ვაშლს და ატამს მოსახლეობისგან ყიდულობს და წვენს, მურაბას და ჯემს ამზადებს. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი გაიანე ეგანიანი ამბობს, რომ წარმადობის სიმძლავრეს იმ შემთხვევაში გაზრდიან, თუკი კომპანია ახალ ბაზრებზე გასვლას შეძლებს.
იმავე პოზიციაზეა „მარნეულის საკონსერვო ქარხანა“, რომელიც სეზონზე 1000 ტონამდე ვაშლის გადამუშავებას ახდენს და წარმოებულ პროდუქციას (პიურე, ხილფაფა, ჯემი) ადგილობრივ ბაზარზე ასაღებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ახალი, 60 გადამამუშავებელი საწარმოს შექმნისთვის გამოიყოფა იაფი და გრძელვადიანი კრედიტები: „რამდენი პროექტიც შემოვა, ყველას ექნება საშუალება მიიღოს გრძელვადიანი, მინიმუმ 7-წლიანი კრედიტი, 30 000-დან 600 000-მდე ლარი. ეს მცირე და საშუალო საწარმოს შეძენისათვის საკმარისია და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, თუ ექნება შესატყვისი პროექტი. 60 საწარმო მინიმუმია, მე ვამბობდი, რომ რეგიონში ერთი საწარმო მაინც უნდა დაფუძნდეს, თუ იქნება მეტი, ამის საშუალებაც იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
თუმცა, ჩვენს შეკითხვას, თუ რამდენი გადამამუშავებელი საწარმო დაფინანსდა და გაიხსნა ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს, ვერ უპასუხეს.
