ეკონომიკა

ბანკების არასაბანკო ბიზნესი

19 ივნისი, 2013 • 2744
ბანკების არასაბანკო ბიზნესი

საქართველოში მოქმედი 20 კომერციული ბანკიდან არაპროფილურ აქტივებს, ძირითადად, ორი მათგანი ფლობს: „საქართველოს ბანკი“ 61 შვილობილი კომპანიის მესაკუთრეა, “თიბისი ბანკი” კი – 10-ის.

 

“ეს არის ორი ოლიგოპოლია. ორი ყველაზე ძლიერი ბანკი საქართველოში, რომელსაც ამისთვის გააჩნია ფინანსური სახსრები. ნებისმიერი სხვა ბანკი, თუ ის მოძლიერდება, მასაც გაუჩნდება სურვილი, რომ შექმნას არასაბანკო ბიზნესი. აქ პრობლემა არის არა კონკურენციის, არამედ რეგულირების სისუსტეში. არ უნდა მისცეს ზედამხედველობის რეგულირების ნორმებმა ბანკის სამშენებლო ბიზნესს ან სადაზღვევო ბიზნესს მოიპოვოს მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე”, – ამბობს ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ლია ელიავა.

 

სამშენებლო კომპანია “არსი” “საქართველოს ბანკის” კრედიტორია და აპირებს, რომ ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. კომპანიის მიერ აშენებულ ობიექტში – „ორთაჭალის ტურფაში“ მოქალაქეები უკვე შესახლებული არიან, თუმცა ქონებას ვერ განკარგავენ, რადგან ბინები ბანკის მიერ იპოთეკითაა დატვირთული:

 

“მაისში „ორთაჭალის ტურფის“ თანხა სრულად გადავურიცხეთ ბანკს. მოვალის უფლებით ვისარგებლეთ და მივუთითეთ, რომ ეს თანხა სესხის უზრუნველსაყოფად კონკრეტულად ამ ობიექტზე მიმართულიყო და ობიექტი იპოთეკისგან გათავისუფლებულიყო. თუმცა ბანკმა ეს თანხა სხვა ობიექტის – “ძველი თბილისის” დავალიანების დასაფარად მიმართა. არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლოს ბანკმა ვალის დაფარვა “ორთაჭალის ტურფის” მობინადრეებს მოსთხოვოს. კომპანიის იმიჯი ილახება. 24 წელია ბაზარზე ვართ და არ დავუშვებთ, რომ ბანკმა ფული ხალხს გადაახდევინოს”, – ამბობს თიკო რატიანი,  “არსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ირაკლი როსტომაშვილი, “მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ “საქართველოს ბანკს” თვითონ აქვს ინტერესი სამშენებლო ბიზნესში, კერძოდ, კომპანია “ემ კვადრატის“ მფლობელია:

 

“აქვს ინტერესი ბაზარზე და სხვა დეველოპერებს ნაკლებად აფინანსებს და ხშირ შემთხვევაში, კომპანიების იმიჯის შელახვის მიზნით, ვალის დაფარვის მიუხედავად, მათ ქონებას იპოთეკას არ უხსნის. ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკურენტი კომპანიები დაკაბალებული ჰყავდეს. ნებისმიერი ბიზნესის წარმოებაში ბანკი ყველას აჯობებს. ბანკს შეუძლია თავისი კუთვნილი ნებისმიერი ბიზნესი დააფინანსოს და, შესაბამისად, ბაზარზე ამ სეგმენტის სხვა მოთამაშეები შეზღუდოს”.

 

ამ საკითხებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთის” შეკითხვებს “საქართველოს ბანკში” არ უპასუხეს.

 

“ბანკები არ ზღუდავენ კონკურენციას. კანონი “კომერციული ბანკების შესახებ” ბანკების ქმედებას არაპროფილური აქტივების ბაზარზე მკაცრად არეგულირებს,” – აცხადებს “საბანკო ასოციაციის” ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია.

 

“კომერციული ბანკების შესახებ” კანონის მე–10 მუხლის მიხედვით, კომერციული ბანკი უფლებამოსილია ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს, ასევე, ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას; მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად და ა.შ.

 

“კონკრეტული ლიმიტების ზემოთ გარკვეულ იურიდიულ პირებში წილის ფლობა მხოლოდ სებ-ის თანხმობითაა შესაძლებელი. გამონაკლისს წარმოდგენს მხოლოდ საოპერაციო ლიზინგის განხორციელების უფლებამოსილება, რაც გარკვეულწილად, საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ აპრობირებული არ არის. ამ მხრივ გასათვალისწინებელია, რომ გლობალური კრიზისისა და აგვისტოს ომის შედეგად უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ გამოცოცხლების ფაზაშია. ამიტომ ბანკებისათვის აღნიშნული პრაქტიკის აკრძალვამ შესაძლებელია მოცემულ სექტორს საგრძნობი ზიანი მიაყენოს. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობის მასშტაბების სიმცირის პირობებში მათზე შეზღუდვების დაწესება მაკროპრუდენციული მიზნებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ უნდა იქნას მიჩნეული”, – განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

 

წლების წინ უცხოეთში კომერციულ ბანკებს ეკრძალებოდათ არაპროფილური აქტივების ფლობა და საბანკო საქმიანობის გარდა სხვა ბიზნესის წარმობა:  

 

“ეს რეგულირდებოდა გლას სტიგალის კანონით. მერე გააუქმეს ეს კანონი და ბანკებმა დაიწყეს თავისუფლად საქმიანობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ლიზინგი, დაზღვევა, უძრავი ქონება, სამშენებლო ბიზნესი,” – აცხადებს ლია ელიავა და იქვე განმარტავს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი ძალიან მკაცრად რეგულირდება საბანკო ზედამხედველობის მიერ.

 

“საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი არ კრძალავს ინვესტიციების განხორციელებას ბანკების მიერ, თუმცა ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს, მათ შორის, ნებართვებს, ლიმიტებს ბანკის კაპიტალთან მიმართებაში და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის დასარეგულირებლად დაწესებულ შეზღუდვებს. ბანკებს ეკრძალებათ ინსაიდერებთან შეღავათიანი პირობებით ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება. ამასთანავე, შვილობილი საწარმოების კაპიტალში ინვესტიციები იქვითება საზედამხედველო კაპიტალიდან. საბანკო სისტემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა, რაც აქტივების მხოლოდ 2,6 პროცენტს წარმოადგენს, თითქმის სრულადაა დაქვითული საზედამხედველო კაპიტალიდან”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

კომერციული ბანკების ინვესტიციებიდან 16 არსებული ინვესტიცია სებ-ის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე იქნა განხორციელებული.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, “საქართველოს ბანკი” 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისი აი“-ში, შპს“თელიანი ველში “ – 51,23%-ს, შპს “ინტერტურში” – 99,99%-ს, შპს „ჩემ კლინიკაში“ – 51%-ს, “რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში” – 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ “დინამოში” – 100%-ს და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.

 

”თიბისი ბანკი” ფლობს სალიზინგო კომპანია ”თიბისი ლიზინგის” 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება ”თიბისი კრედიტის” 75%-ს, საბროკერო კომპანია ”თიბისი ბროკერის” 100%-ს, ”გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის” 93%-ს, ”უძრავი ქონების მართვის ფონდის” 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, ”თიბისი ფეის” 100%-ს, ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია ”თიბისი ინვესტს”.

 

“თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი  ჯგუფის ქვეშ არსებული ყველა შვილობილი კომპანია ფინანსურ სექტორში მუშაობს:

 

”მაგალითად, სალიზინგო კომპანია არის საბანკო პროდუქტის მსგავსი. თიბისი ბროკერი ახორციელებს საბანკო ოპერაციებს. ფინანსური ლიზინგი ალტერნატიული დაფინანსების თემაა. ჩვენ არაპროფილური აქტივები აღარ გვაქვს, გავედით სადაზღვევო და სამშენებლო ბაზრიდან.“

 

თუ რატომ დათმო  “თიბისი ჯგუფმა” არაპროფილური ბიზნესები, ხაზარაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ბიზნესჯგუფი ამ სექტორში დაბრუნებას არ გეგმავს:


“ჩვენ არ ვგეგმავთ არაპროფილური ბიზნესის წარმოებას. გვაქვს ცალკე კომპანია, ცალკე დამფინანსებლებით, რომელიც ახორციელებს „ლისის დეველოპმენტს“. ეს ბანკთან კავშირში არ არის. ზოგი ბანკი ფიქრობს, რომ არაპროფილური ბიზნესი მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს მხოლოდ ფინანსურ სექტორში ვართ.“

 

“კომერციული ბანკების შესახებ კანონის 30-ე მუხლში მკაცრად არის გაწერილი, რომ ბანკი პარამეტრებს არ უნდა გასცდეს. თუ ეს მოხდა, მაშინ ბანკს მკაცრი სასჯელი ელოდება,“ – ამბობს “საბანკო ასოციაციის” ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

კანონის ამ მუხლში საუბარია ისეთ სანქციებზე, როგორიცაა გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა, კომერციულ ბანკს შეუჩერდეს ან შეეზღუდოს აქტივების ზრდა, შემოღებული იქნას დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი, კომერციულ ბანკს გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, დაისაჯა თუ არა რომელიმე ბანკი ამ მუხლის შესაბამისად და რა სანქციები იქნა გამოყენებული? – საქართველოს ეროვნულ ბანკში არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი