ეკონომიკა

რატომ იცვლება თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი

17 ივნისი, 2013 •
რატომ იცვლება თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის თქმით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის კონსულტანტად გერმანული კომპანია დაიქირავეს, რომელმაც მენეჯმენტს პროექტის გადაკეთება ურჩია:   

 

“ჩვენ კონსულტანტად ავიყვანეთ გერმანული კომპანია, რომელთან ერთადაც ამ პროექტზე ვმუშაობთ. პროექტი, იმ საინჟინრო გადაწყვეტილებებით, რომელიც დღეს არსებობს, “საქართველოს რკინიგზინისთვის” ნაკლებად მიმზიდველი და საინტერესოა, ჩვენ ვმუშაობთ მის შემდგომ გაკეთილშობილებაზე.”

 

რას გულისხმობს პროექტის „გაკეთილშობილება“ და რა ცვლილებები შევა მასში და როდის იგეგმება მისი დასრულება, „საქართველოს  რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის არსებული პროექტი კომერციულად მიმზიდველი არ არის. 

 

პრემიერ–მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ რკინიზის შემოვლითი პროექტის განხორციელება წინასწარი შესწავლის გარეშე მოხდა:

 

„ეს არის ერთ–ერთი უგუნური პროექტი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ყოველგვარი წინასწარი გათვლის და ტექნიკური დასაბუთების გარეშე დაიწყო. ეს იყო ე.წ. ლოზუნგური პროექტი. დღეს მოხდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მხიდან ამ პროექტის შესწავლა და აღმოჩნდა, რომ როგორც მშენებლობის, ისე ექსპლოატაციის ფაზაში პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეაფერხებს „საქართველოს რკინიგზის“ მომავალ საქმინობას და განვითარებას.“

 

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ამ პროექტის გადაკეთება მოუწევს, ხოლო უხარისხო პროექტზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეკისროს:


„სააკაშვილისთვის ის კი არ იყო მთავარი, ქვეყანა წინ წაეყვანა, მთავარი იყო, რომ ლენტი გაეჭრა და ვირტუალურ პროექტებზე ესაუბრა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინტერესები ამ ყველაფრის შედეგად მნიშვნელოვნად ზიანდებოდა. ეს პროექტი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროექტთან დაკავშირებით სააკაშვილის კისერზეა, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეზე. ეს იყო მისი მორიგი ახირება.“

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა

 

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, მოხდება თუ არა პროექტის შეჩერება, ხუხაშვილი პასუხობს, რომ რკინიგზის შემოვლითი პროექტის განხორციელებაზე უკვე 200 მილიონი დაიხარჯა:

 

„აქ არის საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩადებული. აქედან გამომდინარე, ცალსახად პროექტის შეჩერება არ მოხდება.  შეიძლება ითქვას, რომ მოხდება პროექტის ტრანსფორმაცია, იმისთავის, რომ ეს ფული არ დაიკარგოს. რა მიმართულებით, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.“

 

ხუხაშვილის მტკიცებით, პროექტის დაფინანსების გეგემა არსებობს, მოზიდულია საჭირო ფულიც, თუმცა მთავარი პრობლემა პროექტის არარენტაბელურობაა:

 

“საკონსულტაციო კომპანიის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რკინიგზის გადაზიდვებს ამ პროექტის განხორციელება აძვირებს და ტვირთების გატარების დროც არ არის მომგებიანი. პროექტის ორი ძირითადი პარამეტრი არის დარღვეული. რაც მეტყველებს იმაზე, რომ მისი ინიცირება იყო უგუნურება და ანტისახელმწიფორბრივი ქმედება. ეს დასკვნა დადეს გერმანელებმა, ფაქტობრივად. უგუნურება კი იყო, მაგრამ მასში 200 მილიონი ლარია ჩაქცეული და ხომ არ გადააგდებ?“    

 

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს კომპანიის პრიორიტეტებში არ განიხილავს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე:


„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს რკინიგზას. ჩვენი მთავარი მიზანია მგზავრების გადაყვანის უსაფრთხოება,  მეორე საკითხია ახალი ტვირთების მოზიდვა შუა აზიის ქვეყნებიდან, სადაც არსებობს ძალიან დიდი რეზერვი. მესამე პრიორიტეტი არის ტარიფების ოპტიმიზიაცია, მეოთხე – ჩვენი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ახალი მართვის სისტემების და ფინანსური სტანდარტების დანერგვა. შემდეგი პრიორიტეტი არის კერძო მოძრავი შემადგენლობის ფორმირების ხელშეწყობა. ეს არის კომპანიის  სტრატეგიული პრიორიტეტები მომდევნო წლებში, რაც გამოწვევს რკინიგზის შემოსავლების ზრდას და მის მოდერნიზაციას.“

 

 

შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება „საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წელს დაიწყო. პროექტში უნდა ჩართულიყო  “ევ­რო­პის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი” (EBRD), რომელსაც სესხის სახით 100 მილიონი ევრო  უნდა გამოეყო. 2011 წელს (EBRD)–ი ამ პროექტს გამოეთიშა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ პროექტიდან გასვლის მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს.

 

“სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის”  ყოფილმა  გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ეზუგ­ბა­ი­ამ 2011 წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­და, რომ შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის ღირებულება 170 მლნ ევ­რო იყო. პირ­ვე­ლა­დი საპ­რო­ექ­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, 100 მლნ ევ­რო “სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზას” “ევ­რო­პის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის­გან” სეს­ხის სა­ხით უნ­და მი­ე­ღო, ხო­ლო 70 მლნ ევ­როს თა­ვად კომპანია გა­მო­ყოფ­და, თუმ­ცა  (EBRD)–ის პროექტიდან გასვლის შემდეგ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მთლი­ა­ნად რკინიგზას  უნდა დაეფარა.

 

შემოვლითი რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბას ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი  ქარ­თულ-ჩი­ნუ­რი კონ­სორ­ცი­უ­მი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა “ხიდ­მ­შე­ნი” ახორ­ცი­ე­ლებდა. 2011 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კომპანიამ ამ პროექტზე საკუთარი სახსრებიდან 140 მილიონი ლარი დახარჯა.

 

„საქართველოს რკინიგზამ“ 980 მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­ის­ყი­და, მა­თ მფლო­ბე­ლე­ბის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ კი 22 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტი თან­ხა გას­ცა.

 

თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა 2013 წლი­სათ­ვის იგეგმებოდა.  „საქართველოს რკინიგზის“ გენერელური დირქტორი მამუკა ბახტაძე პროექტის გაგრძელების და დასრულების ვადებს ვერ ასახელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი