ეკონომიკა

რატომ იცვლება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელი

15 მაისი, 2013 • • 1697
რატომ იცვლება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელი

ევროკავშირის ელჩის ფილიპ  დიმიტროვის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს შეუერთდეს ევროპის  “ენერგეტიკულ საზოგადოებას”:

 

„აქ ბევრი ამოცანაა გადასაწყვეტი. საქართველოს ენერგოსისტემა უნდა მიუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას. ვართ პროცესში. ხდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დაზუსტება. ენერგეტიკა არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის“.

 

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ, რომ ევროპის „ენერგეტიკული საზოგადოების“ წევრი გახდეს და მისი ენერგოსისტემა ევროკავშირის კანონმდებლობას მიუახლოვდეს?

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინიტრომ აპლიკაცია ევროპის “ენერგეტიკულ საზოგადოებაში” გასაწევრიანებლად 2013 წლის იანვარში შეავსო. შემდეგ აპლიკაცია საგარეო საქმეთა სამინიტროს გადასცა. მაია ფანჯიკიძის უწყებამ კი ევროპის „ენერგეტიკულ საზოგადოებას“ გადაუგზავნა.

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროპის “ენერგეტიკულ საზოგადოებაში” გაწევრიანების საკითხის წამოწევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება.

 

„ევროპის “ენერგეტიკულ საზოგადოებაში” წევრიანდებიან ის ქვეყნები, როემლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ გარკვეულ პრინციპებს ენერგეტიკული ბაზრისას იზიარებენ, ვთქვათ, როგორც არის მოწყობილი ევროკავშირის ენერგეტრიკული კანონმდებლობა. ჩვენ ვიყავით დამკვირვებელი და 2012 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადი შეეტანა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მანდატი პრაქტიკულად მიღებული გვაქვს და ალბათ 2013 წლის ოქტომბრიდან ოფიციალური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყება. ამ საზოგადოებაში გაწევრიანება სავარაუდოდ ერთ წელიწადში მოხდება.“

 

მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ “ენერგეტიკული საზოგადოების” ქარტიის მოთხოვნები უფრო დაბალი დონის არის, ვიდრე ევროკავშირის დღევანდელი ენერგეტიკული კანონმდებლობა:

 

“ჩვენ ამას ვიყენებთ, როგორც ადაპტირებისთვის გარდამავალ ეტაპს, ამ რელსებზე გადასვლა რომ არ გაგვიჭირდეს. “ენერგეტიკულ საზოგადოებაში” გაწევრიანებით მივიღებთ გარკვეულ გამოცდილებას, უფრო მომზადებული და წინგადადგმული გვექნება ნაბიჯი, რათა მოხდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ჰარმონიზაცია.” 

 

ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით საქართველოს ენერგოსისტემა 2015 წლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე გადავა. როგორც ენერგეტიკის სამინიტროში განმარტავენ, ამ საკითხზე სამინისტროში ოთხი ჯგუფი მუშაობს. 

 

“ახლა ვმუშაობთ ჩარჩოს შექმნაზე. ხდება ფუნქციების გადანაწილება. მიდის საუბარი იმაზე, თუ რომელი პროგრამული უზრუნველყოფა დაგვჭირდება და საბაზრო წესები. რამდენიმე ჯგუფია ჩამოყალიბებული და მიდის მუშაობა USAID–ის პროექტის ფარგლებში. უშუალოდ ამ მოდელზე რომ გადავიდეთ, ამის საშუალება 2015 წლის ბოლოს გვექნება”.     

 

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი (GEMM 2015) USAID–ის პროექტის ფარგლებში  ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელმა მაიკლ ჯეიკ დელფიმ მოამზადა. დელფის ინფორმაციით, შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს და სხვა უწყებებს ბაზრის ახალ მოდელზე გადასასვლელად კანონმდებლობის მომზადებაში 2013 წლის აგვისტოდან დაეხმარება:

 

„რისი მიღწევა გვსურს 2015 წელს: საჭიროა ელექტროენერგიის და გაზის კანონის შეცვლა. ახალი საქმინობისათვის საჭიროა ლიცენზირების სისტემის დახვეწა და ქსელის კოდექსის შესწორებებზე მუშაობა. ამ შემთხვევაში ქსელის, გადაცემის და ექსპორტის ტარიფების გადახედვა მნიშვნელოვანია. უნდა მოხდეს დაბალანსებული ბაზრის შექმნა და კონკურენტული ვაჭრობა, რისი მიღწევაც 2015 წლისთვის შესაძლებელი იქნება“. 

 

დელფის განცხადებით, ერთ–ერთი სამუშაო ჯგუფი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას (სემეკს) დაეხმარება ლიცენზირებისა და ტარიფების საკითხში: “ტარიფები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ დანახარჯებს. მარეგულირებელმა უნდა უზრუნველყოს მონიტორინგი, რათა არ მოხდეს ბაზრის ცუდად გამოყენება.“  

 

სემეკის წევრი გოჩა შონავა ამბობს, რომ ხარვეზები სემეკის სატარიფო სისტემაში არსებობს:

 

“ელექტროენერგის ყიდვა–გაყიდვის და დისტრიბუციის ტარიფი უნდა განცალკევდეს. კლასიკურად ყველა ქვეყანაში ასეა, სადაც არის ბაზარი დერეგულირებული. ბაზარზე შემოვლენ მომწოდებლები, რომლებიც  იყიდიან ან გაყიდიან ელექტროენერგიას. ცალკე იქნებიან დისტრიბუტირები. მათთვის იქნება სხვადასხვა ტარიფები. როცა მოხდება ბაზრის ახალ მოდელზე გადაწყობა, კომისია დაუდგენს მათ გარკვეულ მარჟას. სემეკს ამ თემაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია.“

 

გოჩა შონავას ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს ენერგობაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა–გაყიდვას და დისტრიბუციას „ენერგოპრო ჯორჯია“ და „თელასი“ ახორციელებს. კომპანიებთან 2012 წლის დეკემბერში დადებული მემორანდუმით ტარიფების გადახედვა 2014–2016 წლებში უნდა მოხდეს. 

 

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი თურქეთთან ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასაც ითვალისწინებს. ამ მიზნით ხორციელდება შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტი, რომელსაც  „ენერგოტრანსი“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლის კახა სეხნიაშვილის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის საქართველო–თურქეთის ახალი გადამცემი ხაზის  98 პროცენტი თითქმის  დასრულებულია:

 

„400- კილოვოლტიანი ახალციხე–თურქეთის ხაზი 33 კილომეტრს მოიცავს. დამონტაჟდა ახალი ელექტროგადამცემი ანძები. დასრულებულია ასევე მაღალი ძაბვის 350 -მეგავატიანი ქვესადგურის მშენებლობა ახალციხეში. ხაზი და ქვესადგური მალე გადავა ტესტირების რეჟიმში, რომელიც  მოიცავს 51 დღეს. მოკლე პერიოდის განმავლობაში თუ ხარვეზები აღმოჩნდა, ორი კვირა დასჭირდება აღმოფხვრას და დახვეწას. კვლევის შესაბამისად, მთლიანი დანაკარგი მაღალი ძაბვის ქვესადგურზე არ უნდა შეადგენდეს ელექტროენერგიის 1,5–4 პროცენტს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი