ეკონომიკა

რა ქონება გაყიდა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის დამკვეთმა

25 დეკემბერი, 2012 •
რა ქონება გაყიდა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის დამკვეთმა

ყველაზე დიდი თანხის მობილიზება შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიურომ” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების და აქციების გაყიდვით მოახერხა. ამ წილების გასხვისება მიმდინარეობდა როგორც აუქციონების, ასევე პირდაპირი მიყიდვის გზით. 

 

მაგალითად, ყველაზე ძვირადღირებული სს „ხრამჰესის“ აქციების 100% გასხვისებული იქნა პირდაპირი მიყიდვის საშუალებით: “ხრამჰესის” 100%-იანი წილი 99 774 000 ლარად იყიდა კომპანიამ Gardabani Holdings B.V.

 

აუქციონზე ყველაზე ძვირად სს “აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის” 30 296 304 აქცია გაიყიდა, რაშიც 6 670 000 ლარი გადაიხადა შპს “ჯორჯიან მედიმ”.

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების გასხვისებით შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ მოახდინა საკუთარ ანგარიშზე 66 730 434 ლარის აკუმულირება. გასხვისებული მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობები უმეტეს შემთხვევაში მდებარეობს ქ. თბილისის ტერიტორიაზე, მათი გასხვისებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 61 451 572 ლარი, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონების მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების გაყიდვით მიღებული შემოსავალმა შეადგინა 5 278 862 ლარი.

 

ყველაზე ძვირად – 10 675 770 ლარად გაყიდულია თბილისში, ასათიანის #10-ში მდებარე 37 541 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც შეიძინა პირდაპირი მიყიდვის გზით შპს BD Property-მ.

 

2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს, ზემოთ მოყვანილი სახელმწიფო ქონების ჩამონათვალის გარდა,  გასაყიდად გადაეცა ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის მანქანა-დანადგარები.  ავტომობილების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 91 750 ლარი, ხოლო სხვადასხვა მანქანა-დანადგარებით მიღებულმა შემოსავალმა –  184 000 ლარი.

 

“ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის” ცნობით, აღნიშნული ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი მიმართული იყო საქართველოს ახალი პარლამენტის მშენებლობაზე ქუთაისში.

 

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის დამკვეთად 2011 წლიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებით, განისაზღვრა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“. 

 

“ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, პარლამენტის მშენებლობისთვის  შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ დაფინანსების ორი წყარო გააჩნდა – სახელწმიფო ბიუჯეტის გამოყოფილი თანხა და სახელმწიფო ქონების გაყიდვის ან სხვა კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

 

დეტალური ინფორმაცია შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს” მიერ გასხვისებული სახელმწიფო ქონების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი