ეკონომიკა

თიბისი ბანკის ვიცეპრეზიდენტი: დეპოზიტების დაზღვევა ეფექტს ვერ მოიტანს

29 ოქტომბერი, 2012 • • 2684
თიბისი ბანკის ვიცეპრეზიდენტი: დეპოზიტების დაზღვევა ეფექტს ვერ მოიტანს

ბანკებმა საპროცენტო განაკვეთს  ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შემდგარი ცნობილი შეხვედრის შემდეგ გადახედეს. როგორც ჩანს, საპროცენტო განაკვეთის დაწევის რესურსი იყო. რატომ არ ხდებოდა მანამდე პროცენტის დაწევა?

 

თიბისი ბანკის სასეხსო პორტფელს თუ გადავხედავთ, ბოლო 14 თვის განმავლობაში საცალო დაკრედიტების სფეროში, ანუ მოსახლეობაზე გაცემულ სესხებზე საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა დაიკლო დაახლოებით 2,1 პროცენტით. ბიზნესზე გაცემულმა სესხებმა დაიკლო 1,2 პროცენტით.  

 

პაატა ღაძაძე
პაატა ღაძაძე

მოსალოდნელია თუ არა ამ ტენდენციის შენარჩუნება და რა არის საპროცენტო განაკვეთების შემცირების წინაპირობა? 

 

საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია განპირობებული არის, ძირითადად ჩვენს შემთხვევაში, ქსელის გაფართოებით, მაგრამ ძირითადად ეს განპირობებულია დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების სტაბილურობით. მომავალშიც მოსალოდნელია პროცენტების დაწევა, საბაზრო პირობები ისეთი არის, ძირითადი ფაქტორი მაინც არის დეპოზიტებზე განაკვეთის დაწევა. ალბათ მოსალოდნელია, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში დეპოზიტების განაკვეთები, განსაკუთრებით „თიბისი ბანკში“  დაიწევს საშუალოდ 1–1,5 პროცენტით, რაც ალბათ გამოიწვევს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევას. საშუალოდ უნდა ველოდოთ, რომ იპოთეკური სესხების ნაწილში სადღაც ერთი პროცენტით დაიწევს განაკვეთი მომავალი ერთი წლის განმავლობაში. საშუალო დონიდან მინიმუმ–მაქსიმუმს აქ ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ გააჩნია პროექტს. ჩვეულებრივი სწრაფი დაკრედიტების სფეროში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთის ასევე 1,5 პროცენტით დაწევა მომავალი 12 თვის განმავლობაში. რაც შეეხება კორპორატიულ სესხებს, აქაც 0,5 პროცენტით მაინც დაიწევს განაკვეთი იმიტომ, რომ დღეს „თიბისი“ ბანკს ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს კორპორაციული სექტორისთვის.

 

თუ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებთ დეპოზიტებზე, ანაბრებს როგორ მოიზიდავთ? ამ შემთხვევაში „თიბისი ბანკის“ ახალი პროდუქტი „ოქროს ანაბარი“ მიმზიდველი ხომ არ გახდება?

 

ეს არ არის მასობრივი პროდუქტი. მიმზიდველია მხოლოდ განსაკუთრებული ტიპის კლიენტებისათვის, რომელთაც სურთ, გარკვეულად ანაბრების დაცვის დამატებითი ელემენტი შექმნან. არ არის ეს მასობრივად გავრცობილი პროდუქტი. იმიტომ არა, რომ არ ჩავატარეთ სპეციალური პიარ-კამპანია. იმიტომ, რომ მოთხოვნა სპეციფიკურია ძალიან. კლიენტები არიან ქართველი რეზიდენტები. ვისაც დამატებითი გარანტიები და დამატებითი კომპონენტი უნდა, რომ შესძინოს თავის დეპოზიტებს, ის ირჩევს ამ პროდუქტს. როგორც კი ხდება ოქროს ფასის აწევა, ეს პროდუქტი იმ ფასთან არის ელასტიური. თუ ფასი დაბლა იწევს, ამ კომპონენტის წილიც იწევს დაბლა.

 

ხელისუფლებაში აქტიურად საუბრობენ დეპოზიტების დაზღვევაზე და შესაბამისი კანონპროექტის მომზადებას გეგმავენ. როგორი იქნება ეფექტი, გაიზრდება თუ არა ბანკების მიმართ სანდოობა და მოსალოდნელია თუ არა დეპოზიტების მოცულობის ზრდა?

 

ზოგადად, ამ პროექტის ინიცირება ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა. ეს ინიციციატივა მოდიოდა ძირითადად ქართული ინსტიტუტების მხრიდან. საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადასტურებულია, რომ დეპოზიტების დაზღვევის  ეფექტები იყო გადაჭარბებული. ანუ არ გამართლდა ის პროგნოზები, ჯამურად რა ეფექტებიც შეიძლებოდა მოეტანა. ჩვენს ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში საბანკო სფეროში გაკოტრებული ბანკი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე კრიზისი გადაიარა. როდესაც სტაბილური საბანკო სექტორი მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება, დეპოზიტების დაზღვევის პრობლემა დღევანდელ სიტუაციაში გადაწეულია მეორე პლანზე. თუმცა ინსტიტუციონალური განვითარებისათვის ეს შეიძლება საინტერესო იყოს. ის ემსახურება შუა კლასის ანაბრების და არა დიდი მოცულობის ანაბრების დაზღვევას, როგორც ეს უცხოეთში არის. თუ კანონპროექტი ასეთი სახით იქნება წარმოდგენილი, ეს იქნება როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ერთ–ერთი მიმართულება და არა კერძო სექტორის ინიციატივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი