ეკონომიკა

ვანო მერაბიშვილი: საქართველოში ჰესების ბუმია დაწყებული

12 სექტემბერი, 2012 •
ვანო მერაბიშვილი: საქართველოში ჰესების ბუმია დაწყებული

ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა დუშეთის რაიონში „არაგვი ჰესის” მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებთან საუბრისას გააკეთა:

“ბუმია დაწყებული ჰესების და თქვენ არ გამოგელევათ საქმე. საქართველოში მომავალი 20-25 წელიწადი ჰესების ბუმი იქნება, არ გაჩერდება. აი, მაგალითად, საქართველო მსოფლიოში არის მეორე ადგილზე ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსებით, პირველ ადგილზეა ნორვეგია. ნორვეგიაში სულ ათვისებულია 100%, საქართველოში არის 20% ათვისებული. ღმერთმა ქნას, რომ თქვენსავით სხვებსაც ჰქონდეს სამსახური”, – განაცხადა მერაბიშვილმა. 

„არაგვი ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლის იანვარში უნდა დასრულდეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად საქართველოში 17 ჰეს-ის მშენებლობა მიმდინარეობს და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

„არაგვი ჰესის” დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარია. ჰეს-ის მშენებლობაზე 122 ადამიანია დასაქმებული.

დუშეთის რაიონში ვიზტის დროს პრემიერ-მინისტრი გუდაურსა და ფასანაურს შორის, სოფელ ნაღვარევში მდებარე საოჯახო სასტუმრო „არაგვსსაც” ესტუმრა და მის მფლობელს გაესაუბრა. ვანო მერაბიშვილმა სასტუმროს მფლობელს გააცნო მთავრობის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მცირე ზომის სასტუმროების რეკლამირებას, ვინაიდან სასტუმროებს ხშირად საშუალება არ აქვთ თავად დააფინანსონ მსგავსი ხარჯები. ამ მიზნით უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელშიც დიდ სასტუმროებთან ერთად შევა სასტუმრო „არაგვის” მსგავსი მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებიც, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს ოთახები წინასწარ, ინტერნეტის გამოყენებით დაჯავშნონ.


“საქართველოს პრემიერ-მინისტრად რომ დავინიშნე, აღმოვაჩინე, რომ ბიუჯეტში გვაქვს ფული უცხეთში საქართველოს რეკლამისთვის. წელს საქართველოში 50%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა. სწორედ თქვენნაირ სასტუმროებს ჭირდება რეკლამა”, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შედეგად, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში ტურისტების რაოდენობისა და მგზავრთა ნაკადის მკვეთრ ზრდაზე. მისი განცხადებით, კობი-გუდაურის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მომდევნო წლის აპრილში დასრულდება, აღნიშნულ რაიონებში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და დამატებით შემოსავალს მოუტანს მათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი