ეკონომიკა

ათ მილიონამდე რუსთაველის ქუჩისათვის

3 სექტემბერი, 2012 •
ათ მილიონამდე რუსთაველის ქუჩისათვის

საძიებო სისტემის – „გუგლის“ მონაცემებით რუსთაველის ქუჩის სიგრძე 1600 მეტრია, სიგანე – 12. ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე ტროტუარის სიგანე, საშუალოდ, 7 მეტრია.

სპეციალისტები, რომლებსაც ქუჩების მოსაპირკეთებელი მასალების შემოტანა-შესყიდვის ხანგრძლივი პრაქტიკა აქვთ, ამბობენ, რომ ერთი კვადრატული მეტრი ფილა, რითაც რუსთაველზე ტროტუარებია მოკირწყლული, 110 ლარი ღირს, ხოლო ერთი მეტრი გრანიტის ბორდიური, რომელიც ასევე ამ ქუჩაზეა გამოყენებული – 45 ლარი. შესაბამისად, ერთი კვადრატული მეტრის მოპირკეთება-მოასფალტებაში რუსთაველზე, მთლიანობაში, 566 ლარი დაიხარჯა (იხილეთ ცხრილი). 

 

რუსთაველის ქუჩის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა მხოლოდ ამით არ დასრულებულა. „ბათუმელები„ აქამდეც წერდა, ამ ქუჩის გარეგანათებისთვის წელს 1 274 994 ლარი დახარჯეს. თუმცა არც ეს არის საბოლოო ხარჯი – უბრალოდ „ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა თანხა დაიხარჯა ზღვისპირა ქუჩაზე ჩატარებულ მიწისქვეშა სამუშაოებზე. 


რამდენად მიზანშეწონილია ნახევარ მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა 1500 მეტრი სიგრძის ქუჩის მოასფალტებაზე (2011 წელს 764 996 ლარი დაიხარჯა) მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეში ამ ასფალტის ათხრა და, შესაბამისად, ქვაფენილის დაგება იყო გადაწყვეტილი? არის თუ არა ეს ბიუჯეტის ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვა და თუ ეს ასეა, ვის ეკისრება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა?


ამ კითხვებს ბათუმის ვიცე-მერი ჯემალ ანანიძე პასუხობს: „მართალია 2011 წელს ვიცოდით, რომ კაპიტალური რემონტი იყო დაგეგმილი, მაგრამ საკმარისი თანხა არ გვქონდა, ამიტომ ორმულ შეკეთებას, მაინც ვარჩიეთ მთლიანად აგვეთხარა ქუჩა და ასფალტის ერთი ფენით დაგეფარა. ეს იყო შუალედური სამუშაო. წელს როგორც კი გაგვიჩნდა თანხა, დავიწყეთ კაპიტალურად რემონტი… ჩვენ ასეთი რამდენიმე ქუჩა გვაქვს, მაგალითად, ჭავჭავაძე, რომელსაც საერთაშორისო მაგისტრალი უერთდება. აქაც შემდგომ ვაპირებთ კაპიტალური რემონტის ჩატარებას. რაც შეეხება ფასთა სხვაობას რუსთაველსა და მელიქიშვილს შორის – რუსთაველზე გრანიტი და ბაზალტია გამოყენებული, მელიქიშვილზე კი – ცემენტის ფილები. გარდა ამისა, ასფალტი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე – ქვაფენილი. რუსთაველზე სანიაღვრე სისტემაც მოვაწყვეთ“. 


კობა ჩხეიძე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბათუმში, ამ პროცესს სხვაგვარად აღიქვამს: „როცა ხუთჯერ ერთ ქუჩას აკეთებ, ამით სხვა ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეების ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს ლახავ. სხვა ქუჩებზე დროებით ასფალტს მხოლოდ საარჩევნო წლებში აგებენ, რომელიც რამდენიმე თვეს ძლებს, არასარჩევნო წლებში კი რუსთაველს არემონტებენ გაუაზრებლად… ეს ქუჩა სამთავრობო ტრასაა, ჩამოსულ სტუმრებს აოცებენ, ეტყობა. სამი ქუჩის მიღმა რაც ხდება, ხელისუფლებას არ აინტერესებს. სხვათა შორის, რუსთაველზე ბათუმის მასშტაბით ყველაზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბათუმის ბიუჯეტი არაბათუმელებზეა გათვლილი.

 

მომისმენია, თითქოს ყველაფერს ვერ წვდებიან, მაგრამ ქალაქში, სადაც ამდენი გადათხრილი ქუჩაა, სადაც გაფართოებამდე 15 ათასზე მეტი უმწეო მოქალაქე ცხოვრობდა 24 ლარით, მხოლოდ რუსთაველის ამდენჯერ გარემონტება საეჭვოა. ცხადი ხდება, რომ ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმარებული. ეს პარადოქსია, რომელსაც ტურიზმის განვითარება ჰქვია. თუმცა ქუჩა –  ეს ხილული მხარეა, უხილავი საქმეები უფრო მეტ კითხით ნიშანს აჩენს“.


2012 წელს დასრულდა ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის მოასფალტება. ამ ქუჩის მოსაწესრიგებლად ბოლო 10 წელია არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან. ქუჩის ავარიულობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, არ მოძრაობდა ტრანსპორტი, არ იყო გარეგანათება, საკანალიზაციო სისტემა, ტროტუარებიც კი. მელიქიშვილის კეთილმოწყობაზე, რომლის სიგრძე „გუგლის“ მონაცემებით 1932 მეტრია, 1 762 358 ლარი დაიხარჯა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის მოწესრიგებაზე, რუსთაველის ქუჩასთან შედარებით, თითქმის რვაჯერ ნაკლები თანხა დაიხარჯა. 

 

პაატა აროშიძე – დამოუკიდებელი ეკონომისტი: „თუ სიმართლეა, რომ ერთი კვადრატული მეტრის მოპირკეთებაში 566 ლარი დაიხარჯა, საკმაოდ გაბერილი ციფრია. მით უმეტეს, როცა ამაში არ შედის შუა ზოლის გამწვანება და განათება. მხოლოდ ქვაფენილის დაგება გრუნტზე, დიდ საინჟინრო სამუშაოების შესრულებას არ საჭიროებს, შესაბამისად, არც ისე ძვირია… რადგან მერიამ ჩაიბარა ეს სამუშაოები, ესე იგი თვლის, რომ ფასი ადეკვატურია, მაგრამ ალტერნატიული გათვლების შემთხვევაში სულაც არ გამოვრიცხავ სხვა ციფრი მივიღოთ. 566 ლარი ჩემთვის საეჭვო თანხაა, მით უფრო, რომ საქმე გვაქვს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან, სადაც ყველაზე ადვილად შეიძლება ფულის მოტეხვა“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი