ფარმაცევტები ამბობენ, რომ: 1. არ აქვთ უფლება, დაისვენონ შაბათ-კვირას; 2. მუშაობენ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე; 3. ჩხრეკენ ქარხნიდან გამოსვლის დროს, მაგალითად, მკერდს უმოწმებენ (ადრე საცვალსაც უმოწმებდნენ); 4. გამოსასვლელში არ აქვთ უფლება, “გენერალურს” ან მენეჯერებს წინ გაუსწრონ; 5. ამას და კიდევ ბევრ სხვა რამეს იტანენ 200 ლარისთვის, რომელიც შეიძლება სამი თვის დაგვიანებით მიიღონ.
ის, რასაც “ბიოპოლუსის” შესახებ ყვებიან
ქალები, რომლებიც რედაქციაში მოვიდნენ, 20-დან 35-წლამდე ასაკის არიან. ერთ კვირას აწარმოებდნენ მოლაპარაკებას იმის მისაღწევად, რომ მათი კონფიდენციალობა დაცული იქნებოდა, როცა გარანტია მიიღეს, რედაქციაში მოვიდნენ. ისინი “ბიოპოლუსში” მუშაობენ, საწარმოში, რომელსაც 2012 წლამდე “ბათფარმა” ერქვა.
რიგით თანამშრომლებს რაც აწუხებთ “ბიოპოლუსში”, ის ადმინისტრაციის პრობლემა არ არის, პირიქით, ამ პრობლემებს რიგითებს ადმინისტრაცია უქმნის.
“კვირას მუშაობას საამქროების უფროსები ითხოვენ. ალბათ, მათაც ავალებენ და მაგიტომ. კამერებით გვითვალთვალებენ. ერთი წუთით რომ გაჩერდე, ეგრევე დაგირეკავენ. მძიმე ფიზიკურ საქმეს ვასრულებთ. ხელფასი 200 ლარი გვაქვს”, – ეს ერთ-ერთი ციტატაა იმათგან, რასაც “ბიოპოლუსის” თანამშრომლები დიქტოფონთან ამბობენ.
ფარმაცევტებს აწუხებთ ის, რომ ადმინისტრაცია მათ სრულყოფილ ადამიანებად არ აღიქვამს.
“კომპანიის იუბილეზე მოიტანეს ტორტი, შამპანურები და ეზოში იმხიარულეს, ჩვენ ფანჯრებიდან ვუყურებდით”, – ეს მეორე ციტატაა.
მუშებმა იციან, რომ ზოგჯერ ფანჯრებიდან გახედვაც ეკრძალებათ.
“ეს მაშინ ხდება, როცა მიშა მოდის. შეგვყრიან საამქროებში და გვეუბნებიან, რომ გარეთ გახედვა არ გავბედოთ. ტელევიზორში კი აჩვენებენ ვიღაცას, რომელიც ამბობს, რომ მაღალი ხელფასი აქვს და ბედნიერია”, – ესეც მესამე ციტატაა აუდიოჩანაწერიდან.
“ყოველი არჩევნების წინ თანამშრომლებს ამატებენ და ამატებენ. მერე კი – უშვებენ. ახლაც მიიღეს ბევრი”, – ეს კიდევ ერთი ციტატაა, რომელიც ასევე “ბიოპოლუსის” თანამშრომლებს ეკუთვნით.
“ბიოპოლუსის” თანამშრომლები, რომლებიც თავიანთ თავს ფარმაცევტებს უწოდებენ, ყველაზე მეტად “ბიოპოლუსის” უშიშროების სამსახურს უფრთხიან: “უშიშროების უფროსი ია გოგიტიძეა. მან ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს”. ია გოგიტიძე ამჟამად ისვენებს. ამბობს, რომ ვერც კომენტარს გააკეთებს და ვერც მისი “გენერალურის” ტელეფონის ნომერს მოგვცემს.
“გენერალური” კი ავთო ჯანგავაძეა. მან საუბარი არ ისურვა. ავთო ჯანგავაძე “ბიოპოლუსში”, ანუ მაშინდელ “ბათფარმაში” გელა გიგოლაშვილის – ამ კომპანიაში წილების ერთ-ერთი მფლობელისა და დირექტორის სკანდალური წასვლის შედეგ დაინიშნა. მაშინ
ითქვა, რომ გიგოლაშვილი დააპატიმრეს და ბევრი თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია გიგოლაშვილმა “ბათუმელებთან” არ დაადასტურა.
შუა რგოლი “ბიოპოლუსში”
ისინი საამქროების უფროსები არიან. მათზე რედაქციაში მოსულმა “ბიოპოლუსელებმა” თქვეს, რომ მათნაირი მუშები იყვნენ და დააწინაურეს.
მარიკა ფაილოძე, ტაბლეტების საამქროს უფროსი: “მე გადავამოწმებ იმას, რომ ჩემი თანამშრომლები თქვენთან იყვნენ მოსულები… შაბათ-კვირას თუ მუშაობენ, შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ”.
ლამზირა დიასამიძე, ანტიბიოტიკების საამქროს უფროსი: “შემთხვევა, რომ შაბათ-კვირას მუშაობა არ აუნაზღაურეს, პრაქტიკაში არ მქონია. 9-დან ცხრამდე თუ მუშაობენ, ეგ სურვილის მიხედვით ხდება, – მეტი ხელფასი გამოსდით. იმის გამო, რომ ვერ შეძლო ან ბავშვი ჰყავდა, არავინ გაუთავისუფლებიათ. ზეგანაკვეთურს იღებენ იმდენს, რაც 1 საათში ეკუთვნით. პრემიებიც კი აქვთ. მოჭრითი ხელფასი 200 ლარია”.
ირინა ქოქოლაძე, ამპულების საამქროს უფროსი: “ჩვენთან შაბათი ისედაც სამუშაო დღეა. რამდენიმე თვეა მუშაობა უკვე
კვირასაც დავიწყეთ – ნამუშევარი უნაზღაურდებათ. ჩემებს ხელფასი 270 ლარი აქვთ”.
ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი
2009 წელს საქართველოს პარლამენტში მისულ მიხეილ სააკაშვილს “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ უთხრა:
“ერთი თვის წინ პირადად თქვენ აჭარაში გახსენით “ბათფარმა” და შეჰპირდით აჭარის მოსახლეობას ასეულობით სამუშაო ადგილს. შეჰპირდით 500-ლარიან მინიმალურ ანაზღაურებას. თუმცა დღეს მივიღეთ ასეთი სიტუაცია: იმ ადამიანების
50 პროცენტი, ვინც მაშინ “დაასაქმეთ”, უკვე გათავისუფლებულია, ხოლო მათი საშუალო ხელფასი მხოლოდ 170 ლარია”.
2009 წლის შემდეგ ბათფარმა/ბიოპოლუსში ის შეიცვალა, რომ მუშებს ხელფასი 200 ლარამდე გაუზარდეს, თუმცა
გაუუქმეს კვება.
ლევან ვეფხვაძე ახლა ამბობს, რომ ამ პრობლემას უნდა აწესრიგებდეს კანონი და არა პრეზიდენტი:
“ჩვენ გვაქვს უსაშინლესი შრომის კოდექსი, რომლის საფუძველზეც დამქირავებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააგდოს დაქირავებული, მოექცეს ისე, როგორც მას სურს, გამოიძახოს არასამუშაო დღეებში, ამუშაოს ზეგანაკვეთურად და არაფერი აუნაზღაუროს. თუ არ შეიცვალა შრომის კოდექსი, არაფერი შეიცვლება. ამ საკითხს არჩევნების შემდეგ მივუბრუნდებით”.
ვანო მერაბიშვილის მეგობარი
2006 წელს ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა სახელმწიფომ “ლემისე კომპანის” 1,111 მილიონ ლარად მიჰყიდა. ქარხნის ტერიტორია 54 ათასი კვადრატული მეტრია და მასზე 24 შენობა-ნაგებობაა განთავსებული. “ლემისე კომპანიმ” ქარხნის ტერიტორიაზე დააფუძნა “ბათფარმა”, რომელმაც წამლების დამზადება განაგრძო. სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ლემისე კომპანის” დამფუძნებელი ლუხუმ კაპანაძე მინისტრ ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.
ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ “ლემისე კომპანიმ” ამ ხელისუფლების პირობებში ასეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიიღო 1 ლარად ან სიმბოლურ ფასად, მერე კი გაყიდა. ამ ყიდვა-გაყიდვის შედეგად ლუხუმ კაპანაძის კომპანიამ 27 მილიონამდე დოლარი მოიგო.