ვოლფი საკუთარ თავს ეკოტურიტს უწოდებს. ამბობს, რომ საქართველოს უნიკალური ლანდშაფტებისა და ველური ცხოველების სანახავად ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ველური პირობებისათვის შემზადებული იყო, ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემა ნაგავთან ერთად არამარკირებულმა გზამ შეუქმნა.
“ფეხით შემოვიარეთ ყაზბეგი, ფშავში, ხევსურეთი, მუცოს ხეობა, საგზაო ნიშნები არსადაა. თუ გზის გაგნება გინდა, გიდი უნდა დაიქირავო. მისი მომსახურება კი ძვირია. კიდევ ერთი პრობლემა ჩემთვის, როგორც ტურისტისთვის, იყო ნაგავი. გზად არც ერთი სანაგვე ყუთი არ შეგვხვედრია, ამიტომ ნაგავი ქალაქამდე ჩამოვიტანეთ,” – ამბობს გრეგორი ვოლფი.
“ეს არის შოკი ჩემთვის, იყო ველურ ბუნებაში, უნიკალურ ბუნებაში და ირგვლივ ხედავდე ნაგავს,” – ამბობს გრიგორ ვოლფი, ტურისტი გერმანიიდან.
ვოლფის მსგავსად, ინფრასტრუქტურულ გაუმართაობაზე საუბრობს ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიოუსაფრთხოებისა და ეკოსისტებემის დოქტორანტურის სტუდენტი ვონტერ ვან სტილანდი, რომელიც მომდევნო წელს ბათუმში გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად 200 ტურისტის ჩამოყვანას გეგმავს.
დოქტორანტი ამბობს, რომ საქართველოს უნიკალური ეკოსისტემა – ფრინველთა და ცხოველთა იშვიათი სახეობები საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში წლის ნებისმიერ პერიოდში ჩამოვიდნენ ეკოტურისტები. სტილანდის თქმით, ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში შესაძლოა უგზოობამ და ნაგვის პრობლემამ შეუშალოს ხელი:
“ეკოტურისტებს დავყოფდი ორ კატეგორიად: ნაწილი ჩამოდის ველური ბუნების სანახავად, ხოლო მეორე – უფრო სპეციფიკური ჯგუფი მოდის კონკრეტული უნიკალური ჯიშის ცხოველების თუ ფრინველების დასაკვირვებლად. საქართველოში ეკოტურიზმის იმდენად დიდი პოტენციალია, რომ წლის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი ეკოტურისტების მიღება. თუმცა ამისათვის უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა”.
სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ტბათა სისტემა ზღვის დონიდან 2700 მეტრზე მდებარეობს. ტბა ტურისტებს უნიკალური ბუნებითა და იშვიათი ხედებით იზიდავს.
ტბამდე მისასვლელი მარშრუტი საკმაოდ რთულია. 35– კილომეტრიან ტყიან და ციცაბო მონაკვეთზე მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს ვერსად ნახავთ. გზის მაჩვენებლის არარსებობის გამო უგიდოდ წასული ტურისტთა ჯგუფები მთაში ხშირად იკარგებიან.
კობა კოღოძეს ტობავარჩხილზე უკვე მეორე წელია, ტურისტები დაჰყავს. ამბობს, რომ ტურის მთავარი სირთულე არამარკირებული გზა და ნაგვის კონტეინერების არარსებობაა:
“გზა მარკირებული არსად არ არის. სანამ ამ მარშრუტზე დავიწყებდით ხალხის ტარებას, ძალიან კარგად შევისწავლეთ, რადგან მარტივად შეიძლება დაიკარგო. ასევე პრობლემას ქმნის ის, რომ ნაგავს ვერსად წაიღებ, ამიტომ ნაგავს ძირითადად ან ვწვათ, ან ვმარხავთ, უმეტესად ვმარხავთ კონსერვის ქილებს”.
ივიკო ჟვანია წელს “ტობავარჩხილზე” მეორედ ავიდა. ამბობს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით ტობავარჩხილზე ძალიან შეცვლილია:
“მომზადებული ვიყავით, რომ გზა არ არის, მაგრამ გაოგნებული დავრჩი ნაგვის რაოდენობით. ყველანაირი საჭმლის თუ კონსერვის ქილები ყველგან ყრია. ჩვენ არა მარტო ჩვენი, არამედ სხვისი დანატოვარი 20 კონსერვის ქილაც წამოვიღეთ. ძალიან ბევრიც დავწვით. ვფიქრობ, ტურისტების ზრდასთან ერთად, იმატებს ბუნებისთვის მიყენებული ზარალიც”.
“უიშვიათესი ხედებით, ფლორითა და ფაუნით. ბუნების ყველაზე ჰარმონიული შერწყმით, წითელ წიგნში დაცული ცხოველებით ტობავარჩხილი არის ადგილი, რომლის დაცულ ტერიტორიად გადაქცევას მთელ სიცოცხლეს მოვახმარ. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მოუნდეს ვინმეს აქ ნაგვის დაყრა,” – ამბობს ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი გიორგი ლემონჯავა.
ეკოლოგიის ფაკულტეტის კიდევ ერთ მაგისტრანტს მიხეილ ფოცხიშვილს მიაჩნია, რომ უიშვიათესი მცენარეები და ცხოველთა მრავალფეროვნება ტობავარჩხილს ეკოტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებით მიმზიდველს გახდის:
“ტობავრჩხილი უნიკალურია იმით, რომ საქართველოში იშვიათია, ტბა იყოს კლდეებს და მყინვარებს შორის და ასეთი ენდემური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდეს. თვითონ ტობავრჩხილის ტერიტორიასთან ახლოს არის ბზის უნიკალური ტყე, რომელიც ასევე წითელ წიგნშია შეტანილი. ტობავარჩხილისკენ მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, თუმცა, ალბათ, ეს ადგილს უნიკალურობას დაუკარგავს”.
ტობავარჩხილისაკენ მიმავალ გზაზე მწყემსების რამდენიმე “კარე” – ქოხია გასავლელი. ადგილობრივი მწყემსი ჯემალ მორგოშია ტურისტების მთავარი მასპინძელია. მწყემსი გზის დაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
“ბოლო ორი წლის მანძილზე, ალბათ, 2000 სტუმარი გავისტუმრეთ ამ კარეში, უმეტესობა არაქართველია. აღფრთოვანებულები არიან, აბა, სად შეიძლება ნახო ასეთი ბუნება, უსუფთავესი წყალი?! თუნდაც შუა ბილიკზე შეგიძლია წყლის დალევა. ახლა დაიწყეს საუბარი, რომ გზა უნდა გაკეთდეს. გზა თუ გაკეთდა, ეს ადგილი დაკარგავს თავის ხიბლს და ისეთი აღარ იქნება. აი, მე თვეობით ამ მთაში ვცხოვრობ და ერთი დღე მინდა ქვევით, სახლამდე ჩასასვლელად. გაკეთებული გზით, რა თქმა უნდა, უფრო მალე ჩავალ, მაგრამ ეს ადგილი ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახლაა, ამიტომ ისევ უგზოობა მირჩევნია,” – ამბობს მწყემსი.
უკანასკნელი რამდენიმე წელია ტურიზმი საქართველოს სტრატეგიულ მიმართულებად იქცა. პრემიერი ვანო მერაბიშვილი მოსახლეობას დაპჰირდა, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ტურისტების რაოდენობას შვიდ მილიონამდე გაზრდის.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 1 438 596 ტურისტია შემოსული.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ რაიმე ტიპის ოფიციალური სტრატეგია ეკოტურიზმის მიმართულებით შემუშავებული არ არის, შესაბამისად, არ ხდება ეკოტურისტების სტატისტიკის დადგენაც.
“როგორც ასეთი, ეკოტურიზმი ცალკე მიმართულებად არ არის გამოყოფილი. თუმცა დაცულ ტერიტორიებზე ვინც მიდიან, ისინიც ეკოტურისტები არიან. ამ ტერიტორიაზე უფრო კეთილმოწყობილია ინფრასტრუქტურა, არის მარკირებული ადგილები, ასევე არის სასტუმროები, თუმცა, როგორც ასეთი, ცალკე ეკოტურიზმის სტრატეგია არ გვაქვს,” – ამბობს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიმართულების წარმომადგენელი რუსუდან მამაცაშვილი.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |