ეკონომიკა

ბაზრის სამი მოთამაშე – რატომ ვერ ვითარდება ლიზინგი საქართველოში

30 მაისი, 2012 •
ბაზრის სამი მოთამაშე – რატომ ვერ ვითარდება ლიზინგი  საქართველოში

კარგი სალიზინგო სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებულ საქმიანობას უზრუნველყოფს“ – ამბობს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“  ექსპერტი შოთა მურღულია.

 

მისი თმით, საქართველოში ლიზინგის ბაზრის განვითარება კანონმდებლობაში არსებულმა ხარვეზებმა შეაფერხა: „მაღალი დაბეგვრის რეჟიმი სალიზინგო კომპანიებს მოგებას უმცირებდა. მოგების დაბალი მარჟა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ამ ბაზრის განვითარება შეაფერხა.“  

 

არსებული სტატისტიკით, საქართველოში 123 სალიზინგო კომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა მათგან მხოლოდ სამი საქმიანობს. ადგილობრივ ბაზარს „თიბისი ბანკის“ სალიზინგო კომპანია „თიბისი ლიზინგი“, საქართველოს ბანკის „საქართველოს სალიზინგო კომპანია” და დამოუკიდებელი  „ალიანს ჯგუფი ლიზინგი” ინაწილებენ.

 

„თიბისი ლიზინგი“ ადგილობრივ ბაზარზე 2004 წლიდან საქმიანობს. კომპანიის   დირექტორი ნანა მიქაშავიძე ამბობს, რომ საქართველოში ლიზინგის ბაზრის განვითარების პერსპექტივა არსებობს: „ლიზინგით დანადგარების, საბრუნავი საშუალებების, აპარატურის შესაძენად სულ უფრო მეტი კომპანია მოგვმართავს. 2012 წელს კომპანიის პორტფელი 2010 წელთან შედარებით  თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა. ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ აგროლიზინგის სექტორში, ამ მიმართულებით კომპანია რამდენიმე პროექტს განიხილავს.“

 

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ ბაზარზე 2001 წლიდან  საქმიანობს. კომპანიის ხელმძღვანელი თიკო გობეჯიშვილი ამბობს, რომ მათ ბაზარზე ორი ტიპის პროდუქტი გამოაქვთ: „ლიზინგი აქტივის გამოსყიდვის უფლებით, როცა კლიენტს შეუძლია აქტივი გამოისყიდოს და  მისი საკუთრება გახდეს.  მეორე ტიპის მომსახურება ოპერაციული ლიზინგია, როცა მეწარმე სარგებლობს ამ აქტივით და შემდეგ  უკან აბრუნებს“.    

 

თიკო გობეჯიშვილი განმარტავს, რომ ლიზინგის მომხმარებლები ადგილობრივ ბაზარზე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან: „მსხვილ ბიზნესებს აქვთ საკრედიტო ხაზები ბანკში და ხშირ შემთხვევაში ამ სერვისით სარგებლობენ. თუმცა ჩვენს კომპანიას ლიმიტები შეზღუდული არ აქვს და ბაზარზე 500 ათასი ლარის და 1 მილიონი ლარის მოცულობის პროექტებსაც აფინანსებს.“   

 

„თიბისი ლიზინგი“ და „საქართველოს სალიზინგო კომპანია’ ძირითადად სამშენებლო, ჯანდაცვის და ვაჭრობის სექტორში მოღვაწე კომპანიებს ემსახურება. კომპანიების მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ბაზარზე ძირითადად ეს სექტორებია აქტიური.

 

სალიზინგო კომპანიები ნაკლებ ინტერესს იჩენენ  აგროსექტორის მიმართ. კომპანია „სენ სელექშენი“ გონიოში სასათბურე მეურნეობას ფლობს.  „სენ სელექშენის“ ხელმძღვანელი გიგი მიქაბერიძე ამბობს, რომ „ბანკები და სალიზინგო კომპანიები აგრობიზნესს არ აკრედიტებენ, რადგან აცხადებენ, რომ ეს ბიზნესი მაღალ რისკებს შეიცავს.“  

 

„ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. კომპანიის ხელმძღვანელი აიეტი კუკავა ამბობს, რომ „ლიზინგის ბიზნესი საკმაოდ რთულია ოპერირების თვალსაზრისით, არის საკმაოდ ბევრი რისკი (ლიზინგში კვალიფიციური კადრების, ბუღალტრული აღრიცხვის – საგადასახადო, იურიდიული, აქტივების ექსპლუატაციის, მონიტორინგის, ფინანსური, საკრედიტო, და.ა.შ) ფონდების მოზიდვაც საკმაოდ რთულია, ვინაიდან ბანკები თავს არიდებენ სალიზინგო კომპანიების დაკრედიტებას“.

 

აიეტი კუკავა სალიზინგო კომპანიების დაბალი აქტივობის ერთ-ერთ მიზეზად სალიზინგო კომპანიების დაბალ ცნობადობას ასახელებს: „სალიზინგო მომსახურების ცნობადობა საკმაოდ დაბალია. ლიზინგს სხვა ფინანსურ მომსახურებასთან შედარებით სხვადასხვა უპირატესობები გააჩნია და  მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ძირითადი საშუალებების დაფინანსება უპირატესად სალიზინგო კომპანიების მიერ ხორციელდება, ჩვენთან კი დაბალი ინფორმირებულობისა და ცნობადობის გამო საქართველოში კლიენტი უპირატესობას სესხს ანიჭებს“.

 

საქართველოში სალიზინგო კომპანიების სესხზე საპროცენტო განაკვეთი 16–20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. სალიზინგო კომპანიების პორტფელი, ჯამში, 2012 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, 43 მილიონი ლარია. 2011 წლის პირველ კვარტალში პორტფელი 30 მილიონი ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი