საქართველოში საწვავის გაძვირების საკითხი პარლამენტში ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების მსჯელობის საგანი გახდა.
პროფესორი სამართლის საკითხებში ლევან იზორია ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას ამ სეგმენტში არსებულ კლანურ ინტერესებს და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებს უკავშირებს. მისი თქმით, საწვავის ბიზნესში თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი ფიგურირებს:
“კეზერაშვილი განა მხოლოდ თბილისის ოპერის მეგობარია? ის არის ნავთობპროდუქტების ბაზრის დირიჟორი,” – აცხადებს ლევან იზორია.
მისი თქმით, ხელისუფლება სანდო პარტნიორებთან შედის გარიგებაში, რათა ჰქონდეს კონტროლი ნავთობპროდუქტების ბაზარზე, თუმცა ეს კორუფციული გარიგება არ არის ხილვადი.
„ვარდების რევოლუციამდე საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 120 კომპანია საქმიანობდა. ნავთობპროდუქტების იმპორტი დივერსიფიცირებული, ხოლო ფასები კონკურენტუნარიანი იყო. მომხმარებელს ფასსა და ხარისხს შორის შეეძლო არჩევანის გაეკეთება”, – ამბობს იზორია.
საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. კომპანია “ვისოლის” ქსელში საწვავის ფასის 5-თეთრიანი ზრდა დღეს დაფიქსირდა. “ვისოლში” სუპერის საწვავი 2,50 ლარი ღირს; პრემიუმი-2,45 ლარი; დიზელი-2,50; ევრო რეგულარი-2,35; რეგულარ ენერჯი – 2,25; დიზელ ენერჯი-2,35. ვისოლის ქსელში ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის ბენზინი 2,40 ლარი ღირს.
“ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურების ქსელში ევროსუპერი 2,45 ლარი ღირს; პრემიუმ ავანგარდი“ – 2,40 ლარი; ევრორეგულარი – 2,25; ევროდიზელი – 2,50 ლარი.
აზერბაიჯანული “სოკარის”ქსელში რეგულარის ფასი 2,40 ლარია.
საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს, რომლის 24,5%-იან წილს საქართელოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი ფლობდა, 24,5%–ს – კომპანია „პერტო ტრანსი“, ხოლო 51%-იან წილს – „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია“. მიმდინარე წლის ივლისში ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი 5 მილიონ დოლარად მიყიდა „პეტრო ტრანსს“, ხოლო ნოემბერში „პეტრო ტრანსმა“ თავისი 49%-იანი წილიდან 24,5% – 5 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო მეორე 24,5% – 245 ათას დოლარად. აღნიშნული წილები ოფშორში რეგისტრირებიულმა კომპანიებმა – Heritage General Traiding FZE და Intersun Holding FZCO – იყიდეს.
საცალო რეალიზაციის ბაზარზე წლების განმავლობაში 5 კომპანია – „ვისოლი“, „ლუკოილი“, „ეკო“, „რომპეტროლი“ და „სენტა“– იყო წარმოდგენილი. „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საცალო რეალიზაციის ბაზარზე 2007 წლიდან შევიდა. აზერბაიჯანულ საწვავს ადგილობრივ ბაზარზე ყველა კომპანია „სოკარისგან“ ყიდულობს.
2012 წელს საწვავის ყველა კომპანიის ქსელში რეგულარის ტიპის საწვავი 13 თებერვალს, 26 თებერვალს, 18 მარტს და 3 აპრილს 5 თეთრით გაძვირდა. იზორიას შეფასებით, ფასის ერთდროულად გაზრდა კარტელურ შეთანხმებაზე მიუთითებს:
„ნუთუ არც ერთ კომპანიას არ აქვს მარაგი? ფასებთან ერთად კონტროლდება ნავთობპროდუქტების შემოტანის და მარაგის რაოდენობა. როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასები მცირდება, ადგილობრივ ბაზარზე ფასები იზრდება. ჩვენი საცალო ბაზარი არ არის მორგებული ბირჟაზე. საქართველოში საწვავის ბაზარი მონოპოლურია. საწვავის საცალო ბაზარს კომპანიები – „სოკარი“ და „გალფი“ აკონტროლებენ. საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრის ფლანგი ჩაკეტილია ახალი იმპორტიორებისათვის. ბაზარი ამ ხუთ კომპანიას შორის არის გადანაწილებული,” – ამბობს იზორია.
„გალფი“ ქართულ ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე შემოვიდა, რომელსაც საქართველოში 2010 წელს დაფუძნებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს უკანაკსნელი საქართველოში სამი კომპანიის– „სენტას“, „მაგნატის“ და „ეკოს“– ქსელს ფლობს. თავდაცვის ექსმინისტრმა დავით კეზერაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ “გალფის” თანამფლობელია.
ეკონომიკის მეცნირებათა პროფესორი ქეთევან ლაფაჩი ნავთობპროდუქტების ბაზრის შეფასებისას ამბობს, რომ „პატარა ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ბაზრის მონაწილეთა ოლიგოპოლია. ქვეყანაში არ არის ანტიმონოპოლიური სამსახური და შესაბამისი კანონმდებლობა, თორემ საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესები და კარტელური შეთანხმებები, კოორდინირებული ქმედებები აუცილებლად გახდებოდა კვლევის საგანი.“
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელის ვირჯინი კოსულის შეფასებით, „კონკურენცია არის გადამწყვეტი მომენტი ბაზრის მოთამაშეებისათვის. კონკურენცია მნიშვნელოვანია სავაჭრო შეთანხმებებში. არათანაბარი კონკურენციის შემთხვევაში მომხმარებელი დაზარალდება და საფრთხე შეექმნება ბაზარს.“