ეკონომიკა

„ქართუ ბანკი“ კოდუას დედასთან სასამართლო დავას აგრძელებს

21 მარტი, 2012 •
„ქართუ ბანკი“  კოდუას დედასთან სასამართლო  დავას აგრძელებს

„ქართუ ბანკი“ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას დედის ლაურა ღაჭავას წინაააღმდეგ სასამართლო დავას აგრძელებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში „ქართუ ბანკის“ იურისტების მიერ მომზადებული სარჩელი 10 დღეში შევა.  „ქართუს“ იურისტის  დავით მათიკაშვილის განმარტებით, ახალი სარჩელის თანახმად, „ქართუ“ ლაურა ღაჭავასაგან იმ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც ბანკს მის მფლობელობაში არსებული კომპანიების, „პირიმზესა“ და „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფს“ შორის დადებული ხელშეკრულების შედეგად მიადგა.

„მზადდება ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითც „ბანკი ქართუ“ აპირებს თავისი საპროცესო უფლებების დაცვას პირველი ინსტანციის სასამართლოში. სასამართლოს წინაშე მოვითხოვთ, რომ ბათილად იყოს ცნობილი კონკრეტულად  ის სისხლის სამართლის აქტები, რომლებითაც  კომპანია „პირიმზის“ ქონებაზე უკანონო საგადასახადო–იპოთეკა და გირავნობა განხორციელდა,“ – ამბობს მათიკაშვილი.

იურისტის აზრით, ლაურა ღაჭავას კუთვნილ „პირიმზეს“ არ შეიძლება ჰქონოდა საგადასახადო ორგანოების წინაშე არსებული დავალიანება, რომელსაც  ბანკის სასარგებლოდ არსებული იპოთეკისთვის შეეძლო გადაესწრო.

„ქართუს“ იურისტის ინფორმაციით, ლაურა ღაჭავამ ბანკი 23 მილიონი დოლარით აზარალა. ახალი სარჩელის შედეგად, ბანკი პირველ ეტაპზე ღაჭავასაგან 7 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვს.

„ქართუ ბანკმა“ ლაურა ღაჭავას კომპანიების წინააღმდეგ 2011 წლის დეკემბერში შეტანილი სარჩელი გამოიტანა. დავით მათიკაშვილის განმარტებით, სარჩელი ეხებოდა „პირიმზესა“ და „კავკასიის უძრავი ქონების ბიზნეს ჯგუფს“  შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლის თანახმადაც, „ქართუ ბანკში“ იპოთეკით დატვირთული  „კავკასიის უძრავი ქონების ბიზნეს ჯგუფის“ ქონება კომპანია „პირიმზეს“ გადაეცა. დავით მათიკაშვილის განმარტებით, ამ სარჩელმა ბანკისთვის მნიშვნელობა დაკარგა, რადგან „პირიმზის“ ქონება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გაიტანა, რის შემდეგაც ეს ქონება ნატურით სახელმწიფოს გადაეცა, შემდეგ კი მოხდა მისი გადაყიდვა.

ლაურა ღაჭავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ადასტურებს, რომ „ქართუ ბანკმა“ მის მფლობელობაში არსებულ ორ კომპანიას  შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში შეტანილი სარჩელი გააუქმა.

მათიკაშვილის ინფორმაციით, „პირიმზის“ ქონების სავარაუდო მყიდველები ლაურა ღაჭავასთან დაახლოებული პირები არიან. თუმცა, მისი თქმით, ეს ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით არ დასტურდება და აღნიშნული კომპანიები ოფშორში არიან დარეგისტრირებული.

„ნეტგაზეთის“ კითხავზე, თუ ვის მფლობელობაშია სს „პირიმზის“ კუთვნილი ქონება, ლაურა ღაჭავა ინფორმაციას არ ფლობს: „არ ვარ საქმის კურსში, ბოლო ინფორმაციით,  ქონება, სახელმწიფოს მფლობელობაში იყო.“

რაც შეეხება, „ქართუ ბანკის“ წინაშე არსებულ საკრედიტო ვალდებულებებს, ღაჭავა აცხადებს, რომ ვალს გადაიხდის.

2011 წლის ბოლოს აღსრულების ბიურომ, თითქმის ერთდროულად, „ქართუ ბანკის“ კრედიტორ ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა.

ერთ–ერთი მსხვილი ბიზნეს–ჯგუფი, რომელიც „ქართუ ბანკის“ კრედიტორია და რომლის უძრავ–მოძრავი ქონება თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2011 წლის  30 ნოემბერს და 7 დეკემბერს დააყადაღა, ლაურა ღაჭავას ეკუთვნოდა.

კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა რამდენიმე კომპანიას ფლობს, მათ შორისაა შპს „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“. საჯარო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კომპანია ორ ფირმას – შპს „საჩოგბურთო კლუბ დინამოსა“ (92%) და შპს „ბულიტებს“ (8%)– ეკუთვნის, თუმცა ამ ორივე ფირმის მესაკუთრე ლაურა ღაჭავაა.

„კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“ 2010 წლის იანვარში შეიქმნა და, იმავდროულად, „ქართუ ბანკიდან“ აღებული სესხის სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა „საჩოგბრურთო კლუბ დინამოს“ 54.81%–იანი წილი „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფში“. თუმცა, როგორც „ქართუ ბანკში“ აცხადებენ, მოგვიანებით ეს ქონება სს „პირიმზეს“ საკუთრებაში გადავიდა, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტს ასევე ლაურა ღაჭავა ფლობდა.

სწორედ ეს ნასყიდობის ხელშეკრულება გახდა „ქართუსგან“ სარჩელის ბათილად ცნობის საგანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი