ეკონომიკა

ბანკების პოლიტიზირების საფრთხე იზრდება

7 თებერვალი, 2012 • 1473
ბანკების პოლიტიზირების საფრთხე იზრდება

ფული
ფული

კომერციულ ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება დაემატათ. „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულება დამტკიცდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #4 ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებულნი ხდებიან, გამოარკვიონ, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ფინანსური მონიტორინგის  სამსახური შავი ფულის გათეთრებასთან მებრძოლი ორგანიზაციის FATF-ის რეკომენდაციით შეიქმნა და, შესაბამისად, მისი რეკომენდაციით უნდა სარგებლობდეს:  „FATF –ის ერთერთ რეკომენდაციაში საუბარია პოლიტიკუარდ აქტიურ პირებზე,  თუ როგორ უნდა განხორციელდეს მათზე მონიტორინგი საფინანსო დაწესებულებების მიერ. იქ საუბარი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც ეწევა პოლიტიკურად აქტიურ საქმიანობას სხვა ქვეყანაში. საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახურის  დებულებაში ეს ჩანაწერი  ბუნდოვნად, ორაზროვნად არის გაკეთებული. დებულებაში ჯერ წერია, რომ  პოლიტიკურად აქტიური პირი  არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, შემდეგ კი, თუ  ვინ არიან პოლიტიკურად აქტიური პირები და ჩამოთვლილია თანამდებობები“.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების თანახმად, თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, ბანკმა დამატებით შემდეგი ღონისძიებები უნდა განახორციელოს: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ბანკთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბანკი ვალდებულია, ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მონიტორინგისთვის შესაბამისი ღონისძიებები.

მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებაში განსაზღვრულია პოლიტიკურად აქტიური პირის ტერმინი, რომელსაც წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას.

დებულებაში ნათქვამია, რომ ასევე პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე, მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე, მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე, მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში.

საბანკო სფეროს ექსპრეტი ლია ელიავა  ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს დებულება საქართველოს მოქალაქეებზეც თავისუფლად გავრცელდეს.

„თუ მივსდევთ FATF-ის  რეკომენდაციებს, ფინანსური მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მათზე, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არის სპეციფიკური პოლიტიკური სიტუაცია, არ არის გამორიცხული, რომ ბანკებს აიძულონ არა მარტო უცხო ქვეყნის, არამედ საკუთრივ საქართველოს მოქალაქეებზე განახორციელონ  მათი ფინანასური საქმიანობის კონტროლი და მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია თავის საზედამხედველო ორგანიზაციებს. თვითონ საქართველოს პოლიტიკური სივრცისთვის ეს ფაქტი ორჭოფული და ორაზროვანია. დარწმუნებული ვარ,  რომ კომერციული ბანკები ამას განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ უნდა შეხვედროდნენ. მით უმეტეს, მათ არ მოეწონებათ ჩანაწერი იმის სესახებ, რომ ბანკის თანამშრომელმა უშუალოდ  ხელმძღვანელისგან უნდა მიიღოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა, დაადგინოს მისი ფულადი სახსრების წარმომავლობა და აწარმოოს ამავე პირის ყველა ფინანსური ტრანზაქციის გაძლიერებული მონიტორინგი. ეს საკმაოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილება“ – ამბობს ლია ელიავა.

ექსპერტის შეფასებით, მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როცა ბანკებს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე უარი უთქვამთ კლიენტთან ურთიერთობაზე, ან მის შესახებ ინფორმაცია გაუციათ.  „ამის მაგალითია ჟულიან ასანჟის საქმე, მისმა საიტმა „ვიკილიქსმა“  საქმიანობა პრაქტიკუალდ ფინანასური პრობლემების გამო შეწყვიტა. კომერციულმა ბანკებმა უარი თქვეს მასთან თანამშრომლობაზე.   ყველგან დაუხურეს ანგარიშები. თუ საზღვარგარეთ კომერციული ბანკები მართვადი არიან  პოლიტიკოსების მიერ, საქართველოში  ეს ძალიან ადვილად განსახორციებელია“ –ამბობს ლია ელიავა.

ექსპერტის შეფასებით, სახელმწიფო  პოლიტიკის გავლენა საქართველოს საბანკო ბაზარზე საკმაოდ დიდია. „ კომერციუმა ბანკებმა გახსნეს სერვისცენტრები სახელმწიფო დაწესებულებებში. იმ დონემდეც კი მივიდნენ, რომ სახელმწიფო დაწესებულებმა უარი თქვეს თავის სალაროებზე, და ნებისმიერი სახელმწიფო გადასახადი ხორციელდება კომერციული ბანკების საშუალებით, რისთვისაც ისინი იღებენ შესაბამის საკომისიოს. ამ შემთხვევაში  პოლიტიკური ძალა ხელს უწყობს კომერციულ ბანკებს მათ ბიზნესსაქმიანობაში“.

ელიავა ამბობს, რომ კომერციული ბანკები დამოკიდებულნი არიან არა მხოლოდ ეროვნულ ბანკზე, არამედ პოლიტიკურ  ხელისუფლებაზე. „ამ ლოგიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  კომერციული ბანკები გადაიქცევიან  ნებისმიერი ბრძანების შემსრულებელ ორგანიზაციებად. ბანკში არის საკმაოდ ბევრი და ტევადი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ. არა მგონია, კომერციულმა ბანკებმა გაბედონ და უარი თქვან ასეთი ინფორმაციის მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვალდებულება მათ კანონით და ნორმატიული აქტებით არ აკისრიათ“ – ამბობს ელიავა.

ექსპერტი შიშობს, რომ ამ დებულების ამოქმედების შემდეგ კომერციულმა ბანკებმა შესაძლოა  მოსახლეობის თვალში ავტორიტეტი დაკარგონ. „ბანკებთან  არ მოუნდება საქმის დაჭერა მოსახლეობის გარკვეულ ფენას. შედეგად, არა მარტო შემცირდება საბანკო სექტორის შემოსავლები და მისი ეკონომიკური მაჩვენებლები, რასაც მოჰყვება სხვა მაკრომაჩვენებლების შემცირება.  ნებისმიერი პოლიტიკის ზეგავლენის გადატანა საბანკო სექტორში არის  უარყოფითი შედეგის მომტანი ეკონომიკისათვის და ქვეყნის  მოსახლეობისათვის“ –ამბობს ლია ელიავა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, დებულება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება და ხმაური ამ საკითხთან დაკავშირებით უსამართლოდ ატყდა. საბანკო სეტორი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. „ნეტგაზეთთან“ საუბარში ბაზრის ლიდერი ბანკების ტოპ–მენეჯმენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული დებულება წაკითხული არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი