ეკონომიკა

საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან ერთად ორმხრივ დიპლომატიურ გამარჯვებაზე საუბრობს

20 იანვარი, 2012 • 1445
საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან ერთად ორმხრივ დიპლომატიურ გამარჯვებაზე საუბრობს

“ბეშიქ ჰაიას” ნაცვლად, რომელიც თურქეთში, არდაგანის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო და რომელიც ეკოლოგიურ პრობლემას უქმნიდა მდინარე მტკვარს, ერთობლივი კასკადი აშენდება როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ტერიტორიაზე.

ეს საკითხი დღეს, თბილისში გამართული ენრეგოკონფერენციის დასრულების შემდეგ, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ თანერ ილდიზსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს შორის კონფიდენციალურ შეხვედრაზე გადაწყდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მხარეეებს შორის მიღწეულია ზეპირი შეთანხმება იმის შესახებ, რომ თურქული და ქართული მხარის მონაწილეობით მდინარე მტკვარზე „მტკვრის კასკადი“აშენდება. კასკადი სამი ჰესისაგან შედგება. ერთი ჰესი თურქეთის, ხოლო ორი – საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება.

აღნიშნული პროექტის ტექნიკური დეტალები და ხარჯთაღრიცხვა ცნობილი არ არის.

მიხეილ სააკაშვილმა თურქეთსა და საქართველოს შორის მიღწეულ ამ შეთანხმებას ორმხრივი დიპლომატიური გამარჯვება უწოდა:

“ეს ჩვენთვის იყო ძალიან რთული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ პირველადი გეგმით იგეგმებოდა ისეთი კაშხლის აშენება, რომელიც მტკვარს შეუცვლიდა კალაპოტს და მტკვარი თბილისისთვის იგივეა, რაც სენა – პარიზისთვის, რაც ტემზა – ლონდონისთვის. ერთი სიტყვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დედაქალაქის ღერძი, ამიტომ მას არაფერი არ უნდა შეხებოდა, დაკლება წყლის და ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ თურქულ მხარესთან”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, მსგავსი პრობლემა იყო წინა მთავრობის დროს, რომელიც ეხებოდა კაშხლის მშენებლობას და რამაც მოუტანა ეკოლოგიური ზიანი აჭარის სანაპიროს, ჭოროხის დელტას.

“მაგრამ ახლა ჩვენ სულ სხვა სიტუაციაში ვიმყოფებით. საქართველოს აქვს ძლიერი დიპლომატიური პოზიციები, ჩვენ  გვაქვს ძალიან გამჭვირვალე, ურთიერთსარეგბელზე დამყარებული ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან და ეს, მე ვიტყოდი, იყო ორმხრივი დიპლომატიური გამარჯვება, რომ არა მხოლოდ მტკვირს კალაპოტის გადაგდება აღარ მოხდება, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება ერთობლივი ახალი კაშხალი”, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც მოლპარაკაბების წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა თურქეთის პრემიერ–მინისტრს.

ერთობლივი პროქტის თაობაზე მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს არაფერი უთქვამს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრს. “ბეშიქ ჰაიას” პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე თანერ ილდიზმა ასე უპასუხა:

“მე თბილისში რომ ჩამოვედი, აქ ვნახე მდინარე მტკვარი. ეს მდინარე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომ ამ პროექტთან დაკავშირებით გვქონდა შეხვდრები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან. ვცდილობთ, ამ პროექტის განხორციელების დროს მცირე ზარალი მიადგეს გარემოს და არ წარმოიშვას ეკოლოგიური პრობლემები. უნდა მოვნახოთ შუალედი ამ პროექტის განხორციელებისას და დამიჯერეთ, სანერვიულო არაფერია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ამ პროექტის ჩონჩხი არსებობს”, – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

ამავე თემაზე:

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი მტკვართან დაკავშირებული პროექტის შესახებ

რა ემუქრება მტკვარს თურქეთ–საქართველოს საზღვართან

მასალების გადაბეჭდვის წესი