პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 11 საკითხი განიხილა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ კომიტეტს “საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტთა ორი პაკეტი წარუდგინა, რომელთაგან ერთ–ერთი საშემოსავლო გადასახადისაგან ათავისუფლებს 45–დან 60 წლამდე ასაკის პირის მიერ კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირისგან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, ახალ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში. ცვლილებები ითვალისწინებს ასევე გადასახადების ადმინისტრირებისას პრაქტიკაში წამოჭრილი მთელი რიგი პრობლემების მოწესრიგებას, დაბეგვრის მექანიზმების სრულყოფას და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციას.
აქციზური და არააქციზური საქონლის ფალსიფიკაციისგან დაცვის მიზნით მატერიალური (ქაღალდური) ფორმის აქციზურ მარკასთან ერთად განსაზღვრულია არამატერიალური, ელექტრონული (დაშიფრული კოდით) ფორმის მარკის შემოღებაც, რაც “საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებებითაა გათვალისწინებული.
მთელი რიგი ცვლილებები შედის “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ” საქართველოს კანონში, რომელიც მიზნად ისახავს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისას პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების დარეგულირებას და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის მიერ აღიარებულ სახელმღვანელოსთან “სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი” შესაბამისობაში მოყვანის მიზნით “სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად ყალიბდება სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს– ა) შიდა კონტროლს და ბ) შიდა კონტროლის ჰარმონიზაციის ცენტრს.
“ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებებების პროექტი ამცირებს უნებართვო მშენებლობებისათვის ანდა რეკონსტრუქციისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ჯარიმებს.
კანონპროექტი “სააქციო საზოგადოების–საპარტნიორო ფონდის შესახებ” კანოში ცვლილების შეტანის თაობაზე” მიზნად ისახავს კანონის ტერმინოლოგიურ დახვეწას და შესაბამის პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის კანონით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების გაუქმებას.
“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თობაზე კანონპროექტი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერაა ინიცირებული, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული გონიო–აფსაროსისა და პეტრა–ციხის არქეოლოგიურ –არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალების აჭარის ხელისუფლების ორგანოების მიერ დაფინანსებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას ითვალისწინებს. კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.