ეკონომიკა

სერჟ სარგსიანი ქართულ კაპიტალს სომხეთში ეპატიჟება

30 ნოემბერი, 2011 • 1596
სერჟ სარგსიანი ქართულ კაპიტალს სომხეთში ეპატიჟება

ქართულ–სომხური ბიზნესფორუმი სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ერთობლივად გახსნეს. ფორუმს ქართულ–სომხური ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქრთველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა:

„ჩვენ დანგრეული ეკონომიკის აშენება დავიწყეთ და დღეისათვის, ვფიქრობ, სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია. საქართველო ყველაზე კარგი ქვეყანაა ბიზნეს-კლიმატის კუთხით. ჩვენ ვართ ნომერ პირველი რეფორმატორი მსოფლიოში. საქართველოში ბიზნეს-კომპანიების რეგისტრაცია ყველაზე მარტივი და სწრაფია. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ჩვენ კორუფციის წინააღდეგ ბრძოლაში პირველი ადგილი გვიკავია”.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები შეფასა და ქართულ კომპანიებს სომხეთში ინვესტირებისაკენ მოუწოდა:

„საქართველოს და სომხეთის  ეკონომიკა ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და წარმატებას ეფექტური მართვით უნდა მივაღწიოთ. სომხეთში მშპ მომავალ წელს 5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო ეკონომიკა 11– 12 პროცენტით. მე მინდა დამსწრე აუდიტორიას ვუთხრა, რომ სომხეთი საქართველოში ინვესტიციების ჩადებას აპირებს, რაც ჩვენს კომპანიებს მეტ მოგებას მოუტანს. გვინდა, რომ ქართული კაპიტალიც შემოვიდეს სომხეთში. თუ სომხეთში ქართულ ბიზნესს პრობლემები შეექმნება, ჩემს აპარატს მომართეთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და რიგ სფეროებში წესრიგი ვერ დავამყარეთ,“– აღნიშნა სარგსიანმა.

ქართულ ბაზარზე სომხური ინვესტიციები 2010 წლიდან  იზრდება. სტატისტიკის თანახმად, ამ წელს საქართველოში ბიზნესი 103–მა  სომხურმა კომპანიამ დაიწყო. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 107–მდე გაიზარდა. საინფორმაცია სააგენტო “რეგნუმის” ცნობით, ოთხი ათასამდე ბიზნესმენმა სომხეთიდან საქართველოში გადასვლა არჩია. მიზეზად სააგენტო საქართველოში არსებულ უკეთეს ბიზნესგარემოს ასახელებს.

„ამ ქვეყანაში ნორმალურად მუშაობს კანონი და მუშაობისთვის უკეთესი პირობებია შექმნილი,“– ნათქვამია „რეგნუმის“ პუბლიკაციაში. 2011 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორში შემოსული სომხური ინვესტიციების მოცულობამ 300 მლნ. დოლარი შეადგინა, ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის “ალტერნატივას” დირექტორი ტატული მანსერიანი აცხადებს. მისი განცხადებით, ტურისტული სეზონის პერიოდში თანხა 100 მლნ. დოლარს აღწევს და ამას ემატება ინვესტიციები ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. სომეხი ბიზნესმენების ინტერესს საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი მანსერიანი ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ბიზნეს-ფორუმზე  საქართველოს და სომხეთის პირველი პირების მისვლას ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მჭიდრო ურთიერთობებს უკავშირებს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოდან სომხეთში 185 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი სომხურ კომპანიებს საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადების ინტერესს გაუჩენს,” – აცხადებს  ქობალია. მან  სომხურ კომპანიებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტის სფეროში, ტურიზმსა და ენერგეტიკაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.

საქართველოდან სომხეთში შედის: მზესუმზირის თესლი, ყურძენი, ხორბალი, სიმინდი, სასუქი, მედიკამენტები და სხვადასხვა კატეგორიის საკვები პროდუქტები. სომხეთში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან კი საქართველოში ადრეული კარტოფილი და კარტოფილის თესლი, კომბოსტო, გარგარი, ატამი, ყურძენი, რძის პროდუქტები და ხორცი შემოდის. სომხეთი და საქართველო მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არ არიან (საქართველოს საგარეო ვაჭრობაში სომხეთის წილად 3 პროცენტი მოდის), მაგრამ  ორ მეზობელ ქვეყანას და ტრადიციულ სავაჭრო პარტნიორს შორის ვაჭრობის განვითარებას ბიზნესის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

კომპანია  „უნიკომის“ (კომპიუტერული ტექნოლოგიები)  ხელმძღვანელი  არმენ ბაგადარიანი „ნეტგაზეთთან“ ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს: „ჩვენთვის  ბიზნესფორუმი ნებისმიერ ქვეყანასთან მიმზიდველია და საინტერესო. ქართული ბიზნესფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებულია. ორ ქვეყანას  შორის ძალიან მალე ბევრი ერთობლივი პორექტი დაიწყება. პოლიტიკური სტაბილურობა ბიზნესის განვითარების საფუძველია“.

სომეხ ინვესტორებს საქართველოში, ძირითადად, ტურიზმის სექტორი, ვაჭრობა და წიაღისეულის მოპოვების სფერო იზიდავთ. კომპანია „ქართული რესურსის“ დირექტორი ნერსეს კარამანუკიანი „ნეტგაზეთთან“ საქართველოს ბუნებრივი რესურსების სექტორში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ მისი კომაპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია გაამართლებს.

„საქართველოში 2011 წლის სექტემბერში ჩამოვედით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ ლიცენზია. საწყისი ფასი 106 ათასი დოლარი იყო. კონკურენციის შედეგად ფასი გაიზარდა და ლიცენზიაში 306  ათასი დოლარი გადავიხადეთ“. „ქართული რესურსი“  გურიის რაიონში, სოფელი ძოწთან, ოქროს ეძებს. ნერსეს კარამანუკიანის თქმით, კომპანიამ სამძებრო გეოლოგიურ სამუშაოებში, ლიცენზიის პირობების თანახმად, 18 თვეში ერთი მილიონი დოლარი უნდა დახარჯოს.

იერვანდ ტარაევრდიანი  საქართველოში „კაროლინა ჯგუფს“  წარმოადგენს. მისმა კომპანიამ საქართველოში მუშაობა დისტრიბუციის სფეროში 2011 წელს დაიწყო.

„ჩვენ ვახორციელებთ ბოსტნეულის გადამუშავებას და ალკოჰოლის, ლუდის და წვენების დისტრიბუციას საქართველოში. სომხეთში  4000 თანამშრომელი გვყავს, საქართველოში ჯერჯერობით 10, მაგრამ ფირმა ვითარდება. 2012 წელს ბაზარზე სომხური წარმოების ჩაის შემოვიტანთ“.

სომხური კომპანიებისათვის ადგილობრივ ბაზარზე მიმზიდველია ფინანასური შუამავლობის სფეროც. „ამელია ბანკის“ გენერალური დრექტორი არტაკ ანესიანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ  მისი ბანკი საქართველოში კორპორაციული კლიენტების მომსახურებით არის დაინტერესებული: „ჩვენ ვართ  კორპორაციული ბანკი და სომხეთში ვემსახურებით გადასახადების გადამხდელებს. როგორც ფინანსური შუამავალი, დაინტერესებიულნი ვართ, მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ  გავაქვს საკორესპოდენტო ანგარიშები საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებთან,  მაგრამ ტრანზაქციების ნაკადი იზრდება. წინა თვეში მხარეებს შორის 500 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო ნოემბერში– 900. ზრდის ტენდენცია სახეზეა.“

თბილისში გამართულ ბიზნეს–ფორუმს წინ უძღვოდა სომხეთში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ვიზიტი. 2011 წლის 17–18 ნოემბერს ბათუმში საქართველო–სომხეთის სამთავრობოთაშორისო  კომისიის სხდომა გაიმართა. რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრები– ნიკა  გილაური და ტიგრან სარგსიანი –თავმჯდომარეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი