ეკონომიკა

რამდენად რეალისტურია მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა

28 ნოემბერი, 2011 • 1231
რამდენად რეალისტურია მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა

 

ქვეყნის საპარლამენტო უმცირესობას არარეალისტურად მიაჩნია საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც პრმიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა წარუდგინა საზოგადოებას.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით შექმნილი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული “ათპუნქტიანი გეგმა” მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის (2011-2015) 26–გვერდიანი დოკუმენტია, რომლის ელექტრონული ვერსია საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზეა განთავსებული. მთავრობის პროექტში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მომავალ 4 წელზეა გაწერილი.

პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის შეფასებით, „ათპუნქტიანი გეგმის“ განხორციელების შედეგად საქართველო რეგიონულ სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდება, ქვეყანას ექნება ღია ეკონომიკა და გამართული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.

საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, შექმნას წინაპირობები წარმატებული, მდიდარი და ერთიანი საქართველოსათვის. ამ მიზნების მიღწევას საქართველოს მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნით და უმუშევრობის შემცირებით გეგმავს, ხოლო შრომისუუნაროთათვის (შეზღუდული შესაძლებლობის პირები, პენსიონერები)– სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებით.

ათპუნქტიანი გეგმის მიზანია: 1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა; 2. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება; 3. საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნა/შენარჩუნება; 4. რეგიონულ სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება; 5. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; 6. სოფლის მეურნეობის განვითარება; 7. განათლების სისტემის გაუმჯობესება; 8. სოციალური პოლიტიკის დახვეწა; 9. ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება; 10. ურბანული და რეგიონული განვითარება.

ამ ათი პუნქტის მიხედვით, თითოეული სამინისტრო შესაბამის ათპუნქტიან გეგმას წარმოადგენს, რომელიც 4 წელზე იქნება გაწერილი.

პროექტის თანახმად, 2015 წლისთვის საქართველო გახდება მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით მაღალი საშუალოშემოსავლიანი ქვეყანა. მშპ ერთ სულზე გაიზრდება 60-90%-ით 2011 წელთან შედარებით და 5,000-6,000 აშშ დოლარს შორის ნიშნულს  მიაღწევს.

პარლამენტის ვიცე–სპიკერი, ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე მთავრობის პროგნოზს არარეალურს უწოდებს და პრემიერ– მინისტრს სახელმძღვანელოების გადახედვას ურჩევს:

„2015 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე  5–6 ათასი დოლარი უნდა გახდეს. დღეს გვაქვს  2 700 დოლარი. გილაური ამბობს, მესამე კლასის წიგნი წავიკითხეო, ცოტა ზედა კლასებიც წაეკითხა და რთული პროცენტის დათვლა ესწავლა, მაშინ სხვა რიცხვებს მიიღებდა. თუკი 2011 წელს გვაქვს ეკონომიკური ზრდა 6 პროცენტი და 2012 წელსაც ველოდებით 6 პროცენტს, იმისათვის, რომ 2015 წელს ჩვენ მივიღოთ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება,  მაშინ ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს  18–20 პროცენტი უნდა იყოს. ერთადერთი იმ შემთხვევაში გაიზრდება ორჯერ მშპ, თუ მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება,“– ამბობს ვეფხვაძე.

„ათპუნქტიანი გეგმის“ თანახმად და  საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით, სახელმწიფო ვალი არ უნდა შეადგენდეს მშპ-ის 60%-ს. გეგმის თანახმად, ვალის თანმიმდევრული შემცირება მშპ-ის 25%-მდე უნდა მოხდეს. 2015 წლისთვის მთავარი ამოცანაა, სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში არ სცდებოდეს 9%-ს, ხოლო მშპ-სთან მიმართებაში – 3%-ს.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის პაატა დავითაიას შეფასებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საგარეო ვალის შემცირება არარეალურია:

„ახლა საგარეო ვალი 4 მილიარდი აშშ დოლარია, საიდანაც მხოლოდ ევრობონდების ვალი 500 მილიონი აშშ დოლარია. მართალია, ვალის გადახდამ  10 წლით გადაიწია, მაგრამ 2021  წლამდე ქვეყანას პროცენტის გადახდა ყოველ წელს მოუწევს. ამ პერიოდში პროცენტის სახით 340 მილიონის გადახდა მოგვიწევს. ხელისუფლებში  საქმე გაიადვილეს და ვალდებულებები მომავალ მთავრობას აკიდეს,“ – ამბობს დავითაია.

მთავრობის ათპუნქტიან გეგმაში მთავარი პრიორიტეტი დასაქმებაა. პროექტში საუბარია 45–დან 60 წლამდე მოქალაქეების დასაქმებაზე. თუ ბიზნესი ამ ასაკის ადამიანებს დაასაქმებს, დასაქმებული საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდება. მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტში უკვე შევიდა.

პარლამენტის  ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე მთავრობის ამ ინიციატივას საარჩევნო წელს უკავშირებს:

“დასაქმება უნდა მოხდეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე და ერთ წელს უნდა გაგრძელდეს, რადგან საწარმოები არ დაუბეგრავენ  საშემოსავლო გადასახადს.   ეს არის მოკლევადიანი პროგრამა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა მთავრობას ხმას მისცემს,  მეორე დღეს მთავრობა გამოაცხადებს, რომ საწარმო გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, ხოლო 45–დან 60 წლამდე დასაქმებული ადამიანები წავლენ სახლებში,“– ამბობს ვეფხვაძე.

პაატა დავითაიას შეფასებით კი, მთავრობამ ამ ინიციატივით დაპირებული დათქმა შეცვალა, როცა 2011 წლის ბოლოს საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტამდე უნდა შემცირებულიყო.

ათპუნქტიანი გეგმა განათლების, ჯანდაცვის  და სოფლის მეურნეობის სფეროსაც მოიცავს. გეგმის თანახმად, მასწავლებელთა სერტიფიცირება 2012-2014 წლებშიც გაგრძელდება. ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი მიიღებს 75–ლარიან დანამატს. ყველა, ვინც ჩააბარებს ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდებს, მიიღებს 125– ლარიან დანამატს და სერტიფიცირებული მასწავლებლების საუკეთესო 25% მიიღებს 1000– ლარიან ხელფასს.

ლევან ვეფხვაძის თქმით, როცა პრემიერ–მინისტრი ამ საკითხზე საუბრობს, ცრუობს, რადგან სერტიფიცირებული მასწავლებლების მხოლოდ ის ნაწილი იღებს 75–პროცენტიან დანამატს, რომლის დასაქმების განაკვეთი 18 საათს შეადგენს.

ათპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. მთავრობის ამოცანაა, მომდევნო 4 წელიწადში  უცხოური ინვესტიციები შეადგენდეს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 6%-ს, 2-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე – ბოლო სამი წლის განმავლობაში.

პაატა ადვითაიას თქმით, ეკონომიკის მინისტრი ვერა  ქობალია 2011 წელს 1 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციის შემოსვლას პროგნოზირებდა:

“წელს მხოლოდ 750 მილიონი შემოვიდა. ცნობისათვის, 2011 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია 2008 წელთან შედარებით. ამ წელს ქვეყანაში,  ოფიციალური მონაცემებით, მილიარდ 654 მილიონი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო 2010  წელს – 814 მილიონი. ოფიცილური სტატისტიკა ამბობს, რომ მთავრობა ცრუობს. მით უფრო, რომ საქართველო ინვესტიციების შემოდინების კუთხით კავკასიის რეგიონში ბოლო ადგილზეა“.

ათპუნქტიან გეგმაში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია მემარცვლეობის განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის  თვითუზრუნველყოფის ხარისხის ზრდა, რაც უნდა განხორციელდეს როგორც რაოდენობრივი (მეტი ფართობი), ასევე ეფექტიანობის ზრდის საფუძველზე. 2015 წლისათვის მთავარი ამოცანაა ხორბლის მოთხოვნის 50%-ის ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილება, ხოლო სიმინდის ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბება და 200 000 ტონამდე ექსპორტირება.

ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ამის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან 2012 წელს სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 100 მილიონია, ხოლო მომდევნო წლებში 75 მილიონამდე მცირდება.

პარლამენტარ თამაზ დიასამიძის შეფასებით, მთავრობამ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას დღემდე ვერ მიაგნო და ქვეყანას მოკლევადიანი საარჩევნო ეფექტებით მართავს :

„მეეჭვება, 10–პუნქტიანი გეგმა წარმატებული იყოს, დღემდე ვერ მიუგნიათ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა. არსებული უმრავლესობის პირობებში  უამრავი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და  ქვეყნის ეკონომიკის მართვის შესაბამისი მოდელი ნაპოვნი არ არის.“

პრემიერ–მინისტრის თქმით, კრიტიკის მიუხედავად, მთავრობა უზრუნველყოფს ათპუნქტიანი გეგმის განხორციელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი