ეკონომიკა

გილაური: ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმიდან გამოვიყვანეთ ქვეყანა

25 ნოემბერი, 2011 • 1262
გილაური: ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმიდან გამოვიყვანეთ ქვეყანა

საქართველოს პარლამენტში დასრულდა პოლიტიკური დებატები, რომელშიც პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური მონაწილეობდა.

“პარლამენტში მოვედი ძალიან კონკრეტული 10–პუქნტიანი გეგმით. ეს გეგმა ჩვენ გავაცანით საზოგადოებას და ეს არის დოკუმენტი, რომელიც მუდმივად დახვეწის სტადიაშია. მე მქონდა იმედი, რომ ალტერნატიულ იდეებს მოვისმენდი ოპოზიციისგან, მაგრამ რაც მოვისმინე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ან შეცდომები იყო, ან მიზანმიმართული ტყუილი,” – განაცხადა ნიკა გილაურმა.

მისივე თქმით, მთავრობის 10–პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ “სადღეგრძელოების დოკუმენტს” შეადარა, რომელშიც მხოლოდ სურვილებია თავმოყრილი,  4–5 წელზეა გათვლილი და მასში კონკრეტული ციფრები და მიზნებია ჩადებული.

“ეს არ არის პირველი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას. ჩვენ მანამდე საზოგადოებას შევთავაზეთ ფინანსური სტიმულირების გეგმა და სწორედ მისი შედეგია, დღეს რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოშლილი არ არის”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ნიკა გილაურის თქმით, 7 წლის წინათ 2–დღიანი გეგმის დაწერაც კი შეუძლებელი იყო:

“2004 წელს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე, სადისპეტჩეროში მივდიოდი ყოველღამე და იმ საღამოს პრობლემებს ვწყვეტდით. ორი დღის პროგნოზიც შეუძლებელი იყო. 2004 წელს ჩვენ ქვეყანა დაგვხვდა დაშლილ მდგომარეობაში, არ იყო ცნობილი, ხვალ და ზეგ რა იქნებოდა, ეს პრობლემები გადავლახეთ. ჩვენ ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმიდან გამოვიყვანეთ ქვეყანა. მე დღეს ამაყი ვარ, რომ წარმოგიდგინეთ 4–5–წლიანი გეგმა.”

პრემიერ–მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა საგარეო ვალთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 32%–ია, რაც გილაურის თქმით, მაღალი მაჩვენებელი არ არის, თანაც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ვალის მომსახურების დაბალი პროცენტი (2,2%).

პრემიერ–მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყფოფი მოსახლეობის სტატისტიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით იუნისეფის ბოლო ანგარიშიდან ამონარიდებით გამოეხმაურა:

“ანგარიშში წერია, რომ საქართველოს სოციალური დახმარების პროგრამები ეფექტიანი აღმოჩნდა უკიდურეს სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით, ეს ჩემი სიტყვები არ არის”, – განაცხადა გილაურმა და განმარტა, რომ საქართველოში სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 900 ათასი სიღარიბის ზღავრზე მყოფი ადამიანი.

გილაურის თქმით, ხელისუფლება არ გეგმავს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირებას:

“როგორ შეიძლება ჯანდაცვის დაფინანსება შემცირდეს, როცა მომავალ წელს დამატებით მილიონ ადამიანს ვაზღვევთ, 670 ათას პენსიონერს და 0–დან 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს”.

გილაურის თქმით, კრიტიკის მიუხედავად, მთავრობა უზრუნველყოფს ათპუნქტიანი გეგმის განხორციელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი