ეკონომიკა

თამბაქო და ალკოჰოლი – საგადასახადო მონიტორინგის სამიზნე

24 ოქტომბერი, 2011 • 1188
თამბაქო და ალკოჰოლი – საგადასახადო მონიტორინგის სამიზნე

 

საგადასახადო მონიტორინგის საკითხის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყა. ოპოზიციამ მთავრობა წინასაარჩევნოდ ბიზნესზე ტოტალური კონტროლის დამყარებაში დაადანაშაულა. ექსპერტებმა საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ბუნდოვანი უწოდეს, ხოლო საგადასახადო შემოსავლების სამსახურის მონიტორებს საწარმოებში ჩანერგილი უშიშროების აგენტები.

 

ოპოზიციისა და ექსპერტების შეფასებას საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე უსაფუძვლოს უწოდებს:

„დღეისათვის  გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც  გადასახადის გადამხდელს შიდა დოკუმენტაცია მოუწესრიგებელი აქვს. როდესაც კომპანიაში შედის ჩვენი აუდიტორი, გვიწევს არაპირდაპირი მეთოდით გარკვეული დარიცხვების განხორციელება. არაპირდაპირი დარიცხვების მეთოდი არის ყველაზე ცუდი, რადგან  კომპანიაში დოკუმენტურად არ არის აღრიცხული, რა ნედლეული შევიდა და რა პროდუქცია გადამუშავდა, რამდენი გაიყიდა და რამდენი არ გაიყიდა. ჩვენ იძულებული ვართ, განვახორციელოთ პირდაპირი  დარიცხვები ირიბი გზებით: კერძოდ, გახარჯული ენერგიის მიხედვით, ან გახარჯული ნედლეულის მიხედვით, რაც საკმაოდ უხეში მეთოდია და იწვევს ბიზნესის უკმაყოფილებას.“

ებანოიძის განმარტებით, ფინანსური მონიტორინგის მიზანია ბიზნესისთვის გადასახადის გადახდის კულტურის  სწავლება.

„ბიზნესს უნდა მივეხმაროთ, რომ შიდა დოკუმენტაცია და აღრიცხვა ისე აწარმოოს, რომ როცა შემოწმებაზე შევალთ,  კომპანიის დოკუმენტაციას უფრო მაღალი ნდობა ჰქონდეს და არ წავიდეთ დარიცხვის ირიბ მეთოდებზე“, – განმარტავს ებანოიძე.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საგადასახადო მონიტორინგი, პირველ რიგში, სააქციზო საქონლის მწარმოებლებს შეეხებათ. ებანოიძის თქმით, ეს ბიზნესი რისკჯგუფშია და ყველაზე ხშირად ფინანსური დარღვევები ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს აქვთ. საგადასახადო შემოსავლების სამსახური დოკუმენტაციის შედგენაში იმ კომპანიებსაც დაეხმარება, რომლებიც ამის შესახებ საკუთარი სურვილით მიმართავენ.

როგორც ებანოიძე განმარტავს, საგადასახადო მონიტორინგი სავალდებულო არ იქნება, მონიტორებს სანქციების დაწესების უფლება არ ექნებათ, მათი მიზანი იქნება კომპანიის ფინაანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება, რაშიც ისინი მენეჯმენტს ერთი თვის განმავლობაში დაეხმარებიან.

რაც შეეხება ფინანსური მონიტორინგისთვის საწარმოების შერჩევის პრინციპს, ებანოიძის თქმით, პირველ რიგში, მონიტორები იმ ბიზნესში შევლენ, რომელთაც საგადასახადო შემოწმების დროს დარღვევები ხშირად გამოუვლინდებათ.

„რიგ შემთხვევაში ბიზნესის მიერ წარმოდგენილი ფინანასური დეკლარაციით ვიხელმძღვანელებთ. თუ აღმოჩნდება, რომ დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია  არაზუსტია, ან ხშირად  იცვლება, ასეთ კომპანიაში შევლენ ჩვენი მონიტორები და აქცენტს ფინანსურ დოკუმენტაციის შესწავლაზე გააკეთებენ.“  .

ფინანსური მონიტორინგი არ შეეხება მცირე ბიზნესს. საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ფინანსური მონიტორინგის განხორციელება ბიუჯეტში დამატებით ხარჯებს არ გამოწვევს. საწარმოების შემოწმება საგადასახადო სამსახურის არსებული რესურსით მოხდება.

ადგილობრივ ბაზარზე ქციზურ საქონელს  დაახლოებით 70 კომპანია აწარმოებს. კანონმდებლობით აქციზით იბეგრება ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. რა ფინანასურ ეფექტს ელოდება საგადასახადო სამსახური კოდექსში განხორციელებული ცვლილების  შედეგად, ამ კითხვაზე ებანოიძეს პასუხი არ აქვს.

საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ბიზნესკომპანიების მონიტორინგს ითვალისწინებს, ექსპერტების ნაწილის თქმით, ბუნდოვანი და გაუგებარია. ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ბიზნესის გასაკონტროლებლად  ფინანსთა სამინისტროს საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს, ამიტომ ახალი მაკონტროლებლები ბიზნესისთვის ზედმეტია:

„მე არ ვიცი, რა საჭიროა დამატებითი მეთვალყურეები, მონიტორები და მონიტორინგის განმახორციელებელი პირები საწარმოში. ნებისმიერი დამატებითი თვალი და ყური ხელს უშლის ბიზენსის მუშაობას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის ლიბერალიზაციაზე, ფინანსთა სამინისტრომ კერძო აუდიტს მისცა უფლება, რომ საგადასახადოსთან ის იყოს ანგარიშვალდებული და არა საწარმო. ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს მონიტორმა. მე ვერ ვხედავ ამ გადაწყვეტილებაში ლოგიკას“.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის. კერძოდ, კოდექსს ემატება მუხლი 2571, რომელიც საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს. ცვლილების თანახმად, „საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე უფლებამოსილი პირის/პირების მიმაგრებით საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე.“ საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.  საგადასახადო მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესახებ მონაცემების მოპოვება ან/და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენა“.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ  მსგავსი ინიციატივები ქვეყანაში  სრულფასოვანი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას და ბიზნესაქტივობას უშლის ხელს. ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ინიციტივა მიხეილ სააკაშვილი მიერ წარმოდგენილ ეკონომიკის ლიბერალურ კურსს ეწინააღმდეგება. ექსპერტს  მონიტორების საქმიანობა საბჭოთა კავშირს და საწარმოებში ჩანერგილ უშიშროების სამსახურის აგენტებს აგონებს.

“ფინანსთა სამინისტრო ახალ ბარიერბს ქმნის და ახალ მეთვალყურეებს ნიშნავს, როგორც ძველ დროს უშიშროების სამსახური მუშაობდა ორგანიზაციებში. მონიტორები, ფსიქოლოგიურის გარდა, ბიზნესს ტექნიკურ პრობლემებსაც  შეუქმნიან. ბიზნესს  ყოველღიურად  მოეთხოვება დოკუმენტაციის წარდგენა  წარმოებული ფინანსური ოპერაციების შესახებ. ეს არის ტექნიკური ბარიერი, რომელიც მეწარმეს  თავისუფალ ოპერირებაში ხელს შეუშლის.  მონიტორების  სისტემა დააზარალებს არა მსხვილ, არამედ მცირე  და საშუალო ბიზნესს, რომლის  აქტივობა და ეკონომიკური საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმის შოვნასთან და პურის ფულის  მოპოვებასთან არის დაკავშირებული. მსხვილ ბიზნესს ჰყავს  ლობი. მცირე, საშუალო და წვრილი ბიზნესი მოკლებულია ამ საშუალებას. ამიტომ ახალი ინიციატივა ამ ტიპის ბიზნესისთვის  დამატებითი ტვირთია.“

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პაკეტი პარლამენტში პირველი მოსმენით 13 ოქტომბერს მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი