ეკონომიკა

დეფოლტის საფრთხე და ამერიკის მთავრობის საგანგებო სატელევიზიო მიმართვები

26 ივლისი, 2011 • 1138
დეფოლტის საფრთხე და ამერიკის მთავრობის საგანგებო სატელევიზიო მიმართვები

ამერიკის პრეზიდენტმა და კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა გუშინ ღამით ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს მიმართვები საერთო ეროვნული ტელევიზიების მეშვეობით იმის თაობაზე, თუ რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს დეფოლტმა (ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის გაცხადებამ), რომელიც შესაძლოა აშშ–ს მთავრობამ გამოაცხადოს.

ორივე მიმართვა – ბარაკ ობამასი და ჯონ ბეინერის – ამერიკის ყველა ძირითადი ტელევიზიის ეთერით საგანგებოდ გადაიცა გუშინ, გვიან ღამით.

“თუკი ჩვენ დეფოლტს გამოვაცხადებთ, არ გვექნება საკმარისი თანხა ყველა ვალდებულების გასასტუმრებლად – მათ შორის ინვალიდობისა და ასაკობრივი საპენსიო ხარჯების, ასევე იმ ვალდებულებებისთვის, რაც მთავრობას აღებული აქვს ათასობით კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე,” – განაცხადა ობამამ.

“ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის ისტორიაში, როცა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი შესაძლოა დაეცეს, რაც ინვესტორებს გაუჩენს ეჭვის საფუძველს, თუ რამდენად სანდოა იმ ვალდებულებებისადმი ნდობა, რომელსაც ამერიკის მთავრობა იღებს საკუთარ თავზე. საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, რაც ამერიკელებს ახალი, დამატებითი გადასახადების სახით დააწვება. ჩვენ ვართ რისკის წინაშე, რომ მოვახდენთ ღრმა ეკონომიკური კრიზისის პროვოცირებას,” – განაცხადა აშშ–ს პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ “კონგრესს ერთი კვირა დარჩა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად”.

ამ გამოსვლიდან 5 წუთის შემდეგ ნაციონალური ტელეარხების ეთერში კონგრესის სპიკერი ჯონ ბეინერი გამოჩნდა. მან მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ობამას დააკისრა.

“თუკი პრეზიდენტს კონგრესისგან ვალის ზედა ზღვარის აწევაზე თანხმობა უნდა სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯების შეუმცირებლად, მაშინ ის ამას ვერ მიიღებს,” – განაცხადა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა.

მანამდე აშშ–ს ფინანსთა მინისტრმა ტიმ ჰაიტნერმა განაცხადა, რომ 2 აგვისტოს ამერიკა გამოაცხადებს დეფოლტს იმის გამო, რომ “რესპუბლიკელებს” არ სურთ სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდა. ამის შედეგად ეკონომიკაში განვითარებულმა სიტუაციამ შესაძლოა გამოიწვიოს 1930–ანი წლების დეპრესიების გამეორება და უმსხვილესი კრიზისი მსოფლიო მასშტაბით.

“რესპუბლიკელები” კი ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდა უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება იმ ფონზე, როცა თეთრ სახლს არ სურს შეამციროს სახელმწიფო პროგრამებისთვის გამოყოფილი ფინანსები. რაც იწვევს საბიუჯეტო დეფიციტს ქვეყანაში.

აშშ–ს სახელმწიფო ვალმა უკვე მიაღწია კანონით დადგენილ ზედა ზღვარს – 14.3 ტრილიონ აშშ დოლარს. ობამას ადმინისტრაცია კონგრესისგან საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვს, რომლითაც სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი 2.4 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზრდება. თეთრი სახლი ამ ცვლილებას კონგრესისგან ერთი კენჭისყრით მოითხოვს, “რესპუბლიკელები” კი ორსაფეხურიან კენჭისყრას მოითხოვენ, კერძოდ, მეორე კენჭისყრის ჩატარებას 2012 წლის შუა პერიოდში – საარჩევნო კამპანიის დროს მოითხოვენ, რითაც მოახერხებენ კონტროლის მოპოვებას როგორც თეთრ სახლზე, ისე კონგრესის ორივე პალატაზე.

შეთანხმების მიღწევის მიზნით ბარაკ ობამამ გუშინდელ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა:

“შესაძლოა, ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა დანაწევრებულ ხელისუფლებას, მაგრამ მათ ხმა არ მიუციათ მოშლილი და არაადექვატური ხელისუფლებისთვის” – ამ სიტყვებით მიმართა მან ხალხს, რათა სწორედ ხალხმა მოახდინოს ზეგავლენა მათ მიერ არჩეულ კანონმდებლებზე, იმისათვის, რომ “გაწონასწორებული მიდგომით” გახდეს შესაძლებელი წარმოქმნილი საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი