ბლოგებიკომენტარისაზოგადოება

უცხო ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ

30 ოქტომბერი, 2023 • 11384
უცხო ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ

გუშინ დაცარიელებული შავი ფანჯრები მოჩანდა. დღეს ფანჯრებში სინათლემ გამოანათა. თეთრი, თვალისმომჭრელი სინათლე გამოჩნდა დაბურულ მინებში. რამდენიმე დღეში ეს ფანჯრებიც გაქრება მინებიანად. აგურები, რომლებიც ბოლო ძალით ცდილობენ გაამაგრონ ისინი, მათთან ერთად გაუჩინარდება. და გაქრება კიდევ ერთი სახლი ჩემს ქუჩაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვუყურებდი.

სახურავი უკვე მოანგრიეს, ფანჯრებში გამოჩენილი ცივი ნათება კი იმის ნიშანია, რომ შიგნეულიც გამოაცალეს. ამ პროცესს ზედმიწევნით კარგად ვიცნობ, ზუსტად ვიცი, რას, რა მოჰყვება და როდის წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან კიდევ ერთი სახლი.

სახლებთან ერთად ქრებიან მეზობლები, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემდა გასაოცრად, სულ ახსოვთ, მე კი არაფერს მეუბნება მათი სახელები. თუმცა ირგვლივ ვცნობ ადამიანებს, რომლებთან მისალმებაც იმედს მიტოვებს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია შევხვდე ნაცნობს ამ ქუჩაზე, უბრალო მეზობელს, რომელსაც ღიმილით მივესალმები.

ქრება იმედი, ჩნდება გაუცხოება და შიში.

ჩვენს სახლთან სასწრაფოს გამოჩენას მუდამ თან ახლდა მძღოლის გამოკითხვა, ბებო ან ბაბუ ყოველთვის არკვევდა, ვისთან იყო მოსული. მერე იცვამდნენ და მიდიოდნენ. ჩვენთან მოსულ სასწრაფოსაც ყოველთვის თან მოჰყვებოდა ერთი მეზობელი მაინც.

ერთი წლის წინ, როცა შემზარავმა ტირილის ხმამ გამაღვიძა, რამდენიმე წუთში კი – გვერდითი ეზოს ჭიშკართან ვიდექი, სადაც სულ რამდენიმე მეზობელი ვიყავით, მივხვდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო მოვლენა, საშინლად მძიმე, თუმცა ბოლო მოვლენა, რომელსაც ერთად გავიზიარებდით. რამდენიმე თვეში ეს სახლიც დაინგრა. გაზაფხულობით ჩემი აივნიდან ამ სახლის ეზოში აყვავებული ბროწეულის ხეები მოჩანდა ხოლმე.

არეულად დანომრილ ქუჩაზე, სახლი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვუყურებდი უცნაური გარანტია იყო ჩვენი სახლის მოსაგნებად.

შევეცადე გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ამ სახლთან მაკავშირებდა.

ვიხსენებ: ჩემს ბავშვობაში სარდაფში მაღაზია იყო, სადაც ერთხელ ჩუმად გავიპარე ჩიფსის საყიდლად. ყულაბიდან ამოვაძვრინე ოქროსფერი, ბორჯღალიანი ორმოცდაათეთრიანი, კარი ოდნავ, შეუმჩნევლად ღია დავტოვე და მაღაზიაში გავიპარე აკრძალული პროდუქტის საყიდლად. კიბეები ჩავირბინე და თეთრი მძიმე კარი შევაღე, გამყიდველები მიცნობდნენ, შიში გაქრა, სწრაფად დავბრუნდი სახლში, ვჭამე და სწრაფადვე დავმალე შეფუთვა.

მაღაზია დაიკეტა. გაიხსნა სამკერვალო, სამკერვალოს შემდეგ – ღვინის მაღაზია, ბოლოს მეწაღე მანუელი აკეთებდა ფეხსაცმელებს, ეს იყო ბოლო, რაც გაბზარული სახლის სარდაფმა დაიტოვა მოგონებად. სახლთან ერთად სარდაფიც გაქრება და კომერციულ ფართად გადაიქცევა.

გვერდითი სახლი როგორი იყო – გახსენება ძალიან მიჭირს…

ასეთივე პატარა, ოთხსართულიანი აგურის შენობა იყო, სადაც იყო მაღაზია პატარა სარკმლით და ჯადოსნური კარით, რომლითაც შიგნით შეგეძლო შეგეღწია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს იცნობდი. ძლივს მოსაბრუნებელ, ძალიან ვიწრო სივრცეში, სადაც იპოვიდი ბევრ სიგარეტს, დივანს კუბოკრული პლედით და პატარა მაცივარს, კოკა-კოლა იშვიათად ჰქონდათ, სიგარეტისადმი ინტერესი კი არასოდეს მქონია. კარგად მახსოვს, სუნიც მახსოვს, საშინელი სიგარეტის სუნი და ადამიანები, რომლებიც ახლა გონებაში ამოტივტივდნენ.

გვერდით ერთ დროს საოჯახო სამზარეულო იყო, აქ აცხობდნენ ჩემთვის საუკეთესო და დღემდე ყველაზე გემრიელ ლობიანს. ეზოში იყო დიდი კიბე, რომელიც სახლში შედიოდა, სულ მაინტერესებდა, შიგნიდან როგორი იყო, სახლის შიგნიდან ნახვა მხოლოდ ნგრევისას შევძელი. როგორც ამბობენ, ამ სახლის პატრონებმა იმდენად განიცადეს თავიანთი სახლის ადგილას მიმდინარე დაუსრულებელი მშენებლობის პროცესი, რომ ფული მოითხოვეს და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

ამ უზარმაზარი შენობის ადგილას ერთ დროს ტროტუარი იყო. კიბეებით ჩასასვლელი ტროტუარი, რომელიც ფართო დერეფანს ქმნიდა, დიდი არჩევანი გქონდა – შეგეძლო დაბლა, მშვიდად გევლო დიდ სივრცეში, ან ზემოთ დატოვებული პატარა ბილიკი გემჯობინებინა და ზედმიწევნით ზუსტად გავლა გეცადა მასზე. სკოლაში სიარულის დროს რამდენიმე წელი ჯერ კიდევ არსებობდა ეს ტროტუარი. ამ სახლში ძირითადად პარტიების ოფისები იყო, ჯერ ქრისტიან-დემოკრატების, მერე ქართული ოცნების. წინასაარჩევნოდ აქ არიგებდნენ ცისფერ სამაჯურებს, რომლებიც ღამით ანათებდა.

როცა მშენებლობა დაიწყეს, გზაზე გამოიტანეს კონსტრუქცია, რომელიც უსაფრთხო ფეხით სავალ ნაწილად ითვლებოდა… ერთხელ, ამ კონსტრუქციაზე სიარულისას, მანქანიდან მძღოლმა მიყვირა – „სად დადიხარ?!!!” და ჩემი ქუჩის ამ მონაკვეთზე დღემდე არ ვიცი, სად ვიარო…

მის პირდაპირ, ახლად მოპირკეთებული შენობა რომ მიყურებს და ძირითადად რუსი უბნელები შესახლებულან, ვერაფრით ვიხსენებ, რა იყო. ან რამე ასოციაცია მაინც ხომ უნდა მომდიოდეს გონებაში?! როგორი იყო, ვინ ცხოვრობდა, იყო რამე სარდაფში? მაღაზია? არაფერი მახსენდება. არც ნგრევა მახსოვს, არადა, ამ ქუჩაზე, ყველა სახლის ნგრევა მახსოვს.

ყოველდღიურობამ ყველა მოგონება ეჭვქვეშ დააყენა. ტროტუარის არქონა დიდი ხანია უმნიშვნელო გახდა ჩემთვის. ჩემს სახლთან მშენებლობის გამო რომ ზუსტად ვიცი, ტროტუარზე რამდენიმე მანქანა იქნება გაჩერებული, ესეც უმნიშვნელო ყოველდღიურობაა. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო პატარა, მყუდრო ქუჩა რომ მაგისტრალური ხაზი გახდა, ესეც დამავიწყდა. იმავე მიზეზით ერთ დილას რომ გავიღვიძე და სახლის კართან მანქანა დამხვდა გაჩერებული, ესეც დავივიწყე. ევაკუატორებმა რომ მანქანები ტროტუარზე ამოსვეს, ესეც. ფეხით სასიარულო გზა ამ მონაკვეთზე რომ უკვე თითქმის 7 წელია აღარ არსებობს, არც ეს მახსოვს. „დომუსი“ რომ რამდენიმე წელია აშენებს უზარმაზარ სახლს და ტროტუარი გაუქმებული აქვს, ესეც არ მახსოვდა იქამდე, სანამ დღეს ჩემს ქუჩაზე შემოხვევისას ისევ დავინახე ამწე, და დავფიქრდი, რამდენი ხანია, რაც ამ ამწეს ვუყურებ. იმდენად შეეზარდა ქუჩას, რომ ვეღარც ვამჩნევ, აღარც მიკვირს და ვხვდები, რომ ამ ქუჩის მთავარი – ერთადერთი სიმბოლო ამწეა, ბეტონის საზელ მანქანასთან ერთად. მაგრამ ეს არც მიკვირს და არც მაინტერესებს, დავხაზავ რკალებს, წრეწირებს, ცილინდრებს სახლამდე მისასვლელად. ერთადერთი, რაც სადარდებლად დამრჩა, ჩემი ქუჩაა, რომელსაც დიდი ხანია ვეღარ ვცნობ და მავიწყდება ყველაფერი, რაც მასთან მაკავშირებს. ვემშვიდობები კიდევ ერთ სახლს ჩემ გარშემო და ვცდილობ, მეხსიერებაში მაინც დარჩეს მას სათანადო ადგილი. სულ უფრო მატულობს შიში, დავრჩე მარტო, უცხო ადგილას, უცხო ქუჩაზე, უცხო სახლების ტყვეობაში, ან უარესი, დავკარგო ადგილი, რომელიც ჩემთვის ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემი მოგონებები ინახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი