საზოგადოება

„ომი დასრულდება და მერე ვითამაშებთ”- 2 წელი უკრაინის ომიდან

24 თებერვალი, 2024 • 2778
„ომი დასრულდება და მერე ვითამაშებთ”- 2 წელი უკრაინის ომიდან

უკრაინის დროშებით სავსე ქალაქი ნელ-ნელა დაცარიელდა, მხარდაჭერა კი, ყოველდღიურ საზრუნავში გადაიზარდა. ნაყიდი, ვერ ნაყიდი და სპეციალურად შეკერილი დროშებიც გახუნდა და დაიფლითა, გაქრა დიდი კომპანიების ვიტრინებიდან და გაქრა სახლების აივნებიდანაც.  ჩემ წინ მდგარი სახლის აივანზე გაუჩინარდა ჩემი ქუჩის მონაკვეთში  ბოლო საქართველოსა და უკრაინის დროშა.

ყოველდღიურობად ქცეული ომის საპირწონედ ჩემს ფანჯრებზე ჯერ კიდევ ჯიუტად ჰკიდია საქართველოს და უკრაინის დროშები, ჰკიდია იმედის და შეხსენების, თავის მართლების და სინდისის ქენჯნის გამო, რომელიც დროის სვლასთან ერთად, გარდაუვალი გულგრილობის დადგომისას ჩნდება ხოლმე.

ჩემს ფანჯარაზე დაკიდებულ დროშას თავისი ამბავი აქვს. ეს ამბავი კი, ორი წლის წინ დაიწყო:

2022 წლის 24 თებერვალს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ჩემთვის  ჩვეულებრივი დილა უნდა გათენებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ბრძოლები, რომლებსაც  უცხო ქალაქში ჩემს თავთან და დამოუკიდებელ ცხოვრებასთან ჭიდილში გავდიოდი, გაქრა და დარჩა უმწეობა.

რამდენიმე საათში რუსეთის საელჩოსთან ვიდექი და ვაკვირდებოდი უცხო ადამიანებს. ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ ტელეფონით ელაპარაკებოდნენ ოჯახის წევრებს უკრაინაში  და რა უნდა მექნა არ ვიცოდი. ჩემი ტკივილი და უმწეობა არაფერი გახდა ამ ადამიანების ტკივილის ფონზე, უცხოობა კი, რომელიც არც ისე მაკლდა უცხო ქვეყანაში, გაიზარდა და გაიზარდა. დარიგებულ ფურცლებზე ფანქრით დავწერე, საქართველო უკრაინასთან ერთად არის – მეთქი და ეს წარწერაც საშინლად დიდ უმწეობად მეჩვენა, მაგრამ მალევე ვიგრძენი, რომ ასე არ იყო, არავის ესმოდა ჩემი ისე, როგორც ამ უცხო ადამიანებს.

იყო ბევრი უძილო ღამე. სანამ კლიტოსი უკრაინის დროშას შემიკერავდა და ჩვენი სახლის წინ მდგარი ლიმონის ხე ლაჟვარდისფერ და ყვითელ დროშას ფერებში შეერწყმებოდა, აივანზე სარჭებით  ფურცლები გავაკარი. გრძელდებოდა აქციები, უკვე ვცნობდით ერთმანეთს, ვესალმებოდით, ვუღიმოდით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე რთული მაშინ არაფერი იყო. ვხვდებოდი, რომ ეს ადამიანები ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხდებოდნენ.

არავისთან გამიცვლია კოორდინატები, რაღაც გრძნობებს და ურთიერთობებს, ზედმეტი ძიებები მხოლოდ აფერმკრთალებს. ამ გააზრებული ნაბიჯით ყველა ჩემს გვერდით დარჩა – ადამიანები, რომლებიც ჩემი ნაწილი გახდნენ და ნიქოზიაში 4 თვის ყოფნის მანძილზე არავისთან მიგრძნია თავი ისე, როგორც მათთან.

ახლა ვათვალიერებ ფოტოებს და თავიდან მახსენდება ყველაფერი. დიალოგები, რომლებიც სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ბავშვები, რომლებიც ჩემს თვალწინ, 4 თვეში გაიზარდნენ…

ეს დღე ბუჩაში მომხდარი გენოციდის დღეა. ნიქოზიის მუდმივ, აუტანელ ქარში, სანთლების დანთებას და ცეცხლის შენარჩუნებას ვცდილობთ. გვერდით ანდრეი მიდგას, ჩვენი აქციების უპირობო ვარსკვლავი. არასდროს წამით არ ყოფილა მისი მოსვენება. არასდროს დამავიწყდება, ამ დღეს მისი გაფართოებული თვალები, ის სიჩუმე და სიდინჯე, რომელიც სანთლით ხელში მდგომს ჰქონდა. გულმოდგინედ ცდილობდა შეენარჩუნებინა ცეცხლი და დინჯად მდგარიყო. არ იცოდა რა ხდებოდა. გვაკვირდებოდა ყველას გაფართოებული თვალებით და უსიტყვოდ ესმოდა რაღაც, რაც მის სიცელქეს და მოუსვენრობას სიდინჯედ აქცევდა, ალბათ ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი დიდობაში.

დროშა, რომელიც ახლა თბილისში კიდია და 4 თვე ეკიდა ნიქოზიაში, ამ ყველაფრის მოგონებად დამრჩა. მახსოვს როგორ მივაგენი კლიტოსს, რომელმაც შეკერილი დროშა სახლში მომიტანა და მითხრა, აუცილებლად გავიმარჯვებთო და მე უცვლელად მჯერა იმის, რომ ეს დროშა მალე გამარჯვების სიმბოლო გახდება.

იქამდე ვტოვებ ფოტოებს, რომლებიც ძალიან მძიმე წუთების და ძვირფასი ადამიანების მოსაგონრად დამრჩა:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი