ბლოგები

ჭოხონელიძის თქმით, დისკრიმინაციის დაგმობის გამო “დასაჯეს” და შობას აღარ იგალობებს

16 დეკემბერი, 2020 • 2628
ჭოხონელიძის თქმით, დისკრიმინაციის დაგმობის გამო “დასაჯეს” და შობას აღარ იგალობებს

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მან სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაცია საჯაროდ დაგმო, საშობაო საგალობელის შესასრულებლად აღარ იწვევენ. ამის შესახებ მან “ტვ პირვველზე” ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა.

ჭოხონელიძის თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ დასაჯეს ადამიანი განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის. როგორც ჭოხონელიძე ამბობს, აღნიშნული მიზეზით ის არც ამ შობას შეასრულებს საგალობელს.

“ღიად გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელი საკითხისადმი. კერძოდ, დაუშვებელია, ჩაიქოლოს ადამიანი იმის გამო, რომ არ მოგწონს მისი რელიგიური მრწამსი, რასა თუ ორიენტაცია. ამ მიზეზით მისი დისკრედიტაცია ხდება, ამიტომ სამსახურებიდან ათავისუფლებენ, თუ არ მუშაობს, არ იღებენ სამსახურში და აბულინგებენ. ამის წინააღმდეგ წავედი მე, მეტი არაფერი.

მას შემდეგ ტოლერანტ ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ყოველ შობის ღამეს, როდესაც ტაძარში ვდგავარ და ვასრულებ საგალობელს,მე აღარ უნდა მემღერა. გარკვეული სამაგიერო გადამიხადეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავიანთი “დიდსულოვანი ბუნებიდან” გამომდინარე  — მე დამსაჯეს, შეიძლებოდა ეს მე შემხებოდა ან სხვას, ვინც მათ ფეხქვეშ არ გაეგებოდა.

არადა, ეს ის რგოლია, რომლისაგანაც ჩვენ უნდა ვგებულობდეთ, როგორ ვიყოთ მიმტევებლები, როგორ ვიყოთ ლბომიერები, როგორ უნდა ვინდობდეთ ერთამანეთს და ა.შ. ამ შემთხვევაში ნათელი მაგალითია, როგორ დასაჯეს ადამიანი, რომელიც მათ ბრმად არ წაყვა და თავისი აზრი გამოხატა”, — განაცხადა მან.

თამრიკო ჭოხონელიძე წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტში, მათ შორის, ასრულებდა საშობაო საგალობლებს. 2019 წლის მაისში კი თქვა, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაცია დაუშვებელია, რის შემდეგაც კიბერბულინგის სამიზნე გახდა.

სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია მართებული არაა – ჭოხონელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი