ახალი ამბები

მედიის დისკრიმინაცია წულუკიანის ბრიფინგებზე – მედიაკოალიცია ომბუდსმენს მიმართავს

8 დეკემბერი, 2021 • 1279
მედიის დისკრიმინაცია წულუკიანის ბრიფინგებზე – მედიაკოალიცია ომბუდსმენს მიმართავს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართავს.

კოალიცია აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია და ბრიფინგებზე მედიის ნაწილის არშეშვების შემთხვევები ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.

„ეს[8 დეკემბერს კულტურის სამინისტროში ბრიფინგი] არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე. ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერის იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.

მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს“, – აცხადებს კოალიცია.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს, შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

„ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია; მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე“, – აცხადებს კოალიცია.

კოალიცია “მედიის ადვოკატრებისთვის” მზადაა წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვისას.


დღეს, 8 დეკემბერს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები კონკურსის გარეშე, “საკუთარი შეხედულებით” დანიშნა. ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ მედიის ნაწილს, მათ შორის, “ნეტგაზეთს” არ მიაწოდა.

ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” ჟურნალისტები. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამინისტროში მისულ ჟურნალისტს ადმინისტრაციის თანამშრომელი ეუბნება, რომ “წინასწარ იცის, რომელი ტელევიზია უნდა შეუშვან”:

“ასე არ გავუფრთხილებივართ, რომ არ შემოუშვათო, მაგრამ სია გვაქვს, ვინც უნდა შევიდეს. მე როგორც ვიცი, TV პირველი არ უნდა შევიდეს…”, – უთხრა ადმინისტრაციის თანამშრომელმა.

ჟურნალისტის თხოვნაზე, მისთვისაც ეჩვენებინათ აღნიშნული სია, ადმინისტრაციის თანამშრომელმა თქვა “ნუ, არ არის სია და… ზეპირად იცის დაცვამ”.

მოგვიანებით თეა წულუკიანს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ბლოკავს მის ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, პასუხად კი წულუკიანმა ჟურნალისტებს „აღვირახსნილები“ უწოდა.

„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები!“ – უთხრა წულუხიანმა ჟურნალისტს.

“ნეტგაზეთი” დილიდან ცდილობდა კულტურის სამინსიტროსთან დაკავშირებას, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი რუსუდან უშიკიშვილი სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

კულტურის მინისტრის ბრიფინგზე ჟურნალისტების არდაშვების პირველი შემთხვევა არ არის. 22 ნოემბერს სამინისტროში ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები. მაშინ სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია “ნეტგაზეთსაც” და უწყების პრესსამსახური, დღევანდელის მსგავსად, მაშინაც არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი