სახალხო დამცველი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებს მიმართავს, რომ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში ომბუდსმენის აპარატს მიმართონ.
სახალხო დამცველის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო.
„სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის ცნობით, 2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე.
„საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც, ჯამში, 15 პირს მიემართება.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ უფლებადარღვეული სუბიექტების პოზიციებსა და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, მომართეთ სახალხო დამცველის აპარატს.
დამატებით გაცნობებთ, რომ განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია დისტანციურად შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@pdo.ge კითხვების არსებობის შემთხვევაში ან/და კონსულტაციის მიზნით, დაუკავშირდით სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს – 1481“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებმა მოგვმართეთ – ომბუდსმენი
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.