ბლოგები

“მე და გარემოებები” ანუ ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

3 ოქტომბერი, 2011 • • 1444
“მე და გარემოებები” ანუ ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

საქართველოში უმაღლესი განათლება სავალდებულოც არის და ხელმისავწდომიც, ხელმისაწვდომი სახელმწიფოს მეტ-ნაკლები ხელშეწყობით, სავალდებულო ჩვენი ფსიქიკური წინასწარგანწყობებით – ყველას თითო დიპლომი მაინც უნდა ჰქონდეს სახლში. გავრცელებული ფრაზის მიხედვით დიპლომს თაროზე დასადებად იღებენ, უფრო თავმომწონეები არც დიპლომით კედლის შემკობაზე ამბობენ უარს.

”ამერიკანიზაციის” ძალით საქართველოში “CV”-ების შემოსვლამ ახალი გამოყენება მოუძებნა აღებულ თუ ჯერარაღებულ დიპლომებს.

ტრადიციულად ბრძოლისმოყვარე საქართველოში, უმაღლესი განათლება იმითაც დაფასდა, რომ უნივერსიტეტის კედლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დახსნა ძალუძთ. ამდენად იქცა სწავლაც სავალდებულო აკადემიურ სამსახურად და არა განვითარების გარანტად.

აღნიშნულმა გარემოებებმა გზა სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მეც გამიკვალა. ეს იყო 2006 წლის ოქროსფერ შემოდგომაზე…

…მელიქიშვილის გამზირზე მიმავალი შორიდან ვხედავდი უნივერსიტეტის გუმბათს, რომელიც ნაძვების კენწეროებს მიღმა დროდადრო იმალებოდა. აღელვებული, მოზღვავებული ემოციებისგან, ახალ გარემოსთან შეხვედრას მოველოდი. მახსენდებოდა ჩემი იმედები, როცა სასურველი უნივერსიტეტების მთელ შვიდპუნქტიან ჩამონათვალში პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩავწერე. მახსენდებოდა, ჩემი მასწავლებლის სიტყვები: ”სხვა თუ არაფერი უნივერსიტეტის კედლებში გავლა მაინც ღირს ერთ რამედო”… მე კი იქ კედლების სანახავად სულაც არ მივდიოდი.

ამიტომაც არ მივაქციე ყურადღება უნივერსიტეტის სახურავზე შემოდგულ გლობუსებზე გამოსახულ ჟანგიან ამერიკას, აზიას, აფრიკასა და სხვა კონტინენტებს. არც ის შემიმჩნევია, პირველი კორპუსის სახურავზე მსხდომი მტრედების ყოველ დარბაისლურ აფრენაზე, ოქროსფერ შარავანდედად რომ აბრდღვიალდებოდა მზით განათებული მტვერი.

მე, ვაჟას, ილიასა და აკაკის ბიუსტების საპატიო ყარაულის გავლის შემდეგ შევედი უნივერსიტეტში!

როცა ცხრილებთან უთავბოლოდ ყიალი და ”დამთხვეული” ლექციები ჩემს ყოველდღიურობად იქცა, როცა მოუხერხებელი მერხები, რომლებიც ზურგს მტკენდა, ჩემს სასწავლო გარემოდ აღვიქვი, როცა უნივერსიტეტის ბუფეტში დილით ახლიდან შემთბარი ხაჭაპურ-ლობიანები – ”დელეკატესად”, მაშინ მეც ნამდვილი უნივერსიტეტელი გავხდი.

არ იფიქროთ, ცუდი იყო სტუდენტობა. ბედნიერი ვიყავი, რომ მეც სტუდენტი, ჩვეულებრივად გამორჩეული, გავხდი. რომ ჩემს ახალგაზრდობაშიც იდგა ცხოვრების ტრადიციულად ბედნიერი წლები… და ამ წლებმა მალე გაირბინეს. ვაკიდან სანზონისკენ მომავალ გზაზე არ მიკითხავს ჩემი თავისთვის ”ამ ოთხმა წელიწადმა ძაღლყურძენა მოისხა თუ მტევანი თქო,” სამაგიეროდ ახლა ვფიქრობ, თუ რა შემმატა ამ ხუთმა წელიწადმა (ოთხ წელიწადს პლუს შეტენილი სემესტრი).

ამ მოგონებებისა და მსჯელობის სინთეზსში ორი ცვლადი- მე და გარემოებები იკვეთება. მე და გარემოებებმა შევქმენით მთელი ხუთწლიანი ეპოპეა სწავლისა. ნაწყენი ვარ ჩემს თავზე რომ არ შევნიშნე გარემოებები, რომლებიც თავს მახვევდა ცხოვრების ტრაექტორიას. ნაწყენი ვარ გარემოებებზეც, რომ თავს მომახვიეს ნაანდერძევი გზა ”მელიქიშვილის გამზირზე.”

ნაწყენი ვარ ჩემს თავზე. რატომ ჩავაბარე ასეთი ინერციით, ცოტა მომეცადა, კარგად დავფიქრებულიყავი, მომეგროვებინა სწავლის ფული… ნაწყენი ვარ გარემოებებზეც, რატომ არ მაცალეს, რატომ დამაშინეს ჯარში გაწვევით, ერთი წლის დაკარგვით?

წელს პირველი წელია ჩემი ცხოვრების ბოლო თექვსმეტი წლის მანძილზე ”პირველ სექტემბერს” არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ მივდივარ. და ეს კარგია. არ მჯერა ისეთი წუწუნისა და დაჩივლების, რომელსაც მხოლოდ ცუდი აქვს სათქმელი. ყველაზე მეტად აღსანიშნავი ისევ ჩემი და გარემოებების შეთანაწყობით განხორციელდა: 

პირველ კურსზე ყოფნის დროს ყველაზე მეტად სოციალურ მეცნიერებებს ვერ შევეწყვე. არ მომწონდა სხვადასხვა მკვლევრების მოსაზრება ერთსა და იმავე საკითხებზე. ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო ამდენი განსხვავებული აზრი? აშკარად ვგრძნობდი სკოლაში ნასწავლ ”დაბეჭდილი ჭეშმარიტებები” უნივერსიტეტის ცოდნას ვერ გაუძლებდა. თსუ-ში ვისწავლე, რომ სახელობითის მოთხრობითის, მიცემითისა და ასე შემდეგ ბრუნვების რიგი ერთადერთი თანმიმდევრობა არაა, და არც რბილი ”ლ”-ა თვითმკვლელობის ტოლფასი.

სამაგიეროდ, მყავდა ისეთი თანაუნივერსიტეტელები, რომლებიც იცინოდნენ ”რბილ ლ”-ებზე, ვიყავით ისეთები, რომლებსაც ფეხზე გვეკიდა სწავლის გაძვირება – ოჯახი იხდიდა, და იყვნენ და არიან სტუდენტური თვითმმართველობის ისეთი წევრები, რომლებსაც უნივერსიტეტი ვერ ასწავლის პლურალიზმსა და შემწყნარებლობას, ვერც საკუთარი თავით ცხოვრებას. მათ პატარა ჩინოვნიკებად ზრდის გარემოებები.  

აღმოჩნდა, რომ მე ვიცვლები, იცვლება სტუდენტების ნაწილი, მაგრამ არ იცვლება გარემოებები. გარემოებები, რომლებიც ისევ ბობოქრობენ და ნეპოტიზმისა და პროტექციონიზმის ჯადოსნური წრის კიდევ უფრო შეკვრით გვემუქრებიან.

არ იცვლებიან სახელმწიფო და სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც სწავლის ორჯერ გაძვირებით სწავლას კიდევ უფრო დიდ პრივილეგიად აქცევს. არ იცვლება სტუდენტური თვითმმართველობაც, რომელის არჩეულ წევრებსაც თავი სტუდენტების მმართველები ჰქონიათ.

არ იცვლებიან უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი და რექტორი (რექტორის ცვლილებაში პიროვნებების ცვლილებებს არ ვგულისხმობ, არამედ პიროვნულ ცვლილებებს რექტორებში), ვინც სტუდენტური ჯგუფის ”ლაბორატორია 1918-ის” გამართულ აქციას ”ზიზღით შეპყრობილი ადამიანების” წუწუნს უწოდეს. განა შეიძლება, ადამიანს, ვისაც ეზიზღება უნივერსიტეტი უნივერსიტეტის გამო საფრთხის ქვეშ იგდებდეს თავს სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან?!

რექტორის მსგავსად ბავშვობის დროინდელ მოგონებას გავუზიარებ პროფესორ ლევან ალექსიძეს, ”მოუსვით აქედანო,” რომ უყვიროდა სტუდენტებს, მანამდე კი დისკრიმინაციის, რასიზმისა და უმცირესობების დაცვისა და შეუმწყნარებლობის წინააღმდეგ მებრძოლ გაეროს კომისიებში საქმიანობდა. ვეტყვი, რომ ორდროშობანას თამაშში დროშებს ხშირად ვცვლიდით, რადგან ისინი თამაშიდან თამაშამდე იცვითებოდნენ. მას კი საქართველოს საბჭოთა თუ დემოკრატიული მთავრობები უფრო უდიერად ექცევიან ვიდრე ჩვენ ვექცეოდით ჩვენს დროშებს. ვეტყვი, რომ ბატონი პროფესორიც გარემოებების მსხვერპლია და მისმა მუშაობამ უმცირესობათა უფლებადამცველ კომისიებში, ვერც საბჭოთა კავშირში და ვერც დამოუკიდებელ საქართველოში, ვერ გადააჭარბა გარემოებებს.

რატომ არ აცლიან ”ამაგდარი პროფესორები’ ახალ თაობას ცხოვრებას?! პროფესორები, ვინც ვერ შექმნეს საჯარო სივრცე განსხვავებული შეხედულებებისთვის. აცადონ სტუდენტებს, რომლებიც გარემოებების შეცვლას ცდილობენ, რომელთა თითოეული აქტივობა სასიკვდილოდ ფატრავს სივრცეს, რომელშიც წინასწარდადგენილი ტრაექტორიით უსულო არსებები მოძრაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი