ბლოგებიგართობასაზოგადოებახელოვნება

კეცის მჭადები მოგონებებით

22 იანვარი, 2024 • 2471
კეცის მჭადები მოგონებებით

სულ მგონია, ზამთარს გემო ვინც ვერ გაუგო, კეცის ჭადიც არ გაუსინჯავს.

მოზელილ, კეცზე დასადებად გამზადებულ ჭადის (ჩვენთან „მ” ყოველთვის ზედმეტი იყო ჭადთან და ჩემთვის დღემდე ასეა) ცომზე ნეშოს ფოთლების დაფენა ჩემი ბავშვობის განუყრელი მოგონებაა. როგორც წესი, ან სამი ფოთოლი ეტევა, ან ოთხი, მაგრამ  თუ ზუსტად შეძლებ განალაგო სიბრტყეზე ნეშოს ფოთლები, მაშინ ყველაფერი კარგად დამთავრდება და სურვილიც შეგიძლია ჩაუთქვა ჭადებს. ეს რიტუალი ან/და ტრადიცია წლები მომყვება და მის გარეშე თუ ჩაივლის ზამთარი, ის ზამთარი ზამთარი აღარაა. ზაფხულში კიდევ არც ცეცხლის გიზგიზს აქვს გემო და დიდად, არც კეცის ჭადებს.

ბავშობაში საახალწლოდ დიმში (იმერეთში, ბაღდათის რაიონი) ჩამოსვლა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, ჯერ კიდევ პატარა, მარტო მოვყვებოდი სამარშრუტო ტაქსის და მოვდიოდი დოდოსთან. ეს ოდნავი შიშისა და ბედნიერების გულისძგერის განცდა, ალბათ, აღარ განმეორდება.

საშობაოდ შუაცეცხლზე გაშლილი სუფრის ჟანრის კანონი ასეთია: სუფრაზე ყველთან ჯერ კეცის ჭადი ჩნდება და მალე, მოხარშული ღორის ხორცი. თუ პატარა ბუთა ხარ, მოხარშული ხორცი გეჯავრება და სუფრაზე უქმად არავინ დაგაყენებს, მხსნელად გევლინება კეცის ჭადი, რომელსაც შენ მიერ დაფენილ ნეშოს ნაკვალევზე გატეხ და ყველთან ერთად შეჭამ, სანამ რამე საშენო შემოემატება სუფრას.

წელს დავიჟინე, მეტი მეამბო კეცის ჭადებზე, შეიძლება უცნაურ აკვიატებად ჩათვალოთ, მაგრამ ჩემთვის ეს ის ძვირფასი რიტუალი, მოგონება და მეხსიერებაა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები, და ვხვდები, რომ შეიძლება სულაც ბოლო ადამიანი ვიყო, რომელიც თან ვატარებ ამ ყველაფერს, ან შეიძლება, არც…

კეცის ჭადები 

ჭადის ფქვილი

პირველი ნაბიჯი სიმინდის დასაფქვავად წასვლაა.

მივადექით გიას წისქვილს. აქ დგას ერთადერთი სასწორი, რომელსაც ბოლომდე ვენდობი. ტრადიციულად, გიას ვთხოვ და ვიწონები. ამ დროს გია დიდ თუჯის ქვაბში ცრის ჭადის ფქვილს. ამ ქვაბისთვის უკვე წლებია თვალი მაქვს დადგმული, აქ უნდა მოვხარშო ღომი ჩემს ქორწილში, ეს გიამ კარგად იცის, მაგრამ მაინც არ თმობს ქვაბს… სანამ გიას თუჯის ქვაბის მოსაპოვებელ ჩემს მცდელობებზე ეცინება, ჭადის ფქვილი უკვე მზად აქვს. პირველი ნაბიჯი კეცის ჭადებისკენ გადადგმულია.

გია ცრის ჭადის ფქვილს

კეცები

მე და ელენე სოფელ ვარციხეში წასასვლელად გავემზადეთ. თუ გვერდით ელენე გიდგას, არაფერზე არ დარდობ. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გზაზე დაგინახავს და თან გაგიყოლებს.

„გურის გაუმარჯოს, საით მიდიხარ?”  ეკითხება ელენე გაჩერებულ მანქანას. „ებიჯო, დაჯექით და საცხა მივალ, გეიგებთ”, – პასუხობს გური, ვსხდებით. ზუსტად იმ გადასხავევთან მიდის, სადაც ჩვენ – „რავა გამოჩარხეს საქმე, ხედავ? რავარი ტუზი დეეცათ”, – ეუბნება გური თავის მგზავრს და იცინის.  ხვიჩიების ეზოსთან გვტოვებს.

ხვიჩიების ამ ოჯახში თაობებია აკეთებენ კეცებს.

კეცების კეთება ბავშვობიდან დავიწყე, დედ-მამა აკეთებდნენ, მეც მივყევი და მივყევიო – იხსენებს მურმანი. კეცების კეთების სეზონი მარტიდან იწყება, ახლა კეცები გაკეთებულია. სეზონზე იმდენი ტურისტი და სკოლის მოსწავლე მოდის, სურათებს უღებენ კეცებს, ისინი გადაღებას უნდებიან, მე კი კეთებასო – ეცინება.

გამოუწვავი კეცები

კეცების გაკეთების ტექნიკაზე გვიყვება:

„შავ მიწას სილა ერევა და ვზელ, ადრე ფეხით ვზელდით, ახლა საზელი გავაუმჯობესე, სპეციალური საზელი გვაქვს და ახლა უკეთ ვაკეთებთ. კარგია, მაგრამ შრომა უნდა. ძნელიცაა, გამოწვაა სიკვდილი, ახლაც წნევა მაქვს. წლების მანძილზე ამდენი შრომით გადავიღალე, ოჯახის ახალ თაობას კი აღარ უნდათ ხელობის სწავლა.”

გამომწვარი კეცები

„ზოგს ნანახი არა აქვს კეცი, თბილისიდან რომ ჩამოვიდნენ ნიმუშად წაიღეს, სერვანტში შევინახავთო, არ იციან, რა არის კეცი”, – ეცინება მურმანს და გვიხსნის, რატომ სჯობს კეცი ტაფას:

„დიდი კეცები რომაა, რატოა კაი, იცი? ტაფისგან განსხვავებით, კეცი იშრობს ცხიმს და მთელი ჭუჭყი დაბლა მიაქვს. ტაფაზე რომ წვავ ხორცს ან თევზს, ზეთი ტივტივებს, კეცი კიდევ ბოლომდე იშრობს.”

5 კეცს ვყიდულობთ, უკან სამარშრუტო ტაქსით ვბრუნდებით, უკვე ბნელა. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ  მძღოლი ყველა მგზავრს იცნობს და უთქმელად უჩერებს მანქანას მათთვის სასურველ ადგილას. ეს ყველაფერი ცოტა ხნით იმ სივრცის ნაწილად მხდის, რომელიც დიდი ხანია გაუჩინარდა ჩემთვის.

კეცის ჭადები

მეორე დღე ჩემი და დოდოსია. 4 საათზე გვაქვს შეხვედრა დათქმული, სახლში შევდივარ, დოდო უკვე ნეშოებს წმენდს (ნეშო შქერის ფოთოლია, რომელიც კეცის ჭადების განუყრელი ნაწილია და აძლევს განსაკუთრებულ გემოს), ჭადის ფქვილი ხის გობშია, ნეშოს ფოთლების გაწმენდაში ვეშველები და შუაცეცხლისკენ მივდივართ.

დოდო წმენდს ნეშოს (იგივე შქერის) ფოთლებს

შუაცეცხლი უძველეს სამზარეულოშია, რომელიც მუხის ხით ისეა ნაშენები,  რომ ლურსმანი გამოყენებული არ არის. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახის მთავარი მოგონებები ინახება. ხის შენობა ჯერაც მედგრად უძლებს ყველა გასაჭირს. ცეცხლს ვანთებთ და ცეცხლზე კეცებს ვალაგებთ.

სამზარეულო დიმში

ცეცხლი დანთებულია, კეცები დალაგებული, სანამ კეცები გაწითლდება, დოდო ხის გობში ცომის მოზელას იწყებს:

„პროპორციები არ მაქვს, რასაც შეიზელს ცომი, იმდენი წყალი უნდა. სხვათა შორის, კეცზე როცა აცხობ ჭადს, სქელი ცომი უნდა იყოს, ტაფაზე  კი- თხელი. ძალიან დიდხანს უნდა ზილო, გემრიელი რომ გამოვიდეს”, – ამბობს დოდო და ჩემი დიდი ბებიის ამბავსაც აყოლებს: „წუწუმ იცოდა ასე: ზელდა, ზელდა, ზელდა… ერთ ლოცვასაც წაიკითხავდა, რომ გეგონა, დაამთავრაო, კიდევ გადაზელდა, ამიტომ ამის გემო ნახევრად ზელაშია.”

დოდო მახათაძე, ხის გობით, ნეშოს ფოთლებით და ჭადის მოსაზელი წყლით

შუაცეცხლის ამბებს იხსენებს, რამდენი ჭადი გამომცხვარა აქ.

 

ცომის მოზელას ამთავრებს და ცომის დაგუნდავებას იწყებს. 8 ცალი გამოდის – ქორწილზე გეყოფა, ახლავე თუ მოაგვარებ საქმესო – მეუბნება. დაუფიქრებლად ვამბობ უარს, 8 ჭადი რომ ეყოს, ისეთი ქორწილი არ მხიბლავს.

ცომის გუნდებს აბრტყელებს, ცალი მხრიდან ნეშოს ფოთლებს უფენს, ცეცხლიდან იღებს კეცს და მიწაზე დებს. კეცზე ცომის დაჯენის დროა: ახლა მთავარი ინტრიგაა, ალაპარაკდება თუ არა კეცი. როცა კეცი საკმარისად ცხელია, ცომის დაჯენისას ტკაცუნს იწყებს, ჩემი და დოდოს ენაზე კი – ლაპარაკს იწყებს.

ნეშოს ფოთლების მხრიდან ცომის დაჯენისას კეცი შიშხინს იწყებს- ე.ი. „ლაპარაკობს” და საკმარისად ცხელია. ზემოდან ისევ ნეშოს ფოთლებს ვაფარებთ, შემდეგ კი ახალ კეცს ვადებთ, იმავე პრინციპით გრძელდება ჭადის დაჯენა  და გამოდის კეცის ჭადების პატარა კოშკი.

20 წუთში კეცის ჭადები მზადაა, მე და დოდოს ნაკვერჩხალი გვენანება და სამწვადეზე მიდის სახლში, თან მთავარი ამბავი ახსენდება:

„ამ სამზარეულოს საყიდლად იყვნენ მოსულები, მოგვყიდეთ, ფულსაც მოგცემთ და ახალ სამზარეულოსაცო… არ მივყიდეთ”, – ამბობს და გადის.

ასე სრულდება წლის პირველი და მთავარი რიტუალი დიმში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი