კინო | ხელოვნება |

კინოფესტივალი კინოთეატრის გარეშე, პრეზიდენტი და სხვა ცდუნებები

13 სექტემბერი, 2010 | | 1450
კინოფესტივალი კინოთეატრის გარეშე, პრეზიდენტი და სხვა ცდუნებები

ირანელ რეჟისორი აბას ქიაროსთამი ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალმა მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.
ირანელ რეჟისორი აბას ქიაროსთამი ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალმა მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.

სანამ პრეზიდენტის დაცვა ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში  სტუმრების ჩანთებს ჩხრეკდა, აჭარის სიმფონიური ორკესტრი კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს უკრავდა. ჩხრეკას ვერც კინოფესტივალის მთავარი სტუმრები, ირანული კინოს ვარსვკლავი   აბას ქიაროსთამი და პოლონელი რეჟისორი, ბათუმის საავტორო კინოს მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ზბიგნევ რიბჩინსკი გადაურჩნენ.

დღეს, კინოფესტივალის მეორე საღამოს,  აბას ქიაროსთამისა და ზბიგნევ რიბჩინსკის ფილმების რეტრორპექტივა დაიწყო. თავისი ფილმის ჩვენების წინ ქიროსთამიმ აღნიშნა, რომ მეგობრებთან ერთად წასვლას და საღებავის ყიდვას აპირებს, რათა ნაცრისფერი ეკრანი თეთრად შეღებოს, რომ კინოს ჩვენების ხარისხი გამოკეთდეს.

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი გუშინ გაიხსნა. ფესტივალის გახსნის ცერემონიამ საკმაოდ მოკრძალებულად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტის ვიზიტს, რის გამოც ფესტივალის ყველა სტუმარი დარბაზში შესვლამდე საგანგებოდ შეამოწმეს. სანამ პრეზიდენტის დაცვა ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში  სტუმრების ჩანთებს ჩხრეკდა, აჭარის სიმფონიური ორკესტრი კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს უკრავდა. ჩხრეკას ვერც კინოფესტივალის მთავარი სტუმრები, ირანული ცნობილი ფიგურა, რეჟისორი და ფოტოგრაფი აბას ქიაროსთამი და პოლონელი რეჟისორი, ბათუმის საავტორო კინოს მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ზბიგნევ რიბჩინსკი გადაურჩნენ.

ბათუმის კინოფესტივალი წელს დრამატულ თეატრში იმართება, იმის გამო, რომ ბათუმში კინოთეატრის მოწესრიგებული შენობა არ არის. კინოთეატრ „თბილისს“ რეკონსტრუქცია უტარდება და, როგორც ცნობილია, იგი თავდაპირველ ფუნქციას კარგავს. ამ ფონზე  პრეზიდენტის კინოფესტივალზე ვიზიტი შესაძლოა  ბათუმში ან ახალი კინოთეატრის გახსნის მომასწავებელი იყოს, ან პრეზიდენტს თეატრის შენობაზე გაკრული აფიშა მოეწონა, სადაც წითელი ხუთიანი, ფესტივალის დაარსების თარიღია აღნიშნული.

პრეზიდენტი ბათუმის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს არ დასწრებია. იგი მაშინ მოვიდა, როცა დარბაზში შუქი ჩაქრა და აბას ქიაროსთამის 2010 წლის ფილმის, „სერთიფიცირებული ასლის“ ჩვენება დაიწყო.

ფილმის ჩვენების ხარვეზების მიუხედავად, დარბაზი მაყურებლებით იყო სავსე, ხოლო დღეს ჟიურის წევრებმა პრესკონფერენციაზე თქვეს: „ქიაროსთამიმ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარვეზების მიუხედავად, მაყურებელმა დარბაზი არ დატოვა, ეს ნიშნავს, რომ ფესტივალს ჰყავს მაყურებელი, რომელსაც უყვარს კინო. იგი თანახმაა, კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს ბათუმის კინოფესტივალზე და აჩვენოს თავისი ფილმები უკეთესი ხარისხით.“

„სირცხვილია, რომ ქალაქში კინოთეატრი არ არის“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე ქრისტოფერ  კამისჩევმა, ჩიკაგოს დოკუმეტური ფილმების ფესტივალის დირექტორმა, რომელიც ბათუმის კინოფესტივალზე ახალგაზრდული კინოს კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა.

ჟიურის წევრებთან პრესკონფერენცია  მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ჟიურის წელს რიბჩინსკი ხელმძღვანელობს, ჟიურის წევრები კი რეჟისორი ნინო კირთაძე, ბულგარელი კინომცოდნე ბოჟიდან მანოვი, ავღანელი რეჟისორი სიდიკ ბარმაკი და ირლანდიური ფილმების ფესტივალის დირექტორი ჯუდით ბლექბერნი არიან. ხვალ ბათუმში ზბიგნევ რიბჩინსკის ერთსაათიანი მასტერ-კლასი გაიმართება. რეჟისორი, რომელიც ვიზუალური გამოსახულების ტექნოლოგიებზე მუშაობს,  ხვალ პუბლიკას თავისი გამოცდილების შესახებ უამბობს.  

ბათუმში კი მზიანი ამინდების შემდეგ გაწვიმდა. დიდ ეკრანზე კინოს სანახავად ამინდი შესაფერისია, ბათუმელებსა და ფესტივალის სტუმრებს, ფესტივალზე დასწრების ნაცვლად, ზღვაზე გასვლისა და გარუჯვის ცდუნება არ ემუქრებათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი