კინოხელოვნება

პროქართული თუ პაციფისტური

15 თებერვალი, 2010 • 3086
პროქართული თუ პაციფისტური

ევროპულ კინობაზრობაზე, რომელიც ბერლინის  საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იმართება, ამერიკულმა საპროდიუსერო და სადისტრიბუციო კომპანიამ REXMEDIA „საქართველო“ საპრეზენტაციო რგოლი აჩვენეს. „საქართველოს“ რეჟისორი ამერიკელი რენე ჰარლინი, რომელიც საპრეზენტაციო რგოლის ჩვენებას ესწრებოდა, ამბობს: „ეს პრო-ქართული კი არა ომის წინააღმდეგ მიმართული ფილმია“.   

მხატვრული ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი დოლარია. გადაღებები საქართველოში გვიან შემოდგომაზე დასრულდა. ახლა ფილმი მონტაჟის პროცესშია. როგორც ფილმის ავოტორებმა განაცხადეს, ისინი კანის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადებიან. კანამდე მათ, ბერლინში, კინოს საქმოსნებისა და ჟურნალისტების წრეში გადაწყვიტეს მოთელვა.

ფილმის გადასაღებად ჰარლინის განკარგულებაში 40 ტანკი, 8 ვერტმფრენი, 2 თვითმფრინავი და 2 000 ჯარისკაცი იყო. ფილმში არის სცენები, სადაც მთელი ეს რესურსი ერთდროულად გამოიყენეს. რეჟისორი აღნიშნავს და ამაყობს კიდეც ფაქტით, რომ გენერალივით იყო.

„საქართველოს“ მოსამზადებელ პერიოდში მოკვლევა გაეროსა და Human Right Watch-ის დასკვნების მიხედვით გაკეთდა და ისტორიაც სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე აიგო. რეჟისორი, რომელიც 80-იანი წლებიდან იღებს ფილმებს, ასევე დასძენს: „ჩემს კარიერაში ყველაზე პერსონალური ფილმია“.

მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ასრულებენ: ვალ კილმერი, რუპერტ ფრენდი, ენდი გარსია… ფილმში თამაშობენ ქართველი მსახიობებიც: გივი სიხარულიძე, ანა იმნაძე, მიხეილ გომიაშვილი და სხვები.

კადრი ფილმიდან "საქართველო"
კადრი ფილმიდან "საქართველო"

15 წუთიანი საპრეზენტაციო რგოლში ძირითადად ომის ამსახველი კადრები ფიგურირებს. გადაღებები მართლაც მდიდრულია: საჰაერო და სახმელეთო ბრძოლები, ბომბების ცვენა და ცეცხლმოდებული მანქანების ჰაერში ტრიალი. თანაც, რეისორმა გაგვაფრთხილა, რომ ეს ყველაფერი ფირზეა გადაღებულია და არც ერთი სცენა არ წარმოადგენს „დიგიტალურ ეფექტს“.

ჰარლინი ამბობს, რომ მისი ძირეული მიმართება ამ ფილმთან განსაზღვრა სურვილმა ეთქვა „სათქმელი, რომელიც თქმად ღირს“. საპრეზენტაციო რგოლი რამდენჯერმე აჩვენეს. ყოველ ჯერზე ავტორი იმეორებდა, რომ როცა მაყურებელი კინოში დადის, მთავარი პოლიტიკა და პოლიტიკურ საკითხებში მისი განათლება ან ფილმის პოლიტიკური მნიშვნელობის გაგება არ არის.

თუმცა, 15 წუთიანი რგოლის ნახვის შემდეგ „მარიოტის“ დარბაზში მყოფი ყველა ადამიანისთვის აშკარა უნდა ყოფილიყო თუ საითკენ მიყავს ავტორს მაყურებელი, რომელსაც ზემოთთქმული სიტყვების გასამართლებლად მხოლოდ ადამიანების ტანჯვით გამოწვეულ სენტიმენტებს არ სთავაზობს. თუმცა, შეიძლება რეჟისორი მართალია, ვიღაცისთვის მთავარი შეიძლება სასიყვარულო ისტორია აღმოჩნდეს, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტსა და ქართველ გოგონას შორის ხდება. მაგრამ როდესაც ეკრანზე ჩანს, რომ ქართულ დროშას წვავენ, მოსახლეობას უმოწყალოდ კლავენ, ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებენ, როდესაც ეკრანზე დაღვრილი სისხლი ომში მონაწილე მხოლოდ ერთი მხარისაა და ეს მხარე ქართულია, როდესაც ბატალური სცენების მთელი პათეთიკა მაყურებლის აღელვებას და ბოროტმოქმედი რუსების დადანაშაულებას ემსახურება, ფილმის პრო-ქართულად დასახელებაც მაყურებლის წინასწარი მანიპულაციაა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი