ხელოვნება

ნარიყალას რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოცხადდა

29 მაისი, 2015 •
ნარიყალას რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოცხადდა

მერიის განცხადებით, კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის გადაწყვეტის საუკეთესო წინადადების გამოვლენა.

 

IV საუკუნის ციხესიმაგრე ფრაგმენტულად (კედლების ზედა ნაწილები) გასული საუკუნის 90-იან წლებშია აღდგენილი, თუმცა მისი ახლანდელი მდგომარეობა მძიმე ავარიული და საფრთხის შემცველია.

 

თბილისის მერიის ცნობით, თითქმის დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში მოქცეული კოშკები. აუცილებელი სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებებია შესასრულებელი ნარიყალას თითქმის ყველა კედელ-ბურჯზე.

 

საპროექტო დოკუმენტაციით განისაზღვრება რეაბილიტაციის მიმართულებები, რაც ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველია.

 

საკონკურსო პირობების მიხედვით, ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე, მეთოდოლოგია უნდა მოხდეს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

 

„მნიშვნელოვანია, მაქსიმალური კონკურენცია იყოს, ამიტომ მოვუწოდებთ არქიტექტორ-რესტავრატორებს, საუკეთესო პროექტის შესარჩევად ჩვენ მიერ გამოცხადებული წესების შესაბამისად შემოიტანონ განაცხადები. აუცილებელია, ციხის აღდგენა მოხდეს მისი ისტორიული ღირებულებების შენარჩუნებით და ვიზიტორებისთვის უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გვქონდეს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ნარიყალას ციხე
ნარიყალას ციხე

ნარმანიას თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები მომდევნო წლიდან დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში დაფინანსება იქნება გათვალისწინებული.

 

კონკურსანტმა, სხვა სავალდებულო დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ, მათ შორის, შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალი ამა თუ იმ პროექტში საკუთარი პოზიციის მითითებით.

 

მერიის ცნობით, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სადემონსტრაციო მასალა: ძეგლის არსებული მდგომარეობის აღწერა, ფოტოფიქსაცია, დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შეფასება; ძეგლის დაზიანებებისა და არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოვლენილი ვითარების ანალიზზე დაყრდნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და კონცეფციის შემუშავება, რეკომენდაციები დაზიანებათა აღმოფხვრისათვის.

 

კონკურსში მონაწილეები, მერიის ცნობით, სამი კრიტრიუმით- სპეციალისტის კვალიფიკაცია – 0,4; საკონკურსო წინადადება (სადემონსტრაციო მასალა) – 0,4; საკონკურსო წინადადების ფასი – 0.2- შეფასდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი