ხელოვნება

მუზეუმი საყდრისისთვის

1 აპრილი, 2015 •
მუზეუმი საყდრისისთვის

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ბოლნისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კონფეცია უკვე შეიმუშავა. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მუზუემისთვის შენობაც გამოყო, რომლის გვერდით კიდევ ერთი ნაგობება აშენდება.

 

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიხეილ წერეთლის ცნობით, შეიქმნება 1500 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცე, რომელიც 5 000 ექსპონატს დაიტევს და შვიდი თემად გაერთიანდება:

 

ქვემო ქართლის ბუნების ძეგლები, დმანისი, როგორც პირველი ევროპელების სამშობლო, ნეოლითის ხანაში მიწათმოქმედების ნაკვალევი, საყდრისი – უძველესი მეტალურგიის ძეგლები, ანტიკური ეპოქის ექსპონატები, ქრისტიანული კულტურის ძეგლები და გერმანელი კოლონისტების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა.

 

მიხეილ წერეთელი ამბობს, რომ მუზეუმი მოემსახურება სამეცნიერო კვლევით-საქმიანობას, ახალი არტეფაქტების კონსერვაციას, საზოგადოებრივ განათლებას, კოლექციების პოპულარიზაციასა და ტურისტული ცენტრის როლსაც შეასრულებს.

 

შენობაში, რომელიც ბოლნისის მუზეუმისთვის გამოიყო, უკვე განთავსებულია საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები. ისინი საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიიდან ამავე ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელმა კომპანია RMG Gold-მა გადაიტანა.

 

კომპანიას, კულტურის მინისტრის ბრძანების მიხედვით, საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში უნდა მოეთავსებინა, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუზუემის ეზოში იყო მოთავსებული. მიხეილ წერეთლის თქმით, საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები აღნუსხულია.

 

ბოლნისის მუზეუმის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში მიხეილ წერეთელმა დღეს გამართა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიც ესწრეოდა.

 

მინისტრის თქმით, საყდრისის გარდა ბევრი საინტერესო აღმოჩენა არის ქვემო ქართლის რეგიონში და მუზეუმის არსებობა დიდად დაეხმარება ექსპედიციების წარმოებას.

 

“მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე მოვახერხებთ იმას, რომ არქიტექტურული კონკურსი გამოვაცხადოთ და საბოლოოდ დავსვამთ წერტილს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე რასაც ვაცხადებდით და რასაც ვპირდებოდით ჩვენს საზოგადოებას, ნამდვილად ვგულისმხობდით ამას თუ არა”, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

საყდრისის მკვლევარმა ირინე ღამბაშიძემ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მუზეუმის მოწყობის კონცეფცია მათაც ჰქონდათ, თუმცა ეს უნდა ყოფილიყო საყდრისში.

არქეოლოგი მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რომ საყდრისის ობიექტი უკვე აღარ არსებობს, უნდა მოხდეს მისი მასშტაბური პრეზენტაცია ბოლნისის მუზეუმში.

 

აღმოჩენილი არტეფაქტები საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე
აღმოჩენილი არტეფაქტები საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე

ირინე ღამბაშიძე ამბობს, რომ მუზეუმში გამოიფინება მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტები, ასევე, ყველა ინფორმაცია და კვლევის შედეგი, რომელიც წარმოებდა არქელოგიური შესწავლის დროს. ასევე გაკეთდება მაღაროს 3D მოდელი, რომელიც დამთვალიერებელს შეუქმნის წარმოდგენას საყდრისის მაღაროს შესახებ:

 

“ასეთი ძეგლი საქართველოში არ არსებობდა, მისი დოკუმენტაცია და კვლეები არის ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული. ასეთი დოკუმენტირებული ძეგლი არ არის საქართველოში (დმანისს არ შევეხები). ისეთი მასშტაბური ძეგლის პრეზენტირება, როგორიც იყო საყდრისი, აუცილებელია.”

კითხვაზე, იქნება თუ არა ეს ერთგვარი კომპენსაცია და სრულად წარმოაჩენს თუ არა საყდრისის მაღაროს მნიშვნელობას, ღამბაშიძე პასუხობს, რომ ვერაფერი ვერ შეცვლიდა იმას, რაც იყო ორიგინალში.

 

“მუზემის როლი სხვა სფეროა. ბედნიერი ვარ, რომ იმ მეცნიერთა შორის ვარ, რომლებმაც საყდრისს მიანიჭეს ეს კვალიფიკაცია, რომ  ჩვენ აღმოვაჩინეთ მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო. ისტორიაში ასე შევა.”

 

არქეოლოგს მიაჩნია, რომ ყაჩაღიანის ბორცვზე, სადაც პრეისტორიულ ხანაში მეტალს მოიპოვებდნენ, იმ ადგილას უნდა გაკეთდეს საცნობარო დაფა მაღაროს არსებობის შესახებ.

 

საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე ახლა ოქროს მოპოვებით სამუშაოებს კომპანია RMG Gold აწარმოებს. იმის მიუხედავად, რომ კულტურის სამინისტრო თავდაპირველად უარყოფდა საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა ამ ადგილას უძველესი მაღაროს არსებობა დაადასტურეს.

საყდრისს, რომელიც ბოლნისის რაიონში მდებარეობს, 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.

 

საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014
საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014

ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშნელობაში ეჭვი შეჰქონდა კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია MRG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით, სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.

 

ამის მიუხედავად, კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი