ეკონომიკა

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ

11 ნოემბერი, 2013 • • 2320
სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ

სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონებში გავლენ და  გლეხებს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

 

სააგენტოს პრეზენტაცია დღეს “ექსპო–ჯორჯიაში” შედგა. პრეზენტაციას მთავრობის წევრები, დონორები და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

 

სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი მიშელაძის ინფორმაციით, სასაოფლო–სამეურნეო კოოპერატივში გაწევრიანების მსურველები რეგიონებისდან უკავშირდებიან. მიშელაძე იმედოვნებს, რომ კოოპერატივში გაწევრიანების მსურველი გლეხების რაოდენობა გაიზრდება:

 

„კოოპერატივები ორგანიზაციული ფორმით უნდა დაფუძდნენ მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად. მათ შორის ურთიერთობის რეგულაცია უნდა მოხდეს მათივე წესდებით, რომელშიც სავალდებულო კრიტერიუმებს მოითხოვს როგორც მეწარმეთა შესახებ, ისე სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი. აღნიშნული კანონის მეათე მუხლში მითითებულია, თუ რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს  კოოპერატივის წესდება იმისათვის, რომ შემდგომ მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.“

 

მიშელაძე განმარტავს, რომ ამ წესდების ჩამოყალიბებაში სააგენტო მონაწილეობას მიიღებს, თუ მას კოოპერატივის ჩამოყალიბების მსურველი  გლეხები მიმართავენ.

 

მისი თქმით, სასოფლო–სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების გვერდით იარსებებენ ის კოოპერატივებიც, ორმელთაც შესაბამისი სტატუსი არ ექნებათ:


სააგენტოს პრეზენტაცია
სააგენტოს პრეზენტაცია

„თუ კოოპერატივები სტატუსს მოიპოვებენ, ისინი ექცევიან საგადასახადო შეღავათების არეალში. მათ ექნებათ ასევე გრანტის მიღების უფლება. ისინი პოტენციური ბენეფიციარები არიან უკვე სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისათვის. მათ ასევე გადაეცემათ სახელმწიფოს მხრიდან უსასყიდლოდ საინფორმაციო მომსახურება. მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებს სახელმწიფო, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. სტატუსის მოპოვებით მათ უფრო ბევრი სიკეთე ექნებათ, ვიდრე სტატუსის მოპოვების გარეშე აგრარულ სექტორში.“  

 

მიშელაძის განმარტებით, სააგენტოს ერთ–ერთი ფუნქცია იქნება ბაზრის გარანტიის შექმნა:


“შეიქმნება საინფორმაციო ბანკი, სტატუსის მქონე კოოპერატივების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საინფორმაციო ბანკში იქნება ერთ–ერთი მონაცემი იმისა, რომ რა პროდუქციას აწარმოებს და რა რაოდენობის პროდუქცია ექნება მიღებული და რა ბაზარი სჭირდება კოოპერატივს. მეწარმე სუბიექტებს ამაშიც აღმოუჩენს დახმარებას სააგენტო.“  

 

კოოპერატივის შექმნის შესაძლებლობა მაღალმთიან რეგიონებში სამ გლეხს, ხოლო საქართველოს სხვა ნაწილში ხუთს შეეძლება.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ამბობს, რომ პირველ ეტაპზე რამდენიმე ათეული სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის შექმნა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება:

 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაწევრიანებას ვერავის ვერ აიძულებ. მე არ მაქვს იმედი, რომ ჩვენ ათასობით კოოპერატივს შევქმნით, თუმცა ქართველი გლეხის პრაგმატულობის იმედი ნამდვილად მაქვს. რამდენიმე ათეული ან ასეული წარმატებული კოოპერატივი გვექნება ქვეყანაში. მათი მეზობლები ამ წარმატებას დაინახავენ, ისინი მიბაძავენ ამ კარგ მაგალითს.“

 

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების ფორმატი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის რეკომენდაციით შექმნა. თუმცა, როგორ იმუშავებს ეს სისტემა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს ხუან ხოსე ეჩანოვეს პროგნოზირება უჭირს:

 

„ძალიან ადრეა ახლა რაიმე პროგნოზი გავაკეთო, რა შედეგს მოუტანს ეს გლეხებს და მეწარმეებს. მარტო გლეხმა რამდენიმე თავი ყველი რომ ჩამოიტანოს დედაქალაქში, ეს ხარჯებთან არის ასოცირებული. კოოპერაციის შემთხვევაში თუ გაერთიანდება რამდენიმე მეწარმე, დაიქირავებენ ტრანსპორტს და პროდუქტს შემოიტანენ დედაქალაქში, უკეთესი ფასის შემოთავაზებაც კი შეიძლება. კოოპერაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არის მიზანზე ორიენტირებული. მაგალითად, გლეხებს შეუძლიათ გაიყონ ტრანსპორტირების და დასაწყობების ხარჯი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც ემსახურება კოოპერატივები. საქართველოში ძალიან დიდი მიღწევაა, რომ არსებობს კანონი კოოპერატივების შესახებ და არსებობს კოოპერაციის ხელშემწყობი სააგენტო. ეს ორი ინსტრუმენტი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ხელს შეუწყობს მეწარმეების ამ გაერთანებას.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი