დავით კაკაბაძის ნამშევრების გამოფენა 2014 წლის 17 სექტემბერს პარიზში, მაიოლის მუზეუმში (Musée Maillol) გაიხსნება. მაიოლის მუზეუმი 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ექსპოზიციას, სადაც დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი იქნება გამოფენილი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კაკაბაძეების ოჯახის კერძო კოლექციიდან.
მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით.
კულტურის სამინისტროს ცნობით, 8 ივნისს, 15:00 საათზე, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის სახლ-მუზეუმში გამოიფინება პარიზში დაგეგმილი ექსპოზიციის ნაწილი. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ დავით კაკაბაძის როგორც ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ასევე, მხატვრის ფოტონამუშევრები.

ღონისძიებაზე აჩვენებენ ფილმს „ჯიმ შვანთე“ (რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე). ექსპოზიცია წინანდალში 2014 წლის ივნის-ივლისის განმავლობაში დარჩება.
დავით კაკაბაძე- ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და გამომგონებელი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული ხელოვნება გლობალურ მოდერნისტულ მოძრაობას დაუახლოვა.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია “სილქნეტის” მხარდაჭერით ხორციელდება.








