ხელოვნება

ჯემალ კასრაძის გამოფენა “საქართველო 80-90-იან წლებში” [ვიდეო/ფოტო]

3 მაისი, 2014 • • 3167
ჯემალ კასრაძის გამოფენა “საქართველო 80-90-იან წლებში” [ვიდეო/ფოტო]

თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა” გამოფენა 2 მაისს, 18 საათზე დაიწყო. გამოფენაზე 1978 წლიდან 1998 წლამდე გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი, რომელშიც ასახულია ამ პერიოდის მნიშვნელოვანი სპორტული და პოლიტიკური მოვლენები.

 

ჯემალ კასრაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის, პირადი ფოტოგრაფი იყო და ხშირად უწევდა პარლამენტის მუშაობის ფოტოსურათებზე აღბეჭდვა. მისი თქმით, სანამ პარლამენტს თბილისიდან ქუთაისში გადაიტანდნენ, მანამდე პარლმენტში მუშაობა არ მიუტოვება. 

 

ფოტოგრაფი ჯემალ კასრაძე
ფოტოგრაფი ჯემალ კასრაძე

ჯემალ კასრაძის, როგორც ფოტოგრაფის დებიუტი 1971 წელს გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” შედგა, შემდეგ კი მუშაობა გააგრძელა სპორტულ გაზეთებში- “ლელო” და “მართვე”. თითქმის 40 წლის მანძილზე თანამშრომლობდა რედაქციებთან, “დილის გაზეთი”, “კაბადონი”, “დრონი”, “საქართველოს რესპუბლიკა”.

 

ფოტოგრაფი იხსენებს, რომ  სპორტულ გაზეთებში მუშაობის დროს მისი ფოტოაპარატის ობიექტივი სპორტულ მოვლენებს ასახავდა. 1985 წელს  “ლელოში” კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა და თავის ფოტოებთან ერთად სტატიებსაც აქვეყნებდა.

 

თუმცა 1980-იანი წლების მიწურულს, პოლიტიკური პროცესების გააქტიურების შემდეგ, ამ პერიოდის საქართველოს ფოტომემატიანე გახდა. იგი ავტორია სამი წიგნის: “ჩიტებით სავსე ყუთი”, “ვაჟა კაჭარავა” და “ჩემი დროის ადამიანები”.

 

ჯემალ კასრაძის ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში
ჯემალ კასრაძის ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

ჯემალ კასრაძე 1945 წლის 27 იანვარს ცხინვალში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.

 

“რაც თავი მახსოვს, ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ფოტოაპარატი, რომელიც მამაჩემმა მეორე მსოფლიო ომამდე შეიძინა, თუმცა არც მოხმარება იცოდა და არც ინტერესი გამოუჩენია ოდესმე. მე და ჩემი ძმა რომ წამოვჩიტდით, გადავწყვიტეთ ამ აპარატისათვის ფუნქცია დაგვებრუნებინა”,- იხსენებს ჯემალ კასრაძე.

“ჯემალ კასრაძე ყოფით, ქუჩის თუ სპორტულ ფოტორეპორტაჟებში ძალიან კარგი იყო და მის ფოტოებს განსაკუთრებული კომპოზიციები ახასიათებს”,- ამბობს ლიკა მამაცაშვილი, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი