ხელოვნება

წიგნი ძველბათუმური მოგზაურობის შესახებ

17 მარტი, 2014 • 1919
წიგნი ძველბათუმური მოგზაურობის შესახებ

 

 მაშ ასე, მე მოგიყვებით და თქვენ გადაწყვიტეთ.

 

 

უცნაურია, მაგრამ სწორედ ძველბათუმური მოგზაურობის შესახებ დაწერილმა წიგნმა აღმომაჩენინა ის ადგილი ჩემს ქალაქში, სადაც ყველაზე ძველი ხე არის დღევანდელ ბათუმში. მომიყვა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეაგდო ასზე მეტი წლის წინ სამმა გიმნაზიელმა ღუმელში საათის მექანიზმზე დაყენებული ბომბი. და მერე კიდევ სხვა ამბავი ისევ საათის თემაზე, რომელიც იმ ადგილს გაპოვნინებთ ქალაქში, სადაც ძველი ბათუმელები საათს ასწორებდნენ.

 

 

წიგნი ძველბათუმური მოგზაურობის შესახებ მრავლად ამბობს ბათუმის, როგორც  „ნავთის ქალაქის“ შესახებ. მარტო ის რად ღირს, რომ სამყაროში პირველი ნავთობით დატვირთული ტანკერი სწორედ ბათუმიდან გავიდა 1892 წლის აგვისტოს 22-ში და სუეცის არხის გავლით გეზი აზიის შორეული აღმოსავლეთისკენ აიღო (ინფორმაციას ტანკერის საბოლოო დანიშნულების ადგილის და მესაკუთრე კომპანიის შესახებ საიდუმლოდ შევინახავ და ამ სიამოვნებას თქვენ დაგიტოვებთ).

 

 

თუ ზემოთ მოყვანილი ამბები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ თქვენ ეს წიგნი წაიკითხოთ, მაშინ გეტყვით, რომ მხოლოდ ამ წიგნში აღმოაჩენთ შორეულ, 1872 წელს ბათუმის ბაზარში ნიკო ნიკოლაძესა და აჭარელს შორის გამართული უჩვეულო დიალოგის დეტალებს. გაიგებთ დაუჯერებელ ამბავს, თუ რის გამო სთხოვდნენ ბათუმელი ებრაელები რუსეთის იმპერატორს ბათუმში სინაგოგის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას. ან კიდევ, რისთვის დააკრეს ბათუმელ წყლის დამტარებელ ბიჭებს 1879 წლის ივლისის 12-ში ზურგზე აფიშები. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ამბების დამალული და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მოყოლა ჩემს თავზე ავიღო და აღმოჩენების შესაძლებლობა წაგართვათ. დამიჯერეთ, ნახეთ ეს წიგნი, წაიკითხეთ და თქვენ სულ სხვა ბათუმს მოივლით. აი, მაგალითად, ისეთს, რომელმაც ორი ურემის მეპატრონე ვინმე ბათუმელი ვარშანიძე ნავთობის ბიდონების გადაზიდვით გაამდიდრა.

 

 

ეს წიგნი იმასაც გეტყვით, თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც 1879 წელს პატარა ორთქმავალ „ბაბუშკა“-თი ბათუმში ჩამოვიდნენ და მერე იქვე, სულ ახლოს ავქსენტი ცაგარელის ბათუმურ მოგონებებსაც აღმოაჩენთ.

 

 

იპოვით სრულიად უწყინარ ამბებსაც კი, მაგალითად, ბენიათოღლის თამბაქოს საწარმოში მესამე სორტის ათი ღერი პაპიროსის ფასს რომ შეეხება. ან კიდევ, ბათუმელი ფოტოგრაფის, გლაუდანის მიერ 1911 წლის თოვლიანი ბათუმის შესახებ ფოტოებით მოყოლი ზღაპარი რომ ჰქვია და სრულიად უნიკალურია.

 

 

თუ ამ წიგნს არ წაიკითხავთ, ვერაფრით გაიგებთ ამბებს ბათუმში ბრიტანული ოკუპაციის პერიოდის შესახებ. შეიძლება არც კი დამიჯეროთ, მაგრამ თურმე ბათუმში ბრიტანელების დროს ფოსტიდან წერილის გაგზავნა სულ სამი მიმართულებით შეიძლებოდა – მარადიდის, ჩურუქსუს (ქობულეთი) და თვით ლონდონისკენ.

 

 

ეს წიგნი ერთადერთია, რომელიც 1913 წელს ბათუმში თვითმფრინავების სადგურის მშენებლობის შესახებ არსებულ იდეაზე გეტყვით და თქვენ თავად დარწმუნდებით, თუ რაოდენ დიდი იყო ბათუმის მნიშვნელობა მთელს იმპერიაში.

 

 

ნახავთ ცნობილი ადამიანების გულისამაჩუყებელ ჩანაწერებს ძველი ბათუმის შესახებ. იმ ბათუმის, რომელშიც ზამთრის წვიმა სულ სხვანაირ ხმაზე მღეროდა და ზაფხულობით ყავის სუნი ასდიოდა სანაპიროს წვრილ კენჭებს.

 

 

მხოლოდ აქ შეხვდებით ერთად ჰამსუნს, ესენინს, ჭავჭავაძეს, კლდიაშვილს, ვოლსკის, ზუბალაშვილს და კიდევ ბევრ სხვა ცნობილ ადამიანს, რომელთა კვალი დღესაც ატყვია ქალაქს.

 

 

ძველბათუმური მოგზაურობის ყველაზე მნიშვნელოვან, იდუმალ, საინტერესო, მოულოდნელ და საკვანძო ამბებს თქვენთვის ვტოვებ და ჩემს მოკრძალებულ მონათხრობს წიგნში არსებული სულ ბოლო ჩანაწერით დავასრულებ: „ნუთუ არ შეიძლება მოგვარდეს ზარბაზნის სროლა? ნუთუ არ შეიძლება ისე მოეწყოს, რომ ზარბაზანი მართლა 12 საათზე გავარდეს? თუ არ შეიძლება, მაშ ტყვილად რას ვხარჯავთ ფულს და რად გვიფუჭებთ საათებს.“

 

 

ჰოდა, ახლა, სანამ საათები ჯერ ისევ მუშაობს და აღარც ზარბაზანს ისვრის ვინმე, აიღეთ „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, ჩაუჯექით და იმოგზაურეთ სულ სხვა ქალაქში. იმოგზაურეთ და მერე ვინ იცის, იქნებ აღარც მოგინდეთ ამ მოგზაურობის დასრულება.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი