ხელოვნება

გურანდა ქლიბაძის “ეგზისტენციალური ხილვები” [ფოტო]

15 იანვარი, 2014 •
გურანდა ქლიბაძის “ეგზისტენციალური ხილვები” [ფოტო]

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრები, დიდი ზომის მონოტიპიები, რომლებიც შემოქმედებაში მხატვრობისა და ლიტერატურის გადააზრებას ახდენს.

 

‘’ნეტგაზეთთან’’ საუბარში გამოფენის კურატორმა  და ხელოვნებათმცოდნემ გიორგი პაპაშვილმა აღნიშნა, რომ ეს  გურანდა ქლიბაძის პირველი პერსონალური გამოფენაა, რომლითაც მხატვარი წარდგა ქართული საზოგადოების წინაშე.

 

ანგელოზები (გ.გ. მარკესის მიხედვით)
ანგელოზები (გ.გ. მარკესის მიხედვით)

‘’დღეს ფაქტობრივად დაიბადა ახალი მხატვარი. ის აქამდე იფინებოდა მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში, თითო ნამუშევრით, რაც სრულ წარმოდგენას არ ქმნიდა. გამოფენას ერთობლივად დავარქვით  “ეგზისტენციალური ხილვები’’ იმიტომ რომ ძალიან ძნელია რაღაც კონკრეტული სათაურით შემოიფარგლო. ის პრობლემატიკა რაც გურანდას აქვს, ეს არის მართლაც ეგზისტენციალური. ადამიანის ვნებათა ღელვა, სიხარული, ტკივილი, ყველაფერია ერთდროულად და არა ცალ­­–ცალკე. გურანდა არ არის კონცეპტუალური მხატვარი, მაგრამ თავისთავად კონცეფციაა მისი ხედვა სამყაროზე. გურანდა ძალიან ემოციური ნატურაა თავად, რაც კარგად ჩანს მე მგონი ამ გამოფენაზე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა, რადგან ახალი მხატვარი აღმოვაჩინე პირადად ჩემთვის,”- ამბობს გიორგი პაპაშვილი.

ევა და ადამი
ევა და ადამი

“შემოქმედება რომელიც გულგრილს არ დაგტოვებს’’, ასე შეაფასა ხელოვნებათმცოდნე, ანა კლდიაშვილმა გურანდა ქლიბაძის შემოქმედება.

 

მედეა და იასონი
მედეა და იასონი

“გურანდა ქლიბაძე არის მხატვარი, რომლის ნამუშევრების მიღმა დგას გარკვეული იდეა, პრობლემა, რომელსაც მხატვარი მხოლოდ შეკითხვის სახით გვაძლევს, პასუხი კი ჩვენ უნდა ვიპოვოთ. მისი ნამუშევრები ემოციურად იმდენად ძლიერად მოქმედებს, რომ გულგრილს არ დაგტოვებს და თუ მერე აცნობიერებ კიდეც თუ რა პრობლემასთან გაქვს შეხება, გაგყვება და შეიძლება პასუხიც იპოვო”,- უთხრა ნეტგაზეთს ანა კლდიაშვილმა.

სამოთხის ჩიტი
სამოთხის ჩიტი

 

გამოფენას სამი ქალაქი თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს. თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენის დათვალიერება 24 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

 

პროექტი “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი