იუნესკოს მიერ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად იყო გამოცხადებული. ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოფენა და შეხვედრა გაიმართა.
მწერალთა სახლს სურს, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ის მონაკვეთი შეახსენოს საზოგადოებას, რაც ნაკლებად იყო ამ გამოფენებზე წარმოდგენილი და რასაც საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა ამ დიდი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის.
ეს გახლავთ ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი მეუღლის ნინო პოლტორაცკაიას სიყვარულის ისტორია. 36 წლის მანძილზე ნინო პოლტორაცკაია მხარში ედგა სახელოვან მეუღლეს, ცდილობდა გაეთავისუფლებინა იგი ყოველდღიური საოჯახო საზრუნივასაგან, მიეცა მისთვის საშუალება, მთელი დრო და ენერგია სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დაეთმო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ცენტრში დაცული ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივის მასალები, ნინო პოლტორაცკაიას მიმოწერა ექვთიმე თაყაიშვილთან, ექვთიმეს წერილები იროდიონ სონღულაშვილისადმი, ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას ფოტოები , ნინო პოლტორაცკაიას პირადი დღიური (მხოლოდ ერთი დღით, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო საზოგადოების კოლექციიდან), ნინო პოლტორაცკაიას ხელნაკეთი ტილო და ბევრი სხვა საინტერესო ნივთი.