ხელოვნება

სვეტიცხოვლის საკონსერვაციო მდგომარეობის წინასწარი კვლევა სრულდება

17 დეკემბერი, 2013 •
სვეტიცხოვლის საკონსერვაციო მდგომარეობის წინასწარი კვლევა სრულდება

კვლევების შედეგად მიღებული მონაცემებით, შეირჩევა საუკეთესო მეთოდოლოგია მომავლში ინტეგრირებული საკონსერვაციო გეგმის და ადგილზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელებისთვის. სვეტიცხოვლის დიაგნოსტიკა და დოკუმენტაცია, რომელსაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი არქიტექტრული ძეგლების რესტავრატორები მოამზადებენ,  სვეტიცხოვლის ტაძარში ფიზიკური სამუშაოების დაწყების საფუძველი გახდება.    

 

პიზის კოშკის, კოლიზეუმის, ტრაიანეს ბაზრის, ნერონის სასახლის, ასიზის ბაზილიკის, აია სოფიასა და აქსუმის სტელას საკონსერვაციო სამუშაოების ავტორ პროფესორ ჯორჯიო კროჩთან და კრისტიანო რუსოსთან ერთად, მცხეთის და უშუალოდ სვეტიცხოვლის სანახავად საქართველოს ამჯერად იტალიის ძეგლების სარესტავრაციო კომპანიის პრეზიდენტი ატილიო ნავარა ესტუმრა.

 

რესტავრაციაში იტალიური სკოლის მთავარი პერსონები სვეტიცხოველში 17 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. დღის ბოლოს, 18:00 საათზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სვეტიცხოვლის საბოლოო კვლევისა და რეკომენდაციების გასაცნობად ქართველი სპეციალისტებისთვის  საჯარო პრეზენტაცია გაიმართება.  

 

“სვეტიცხოვლის ტაძრის კონსერვაციის გეგმის შემუშავება სრულად შეესაბამება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციებს (34COM7A.27; 32COM7B.90) და მიჩნეულია, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ დადგენილი გამოსასწორებელი ზომების შესრულების მიმართულებით”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის საკონსერვაციო მდგომარეობის წინასწარი კვლევა სტუდიო SPC-ის (s.r.l. Studio Progettazione e Controlli (SPC)) მიერ  2012 წელს დაიწყო. SPC გეოლოგიური და ქვის სტრუქტურის კვლევის დარგში მსოფლიოს ყველაზე მასშატბური და მნიშვნელოვანი პროექტების შემსრულებელია, რაც საქართველოს უძველესი საკათედრო ტაძრის ზუსტი საკონსერვაციო მეთოდოლოგიის განსაზღვრისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას და ტაძრის გადარჩენის გარანტს წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი