ხელოვნება

“ოქროს პრომეთესთვის” ათი ფილმი იბრძოლებს

28 ნოემბერი, 2013 •
“ოქროს პრომეთესთვის” ათი ფილმი იბრძოლებს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით, “შემთხვევითი პაემნები” გაიხსნება. 

 

“ძალიან  მიხარია, რომ იხსება ქართული ფილმით, ეს ერთგვარი ტრადიციაა,”- თქვა გაგა ჩხეიძემ, კინოფესტივალის გენერალურმა დირექტორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც წლევანდელი ფესტივალის შესახებ ისაუბრა. 

 

გაგა ჩხეიძე იმედოვნებს, რომ წლევანდელი ფესტივალი ვილნიუსში საქართველოს ევროკავშირში ასორცირების ხელშეკრულების პარაფირებას ეხმიანება, რადგან თბილისის კინოფესტივალის ყურადღების ცენტრში ევროპული კინო არის. 

 

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ დააფინანსა პროექტი “რეჟისორები საზღვრებს გარეშე”, რომლის ფორმატშიც ერთობლივი წარმოების შესახებ 2-დღიანი კონფერენცია გაიმართება. 

 

საერთასორისო საკონკურსო პროგრამაში 10 ფილმი მონაწილეობს: არჩილ ქავთარაძის “კომა”, მარია სააკიანის – “ეს მე არ ვარ”, “მაიორი”- იური ბიკოვის ფილმი, ანდრეა პალაოროს ნამუშევარი “მედეა”, მოთამაშე”- იგნას იონინასის სურათი, ერდემ ტეპეგოზის “ნაწილაკი”, “სექტემბერი”- პენი პანაიოტოპულის ფილმი, “ქალთა დღე” მარია სადოვკას ფილმი, ‘ქამელეონი”- რუფათ ჰასანოვი, ელვინ ადიგოზელი, “შემიყვარე” მარინა გორბაჩის ფილმი. 

 

ფესტივალის მთავარი პრიზები- “ოქროს პრომეთე” გამარჯვებულ ფილმს, ხოლო “ვერცხლის პრომეთე” გამარჯვებულ რეჟისორს გადაეცემათ. 

 

ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი მაიკლ ჰოფმანია. გაგა ჩხეიძის განცხადებით, ჰოფმანს, მისი ინიციატივით, სამი ახალაგაზრდა სცენარისტის ნამუშევარი გაუგზავნეს, რომელთა ავტორებს ის პირისპირ შეხვდება. 

 

ჟიურის სხვა წევრები ირანელი რეჟისორი სამირა მაჰმალბაფი, პოლონელი კინოკრიტიკოსი მათეუშ ვერნერი, ლასლო რაიკი – უნგრელი არქიტექტორი და კინოს მხატვარი, ქართველი მსახიობი გიორგი ნაკაშიძე არიან. 

 

კინოფესტივალზე “ქართული პანორამა” წინა წელს გადაღებული საინტერესო ფილმებს დაეთმობა. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ კინემატოგრაფისტებს, ფართო მაყურებლის წინაშე წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები.

 

ქართულ პანორამაში 16 ქართული ფილმი მონაწილეობს. სექციის გამარჯვებულ ფილმის რეჟისორი კანის 2014 წლის კინოფესტივალზე გაემგზავრება. ჯილდო “თი ბი სი ბანკმა” და საქართველოს ფრანგულმა ისნტიტუტმა დააწესეს. 

 

“ქართული პანორამის” ჟიურიში სამი წევრი შედის. კინოკრიტიკოსები, ულრიხ და ერიკა გრეგორები, ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის სექციის დამაარსებლები, და ჯოვანი სპანიოლეტი (კინოკრიტიკოსი, პეზაროს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი) არიან. 

 

კინოფესტივალზე ფარაჯანოვის სპეციალური პრიზია დაწესებული, რომელიც განსაკუთრებული ესთეტიკისთვის შერჩეულ ფილმს გადაეცემა. იგი ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის ფონდმა დააწესა. 

 

კინოფესტივალის დღეებში ჩანიშნულია მასტერკლასები, რომლებსაც უცხოელი კინოპროფესიონალები ჩაატარებენ.

 

მაიკლ ჰოფმანის მასტერკლასი ახალგაზრდა რეჟისორებისა და სცენარისტებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. 4 დეკემბერს, 13:30 საათზე ჩანიშნულ მასტერკლასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

 

უნგრელი ოპერატორის, ანდრაშ ნაგის მასტერკლასი რეჟისორისა და ოპერატორის თანამშრომობის საკითხებს განიხილავს. შეხვედრა 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება. 

 

ავსტრიელი კინორეჟისორი  ულრიხ ზაიდლი კინორეჟისორებისთვის კინოთეატრ “ამირანში” 5 დეკემბერს, 16:00 საათზე ჩაატარებს მასტერკლასს.

 

ისრაელის კინოცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, კატრიელ შორის მასტერკლასში, “იდეიდან პოსტერამდე” განხილული იქნება კინოს შექმნის პროცესი, როგორც კოლექტიური ხელოვნების ფორმა, რეჟისორისა და პროდიუსერის როლი ამ პროცესში, პარტნიორობა და დიალოგი მათ შორის. მასტერკლასი 5 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება. 

 

ნიკ ბრუმიფლდის მასტერკლასის მთავარი თემა დოკუმენტური კინოს რეჟისურა და არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობის თავისებურებები იქნება. ბრუმფილდთან შეხვედრა მსურველებს კინოთეატრ “რუსთაველში” 12 საათზე შეეძლებათ. 

 

ლასლო რაიკი, უნგრელი არქიტექტორი და კინოს მხატვარი, ბელა ტარის ფილმის, “კაცი ლონდონიდან” მიხედვით მასტარკლასს ჩაატარებს თემაზე “ქალაქის სივრცე, როგორც მანკიერი წრე-ვიზუალური დიზაინი. მასტერკლასი კინოთეატრ “ამირანში” 7 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება. 

 

გამარჯვებული ფილმი და რეჟისორი 7 დეკემბერს გამოვლინდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი